სტრესი და მისი მართვა

2020-03-24 09:42:20

თანამედროვე გარემოში, სადაც, შესაძლოა, სტრესი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილიც იყოს, იქნება ეს სამსახურებრივი, პირადი, თუ უფრო გლობალური, ხშირად ძნელია სიმშვიდის შენარჩუნება. მიუხედავად იმისა, რომ საპასუხო რეაქცია სტრესზე ბუნებით და გენეტიკურად ჩვენს ორგანიზმში კოდირებული ადაპტაციური მექანიზმების ჩართვითაა განპირობებული (რაც საფრთხის შემცველ სიტუაციაში განსაკუთრებით მობილიზებულს და ბრძოლისუნარიანს გვხდის),  ქრონიკულ სტრესს ძალუძს ამ მექანიზმების გამოფიტვა, რაც საბოლოოდ უარყოფითად აისახება პიროვნების, როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და რიგ უარყოფით, არასასურველ შედეგებს იწვევს.

 

სტრესი  - როგორც ადაპტაციური მექანიზმი, პირველად კანადელმა ფიზიოლოგმა და ენდოკრინოლოგმა ჰანს სელიემ შეისწავლა. სტრესი არის ორგანიზმის რეაქცია გარემო პირობების ნებისმიერი ტიპის ცვლილებაზე, რომელთანაც მორგება და შეგუებაა საჭირო. ტერმინი ინგლისურ ენაში წნეხს, ზეწოლას ნიშნავს, რაც თავის მხრივ ლათინური სიტყვა Strictus - დან მომდინარეობს და მკაცრის აღსანიშნავად გამოიყენებოდა.

 

სხვაგვარად, სტრესი არის მდგომარეობა, რომელიც რთული სიტუაციის საპასუხოდ წარმოიშობა. ამ დროს ადამიანი ისეთ პრობლემას ეჯახება, რომლის გადაჭრა მის ფსიქკურ და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს აღემატება.

 

მექანიზმი: ინფორმაციას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ჩვენი თავის ტვინი გადაამუშავებს და იწყებს სათანადო იმპულსების გზავნას, პროცესში ერთვება ჰიპოთალამუსი, ჰიპოფიზი და თირკმელზედა ჯირკვლები, სწორედ აქ გამომუშავდება სტრეს ჰორმონები, მათ შორის  - ადრენალინი, რომელიც ჩვენი სხეულის მობილიზებას უზრუნველყოფს. სტრესულ რექაციაზე ჩვენი ორგანიზმი რეაგირებს გულისცემის აჩქარებით, არტერიული წნევის მატებით, სუნთქვის გახშირებით, სისხლის ნაკადის გაძლიერებით თავის ტვინის მიმართულებით, ერთი სიტყვით გვამზადებს, რათა სტრესულ მდგომარეობას გაქცევით და განრიდებით, ან პირიქით, მოქმედებით და აღნიშნული სიტუაციის დაძლევით ვუპასუხოთ.

 

ზოგიერთი ადამიანი სტრესს საკმაოდ ადვილად იტანს, მეცნიერების აზრით, ამას მათი ფიზიკური მომზადება, სოციალური მხარდაჭერა (ოჯახი, მეგობრები), აგრეთვე სიტუაციის კონტროლის უნარი, გამბედაობა და თავდადება განაპირობებს.

 

გახანგრძილვებულმა სტრესმა შესაძლოა გააუარესოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ქრონიკული ანთებითი პროცესები ორგანიზმში, გახდეს ინსულტის ან ინფარქტის მაპროვოცირებელი. გარდა ამისა ქრონიკულ სტრესს და ორგანიზმის გამოფიტვას შესაძლოა მოჰყვეს სხვა მთელი რიგი დაავადების გაღრმავება, იქნება ეს დიაბეტი, ალერგიები, წყლულები თუ ფსიქიკური აშლილობები.

 

სტრეს-ფაქტორები:

 

  • რთული სამუშაო პირობები, გათავისუფლების საფრთხე, ფინანსური პრობლემები
  • სირთულეები პირად ცხოვრებაში (დაშორება, საყვარელი ადამიანის დაკარგვა)
  • სომატური ჯანმრთელობის პრობლემები
  • ბუნებრივი კატასტროფები, კატაკლიზმები, ეპიდემიები და ა.შ.

