სიახლეები

ტურნირი მინი ფეხბურთში
2019-06-26 00:00:00

26 ივნისს მსოფლიო ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, კვირეულის #არგასინჯო ფარგლებში, „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის", არასამთავრობო ორგანიზაციების "ახალი ვექტორი" და “თანადგომა“, "ნარკოტიკების მომხმარებლები ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის“ (GeNPUD)-ის ორგანიზებით და „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის“ მხარდაჭერით ჩატარდა ტურნირი მინი ფეხბურთში, დევიზით:
"ჯანსაღ ცხოვრებას არ აქვს ალტერნატივა" .

 

ღონისძიების მიზანია: ნარკოტიკების მომხმარებლების, ახალგაზრდების, სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ერთიანი ძალისხმევით ნარკომანიასთან და თამბაქოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული ეფექტური ინსტრუმენტებით ბრძოლა - ცხოვრების ჯანსაღი წესი, ჯანდაცვა, განათლება, პრევენცია და ზრუნვა;

 

მონაწილე გუნდები: ქ. თბილისის მერია; ქ. თბილისი საკრებულო; ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი; ევროპის უნივერსიტეტი; .საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანი“, ა/ო ახალი ვექტორი“; „ქართული სპორტის ქომაგები“; „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონი“.
ტურნირი "ახალი ვექტორის" გუნდის გამარჯვებით დასრულდა, საუკეთესო ფეხბურთელს სპეციალური პრიზი „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის" გენერალურმა დირექტორმა ლაშა კილაძემ გადასცა.

ინტერაქტიული შეხვედრა სტუდენტებთან საინფორმაციო კამპანიის "არგასინჯო" ფარგლებში
2019-06-27 07:39:52

ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ორგანიზებით, საინფორმაციო  კამპანიის "არგასინჯო" ფარგლებში თსუ რექტორის მოადგილემ,  პროფესორმა ნინო ოკრიბელაშვილმა და ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნარკოლოგმა გური მენაბდიშვილმა სტუდენტებთან ინტერაქტიული  შეხვედრა გამართეს.

 

თსუ რექტორის მოადგილის, ნინო ოკრიბელაშვილის თქმით, აღნიშნული კამპანია არ იქნება ერთჯერადი ხასიათის და სამომავლოდ,  ნარკომანიის პრევენციისკენ მიმართული სხვადასხვა ტიპის ღონისძიება დაიგეგმება. „სტუდენტების ჩართულობას მსგავსი ტიპის ღონისძიებებში ძალზე სერიოზული დატვირთვა აქვს, რადგან სწორედ ახალგაზრდობიდან იწყება წამალთან და ნარკოტიკთან ურთიერთობა.  ჩვენ, ერთი მხრივ,  პროფესიული თემი ნარკოლოგებისა და ფსიქიატრების, მეორე მხრივ, აკადემიური თემი, როგორიცაა უნივერსიტეტის პროფესურა, ვიქნებით მობილიზებული იმისთვის, რომ  ვთქვათ ახალი სიტყვა, თუ რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ნარკოტიკთან ურთიერთობამ,“ - განაცხადა ნინო ოკრიბელაშვილმა.

 

ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნარკოლოგმა გური მენაბდიშვილმა სტუდენტების მიერ ნარკოტიკებთან დაკავშირებით დასმულ  კითხვებს უპასუხა. როგორც გური მენაბდიშვილი აღნიშნავს, ღონისძიების ინტერაქტიული ხასიათი მნიშვნელოვანია, რადგან სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ნარკოტიკებთან დაკავშირებით მიიღონ ინფორმაცია, არა მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, არამედ  ექიმი-ნარკოლოგისგან. იგი ასევე იმედოვნებს, რომ სამომავლოდ ამ ღონისძიებებში ის ადამიანებიც ჩაერთვებიან, რომლებიც   წლების განმავლობაში იყენებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. „პროფესიულ აზრს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ, საინტერესოა ჩართულობა იმ ადამიანების, რომლებიც ამ სფეროში მუშაობენ და ზუსტად იციან, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ზიანი ყოველდღიურობაში.    კარგი იქნება თუ აღნიშნულ ღონისძიებაში ჩართული იქნებიან ყოფილი მომხმარებლებიც და თუნდაც  დღეს დამოკიდებული ადამიანებიც, რადგან ყველაზე უკეთ მათ იციან რა ზიანი მოაქვს ნარკოტიკულ საშუალებებს,“ - ამბობს გური მენაბდიშვილი.

 

„ჩვენ ისეთ ასაკში ვართ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად ვიაზრებდეთ -  რა შეიძლება მოჰყვეს ნარკოტიკის მოხმარებას. არ ვთვლი, რომ ნარკოტიკის მოხმარების გამო ადამიანებს უნდა ვსვამდეთ ციხეში, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ზუსტად  იცოდეს, რა საფრთხეები შეიძლება გამოიწვიოს ნარკოტიკის მოხმარებამ.  მე თავად ვსწავლობ ოკუპაციურ თერაპიას, რაც ახლოს არის ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროსთან და ხშირად ვხვდები ისეთ პაციენტებს, რომლებსაც ფსიქიკური პრობლემები ექმნებათ ნარკოტიკის მოხმარების გამო,“- აღნიშნა თსუ სტუდენტმა ნათია გაბრავამ.

 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ღონისძიებაზე  თსუ სტუდენტებისთვის ასევე წარმოდგენილი იყო   საინფორმაციო  კამპანიის "არგასინჯო"  ფარგლებში მომზადებული ფილმი  ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანების შესახებ.

ბლოგი