სოფო მოსია

2019-11-06 13:16:57

როცა თამაში ხდება პრობლემა...

ფსიქოლოგის ბლოგი ქცევითი ადიქციის - თამაშებზე დამოკიდებულების შესახებ

 

კიდევ ერთი დაკარგული სიცოცხლე, ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის გადარჩენაც ვერ შევძელით, რომლის გადარჩენის საკითხი არც უნდა დამდგარიყო...

ახლახან, მსოფლიომ ფსიქიკური ჯანმრთელობის დღე სუიციდის წინააღმდეგ დიდი კამპანიით აღნიშნა, ბოლო სტატისტიკით, აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში, ყოველ 40 წამში 1 ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს, მათ შორის გარკვეული ნაწილი „ადიქციის“ მსხვერპლია.  ქვეყნის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, სამოქალაქო ომებით და ფორმაციის ცვლილებით ტრავმირებული საზოგადოება, ღია და ძალიან ხელმისაწვდომი სათამაშო ბიზნესი, ახალგაზრდულ ასაკში დიდი ცდუნებაა, რომლის გაძლება და გადალახვა დამოუკიდებლად ყველას არ შეუძლია. სახელმწიფოს მხრიდან სწორი და საჭირო პრევენციული ღონისძიებები, რაციონალური რეგულაციები, სათანადოდ მოწყობილი და განვითარებული გარემო, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება,  სწორად და პროდუქტიულად დაგეგმილი მედია კამპანიები, ღია და კვალიფიციური საუბრები პრობლემურ თემაზე, სპეციალისტთა მაღალი ჩართულობა, ხელმისაწვდომი სერვისები და ადამიანის რაციონალური რეალიზება/ფუნქციონირების ფართო შესაძლებლობები ის ძლიერი ფაქტორებია, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებდა მომავალი თაობების   რისკებს.

ქართველი მწერალი, რომელიც  ოპერატორ სანდროს გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება, წერს - „იქ სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი თავს კარ­გა­ვენ, სა­დაც სა­თა­მა­შო აპა­რა­ტებ­ზე ბოლო ჯეკპო­ტად თვით­მკვლე­ლის თოკი „ჯდე­ბა" - ხმა უნდა ამო­ვი­ღოთ“ - მინდა ჩემი ხმა მივაწვდინო ყველა ახალგაზრდას, არა აქვს მნიშვნელობა, რა ფორმითაა გამოხატული მათი ადიქცია, მათ მშობლებს, მეგობრებს, ახლობლებს, მეტი ყურადღებით მოეკიდეთ ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა ჯანმრთელობა, თავისუფლება.....

მაშინ, როცა თითქოსდა უცოდველი ქცევა, თამაში ხდება პრობლემა, შენ:

  • არ შეგიძლია ამ ქცევის გაჩერება - შესაძლებელია გაჩერდე გარკვეული დროით, მაგრამ მას ისევ და ისევ უბრუნდები, რასაც მოაქვს ფსიქოლოგიური, სოციალური და მატერიალური ზიანი;
  • არ შეგიძლია არ იფიქრო ამ ქცევაზე - როცა მოცემულ მომენტში ამ აქტივობას არ ახორციელებ, მუდმივად ფიქრობ მასზე. გაქვს მზაობა ჩაიდინო სარისკო და ექსტრემალური საქციელი (თუნდაც მოიპარო, იქურდო), იმისთვის რომ მაგალითად, თამაში გააგრძელო;
  • გაქვს ემოციების მართვის პრობლემა - პრობლემური ქცევა ანაცვლებს გადასაჭრელი საკითხების გადაწყვეტის სხვა უნარებს, ხდები მეტად მოწყვლადი სტრესისადმი, სულ უფრო რთული ხდება იმის განსაზღვრა, თუ რას გრძნობ სინამდვილეში.
  • ადიქტური ქცევა ხელს გიშლის ყოველდღიურ ცხოვრებაში და ურთიერთობებში. დროთა განმავლობაში შენი ქცევა აღარ ექვემდებარება შენს კონტროლს, შენი მთელი დრო და ფინანსები მიდის დამოკიდებული ქცევის შენარჩუნებაზე, სხვა საჭიროებების დაკმაყოფილების ნაცვლად. ახლობლები რჩებიან შენით იმედგაცრუებულნი და ნელნელა ეთიშები მათ.
  • სულ უფრო და უფრო ნაკლებად აცნობიერებ შენი პრობლემური ქცევის უარყოფით შედეგებს, ნაკლებად ამჩნევ, როგორ მოქმედებს ეს ქცევა შენს ცხოვრებაზე და გარშემომყოფებზე. ყველაზე მძიმე შედეგებიც კი, როგორიცაა ოჯახის დანგრევა, ახლობლის დაკარგვა, სამსახურის დაკარგვა, სასწავლებლიდან გამორიცხვა და სხვა, არ არის საკმარისი შენი მოტივირებისთვის, რომ გაჩერდე. როგორც წესი შენამდე, შენი ახლობელი ადამიანები ხვდებიან, რომ შენი ეს კონკრეტული ქცევა არის სერიოზული პრობლემა და რომ გჭირდება დახმარება.