 

სტრესის მართვის ხერხები:

 

  • რელაქსაცია, სუნთქვითი ვარჯიშები, ფოკუსირება დადებით ფიქრებზე
  • ფიზიკური ვარჯიში, სრულფასოვანი კვება
  • ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობა

 

გახსოვდეთ, რომ თუ თავად ვერ უმკლავდებით ქრონიკულ სტრესს, მუდმივი შფოთვისა და დაძაბულობის შეგრძნებას, დროულად უნდა მიმართოთ სპეციალისტს.

 

დაუშვებელია:

 

  • ალკოჰოლით ან რაიმე ფსიქოაქტიური ნივთიერებებით თრობაში „შვების“ ძიება
  • თვითნებურად, არასპეციალისტი ახლობლის მიერ ნარჩევი სამკურნალო პრეპარატის მიღება

 

და ბოლოს გვახსოვდეს, რომ დღესდღეობით, როცა მოსახლეობა დაზაფრულია კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული მდგომარეობით, უნდა მოვიკრიბოთ ენერგია, საღი აზრი, შევეცადოთ არ ავყვეთ პანიკას, რადგან ეს უკანასკნელი ხშირად არანაკლებ გადამდებია და სრულ დემობილიზაციას იწვევს.

 

დავიცვათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, დავუთმოთ ყურადღება პირად ჰიგიენას, საკუთარ ჯანმრთელობას, საეჭვო სიმპტომების გამოვლენისთანავე ვაცნობოთ ჯანდაცვის სპეციალისტებს. მათთვის კი,  ვინც თვითიზოლაციასა თუ კარანტიში იმყოფება, სოციალური ქსელებითა თუ მობილური ოპერატორების მეშვეობით გვქონდეს კავშირი ჩვენს საყვარელ ადამიანებთან, ახლო დისტანციიდან „სიყვარულის“ ახსნისგან დროებით შევიზღუდოთ თავი, არ ვუყუროთ უარყოფითი შინაარსის ფილმებს, ვიკითხოთ სასიამოვნო ლიტერატურა და შეძლებისდაგვარად დავკავდეთ ფიზიკური აქტივობით. ხანდახან „იძულებითი“ შვებულებაც ორგანიზმის და ფსიქიკის დასვენების და განტვირთვის საშუალებაა. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, საკუთარს და სხვისას!

 

P.S. და თუ მაინც გიჭირთ სტრესთან გამკლავება, ფსიქოლოგი გისმენთ! - www.addiction.ge  ყოველ საღამოს 7 საათიდან 10 საათამდე უფასო ონლაინკონსულტაცია სპეციალისტთან.

სტატიები ბლოგიდან

40 წამი მოქმედებისთვის... 2019-10-09 08:15:16

ნინო ოკრიბელაშვილი

სიკვდილი – სიცოცხლის გაგრძელებაა,  და რადგან იგი ბუნებრივად, ადამიანთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, გაურკვეველ დროს მოდის, საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა ბუნების კანონზომიერებებს არღვევს.

ანტიკურ ეგვიპტეში თვითმკვლელობა აღიარებული იყო გაუსაძლისი ყოფითი პირობებისაგან ხსნის გზად, რომის იმპერიაში, ეს ფენომენი თავისუფალი ადამიანის ღირსების ფინალურ აქტად ითვლებოდა. იაპონელები უდიდესი პატივისცემით ეკიდებიან რიტუალურ ხარაკირს, ხოლო ინდოელი ქალების თვითშეწირვა – სატი, მარადიული ერთგულების სიმბოლოა. სუიციდი ეწინააღმდეგება როგორც იუდაიზმის, ბუდიზმის, ასევე ისლამის ბაზისურ პრინციპებს. ქრისტიანული ტრადიციებით, სიცოცხლე ღვთის წყალობაა, უფლის ნების დარღვევა კი – უდიდესი ცოდვა... სუიციდის მიმართ დამოკიდებულება იცვლებოდა კულტურიდან კულტურაში, ეპოქიდან ეპოქამდე. თითქმის ყველა კულტურაში კამათობენ სუიციდის ფილოსოფიურ არსზე უფრო მეტად, ვიდრე გამომწვევ მიზეზებზე.