 

რას წარმოადგენს ქცევითი დამოკიდებულება/ადიქცია?!

ტრადიციულად, ტერმინი „ადიქცია“  გამოიყენებოდა ნარკოდამოკიდებულებასთან  ან ალკოჰოლიზმის დაავადებასთან მიმართებაში. დღეს უკვე აღარავინ დავობს, რომ სხვადასხვა ქცევამაც შეიძლება გამოიწვიოს მიჩვევა, პრობლემური დამოკიდებულება და კვალიფიცირდეს, როგორც მძიმე პროგრესირებადი დაავადება, უფრო მეტიც, დღესდღეისობით უკვე არსებობს მკურნალობის მეთოდები ისეთი ქცევითი დარღვევების მიმართ, როგორიცაა ჭამაზე დამოკიდებულება,  აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, სექსუალური ადიქციები, გამალებით საყიდლებზე სიარული და ა.შ.

  ჩვეულებრივ, ყოველდღიურად, საუბრისას ადამიანები ხშირად გამოიყენებენ სიტყვა „დამოკიდებულებას“ „- შოკოლადის გარეშე ვერ ვძლებ, შოკოლადზე ვარ დამოკიდებული...“ ყური და ტვინი თითქოს შეჩვეულია ამ ბგერათა წყობას -„დამოკიდებულება“, თითქოს შესაბამისი ემოციური რეაქციაც აღარ გვაქვს საკითხის შინაარსზე, რაც ართულებს იმის გაგებას თუ სად გადის ზღვარი ჩვეულებრივ შოკოლადის სიყვარულსა და მისი პრობლემურ დონეზე მიღებას შორის, მასზე დამოკიდებულებას შორის. მით უმეტეს, რომ ზომიერების ფარგლებში, ადიქტური ქცევის უმრავლესობა საჭირო, აუცილებელიც და პოზიტიური დატვირთვისაა, მაგალითად როგორიცაა ჭამა, სექსი და თამაში თუნდაც, ბავშვისთვის.

 დამოკიდებულება, ადიქცია თავის ტვინის დისფუნქციას წარმოადგენს, რაც ცენტრალური ნერვული სისტემაში ბიოქიმიური ცვილებებით არის გამოწვეული, ეს არის ბიო-ფსიქო-სოციალურ-სულიერი დაავადება, რომელშიც ჩართულია ტვინის დამაჯილდოებელი სისტემა. კონკრეტულად, ქცევითი დამოკიდებულების განსაზღვრებაში ერთიანი შეთანხმება არ არსებობს, თუმცა ყველა თანხმდება იმაზე, რომ აზარტული თამაშისას ან ნებისმიერი სხვა ადიქტური ქცევის განხორციელებისას, ტვინის იგივე უბნები აქტიურდება, რაც ალკოჰოლის ან ნარკოტიკის მოხმარების დროს და მიზეზი, რის გამოც ადამიანი წამალთან დაუკავშირებელ ქცევაზე დამოკიდებული ხდება, იგივეა რასაც ის წამალდამოკიდებულებამდე მიყავს. ასევე, სპეციალისტები, რომლებიც უკვე დიდი ხანია აღნიშნულ პრობლემაზე მუშაობენ, აზარტული თამაშების აღკვეთის ისეთივე სიმპტომებს ასახელებენ, როგორიც არის ალკოჰოლზე ან ნარკოტიკებზე დამოკიდებულების დროს: მოუსვენრობა, გაღიზიანებადობა, ბრაზი, მუცლისა და თავის ტკივილი, დიარეა, ცივი ოფლი, უძილობა, ტრემორი, კეთილდღეობის დაკარგვის პათოლოგიური შიში და თამაშის ინტენსიური სურვილი.    შესაბამისად, პრობლემები, ნეგატიური შედეგები და მკურნალობის სპეციფიკაც, ყველა შემთხვევაში მსგავსია.

აზარტულ თამაშზე დამოკიდებულების დიაგნოზი ისმება, თუ ადამიანი, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ოთხს მაინც აკმაყოფილებს:

  • მოუსვენრობა და გაღიზიანება იმ დროს, როცა ადამიანი არ თამაშობს (თუ გადაწყვიტა, რომ აკონტროლოს თავისი ქცევა ან შეწყვიტოს ტამაში);
  • თამაშისთვის თავის დანებების რამოდენიმე წარუმატებელი მცდელობა;
  • გატაცება;
  • ხშირად თამაში, როცა თავს უბედურად ან ცუდად გრძნობს;
  • წაგებულ ფულზე გამოდევნება, აკვიატება, რომ თანხას ამოიღებს;
  • ხშირი ტყუილი და თამაშის ფაქტების დამალვა ახლობლებისთვის;
  • სოციალური და ფინანსური დანაკარგები;
  • სხვის იმედად ყოფნა ვალების გადასახდელად;
  • კომპულსური/უკონტროლო ლტოლვა.

 

ქცევითი დამოკიდებულება და სხვა ფსიქიკური პრობლემები:

 

ხშირად, ადამიანებს, რომლებსაც აქვთ რაიმე პრობლემური დამოკიდებულება, ასევე, აქვთ მინიმუმ ერთი ფსიქიკური პრობლემა/დარღვევა. სპეციალისტები ამას ორმაგ დიაგნოზს ან თანხლებ დაავადებას უწოდებენ. თანმხლები დარღვევების თანმიმდევრული, კომპლექსური მკურნალობა ბევრად ეფექტურია, ვიდრე დარღვევის ერთი კონკრეტული ფორმის.

კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც ებრძვიან ქცევით დამოკიდებულებას, მეტად მიდრეკილნი არიან ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე ან სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულებისკენ. სპეციელისტები, რომლებიც მუშაობენ ნარკოდამოკიდებულების მკურნალობის სფეროში, აღნიშნავენ, რომ დამოკიდებული პაციენტები ხშირად გადადიან ერთი დამოკიდებულების ფორმიდან მეორეზე - მაგალითად, შეიძლება შეწყვიტონ ალკოჰოლის პათოლოგიური მოხმარება, მაგრამ დაიწყონ გადაჭარბებული ჭამა ან აზარტული თამაშები და პირიქით. თუმცა ეს არ არის განაჩენი, მნიშვნელოვანია ის, რომ დაავადების ერთი კონკრეტული ფორმისგან განთავისუფლება/განკურნება, ამცირებს დამოკიდებულების მეორე ფორმის განვითარების ალბათობას, ვინაიდან საქმე გვაქვს მთლიანად დაავადებასთან, დამოკიდებულებასთან, ერთიან ადიქციასთან და არა მის ცალკეულ გამოვლინებასთან - ნარკომანიასთან, ლუდომანიასთან ან ალკოჰოლიზმთან, შესაბამისად მკურნალობა/რეაბილიტაციაც უნდა დაიგეგმოს კომპლექსურად, დამოკიდებულების მთლიანი პრობლემის გათვალისწინებით.

დღესდღეისობით, ჩვენს ქვეყანაში, უშუალოდ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების სამკურნალოდ არცერთი პრეპარატი არ არის ლიცენზირებული და მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობის პროცესში ფართოდ გამოიყენება ანტიდეპრესანტები და ლტოლვის საწინააღმდეგო მედიკამენტები, მკურნალობა და აღდგენა-გამოჯანმრთელება დიდ წილად ფსიქო-სოციალურ ასპექტებზეა დაფუძნებული. ძალზე ეფექტურია ფსიქოთერაპიის ისეთი მეთოდები, როგორიცაა კოგნიტურ-ბიჰევიორალური კონსულტირება, მოტივაციური ინტერვიუირება  და სხვა ქცევითი თერაპიები, ასევე, თვითდახმარების ჯგუფები.

რამდენადაც, ტვინის უჯრედი ერთადერთია ადამიანის ორგანიზმში, რომელიც სხვა უჯრედების მსგავსად ყოველ რვა დღეში ერთხელ მთლიანად არ იცვლება და სრულად არ განახლდება, რაც უფრო ადრე მოხდება პრობლემის აღიარება და დაავადების შეჩერება, მით უფრო ეფექტური იქნება მკურნალობა და მით უფრო უმტკივნეულოდ დაუბრუნდება ადამიანი სრულფასოვან ცხოვრებას!

 

გისურვებთ ჯანმრთელობას და სიმშვიდეს!

 

სტატიები ბლოგიდან

ნინო ოკრიბელაშვილი 2019-10-09 08:15:16

40 წამი მოქმედებისთვის...

სიკვდილი – სიცოცხლის გაგრძელებაა,  და რადგან იგი ბუნებრივად, ადამიანთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, გაურკვეველ დროს მოდის, საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა ბუნების კანონზომიერებებს არღვევს.

ანტიკურ ეგვიპტეში თვითმკვლელობა აღიარებული იყო გაუსაძლისი ყოფითი პირობებისაგან ხსნის გზად, რომის იმპერიაში, ეს ფენომენი თავისუფალი ადამიანის ღირსების ფინალურ აქტად ითვლებოდა. იაპონელები უდიდესი პატივისცემით ეკიდებიან რიტუალურ ხარაკირს, ხოლო ინდოელი ქალების თვითშეწირვა – სატი, მარადიული ერთგულების სიმბოლოა. სუიციდი ეწინააღმდეგება როგორც იუდაიზმის, ბუდიზმის, ასევე ისლამის ბაზისურ პრინციპებს. ქრისტიანული ტრადიციებით, სიცოცხლე ღვთის წყალობაა, უფლის ნების დარღვევა კი – უდიდესი ცოდვა... სუიციდის მიმართ დამოკიდებულება იცვლებოდა კულტურიდან კულტურაში, ეპოქიდან ეპოქამდე. თითქმის ყველა კულტურაში კამათობენ სუიციდის ფილოსოფიურ არსზე უფრო მეტად, ვიდრე გამომწვევ მიზეზებზე.