სიყვარულის გაკვეთილები

2019-09-09 11:30:36

სიყვარულის გაკვეთილები

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ნინო ოკრიბელაშვილი

ზღვისპირა ქალაქი... ჩამავალი მზის სხივები უხილავ ბადეში ახვევს პოლიტიკური ორომტრიალიდან სანაპირო ბულვარში განრიდებულ სრულიად უცნობ ადამიანებს და ჩემს მზერას აღარ ეპარება კუპიდონის ცელქობანი... რა არის ეს - უდავოდ რომანტიკული საკურორტო რომანი თუ ჭეშმარიტ გრძნობასთან ზიარება? ამას დრო განსჯის...

ყოველი ადამიანს უდგება ჟამი, როცა იწყებს ფიქრს, თუ რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მის ცხოვრებაში. Yყოველი მეორე აღმოაჩენს, რომ  სიყვარული!
სიყვარული უნივერსალურია, ვზრუნავთ და მზრუნველობენ, უანგაროდ გავცემთ და მოგვეცემა, წრფელი გულით გვიყვარს და ვუყვარვართ... დიახ, ჩვენ,  რომანტიკოსებს, განსაკუთრებულად გვჭირდება ემოციური აღმაფრენა, ყოველდღიური განცდებისა და გამოცდილების გაზიარება ჩვენი ცხოვრების გარკვეული ეტაპის თანამგზავრთან, რომელიც ათასობით სხვათაგან, ასე უცნაურად გამოგვირჩევია. სასიყვარულო თამაშები ხომ მოულოდნელად იწყება – ხან უსაზღვრო ვნებათაღელვით, ხანაც გაწონასწორებული მეგობრობით შემოიჭრება ერთფეროვან ყოფაში... შემდეგ კი ურთიერთობაში ჩნდება მიჯაჭვულობა, კომფორტის შეგრძნება და უსაფრთხოების განცდა.… დროთა განმავლობაში სიყვარულმა შეიძლება ხიბლი დაკარგოს, რადგან ვნება ნავლდება, იკარგება თავგანწირვა და  ურთიერთობებში ნაცრისფერი მოწყენილობა იბუდებს. თუ საყვარელი ადამიანი შენი ცხოვრების მიზანსცენიდან გადის, ჩნდება ტკივილი, პირდაპირპროპორციული იმ უდიდესი ბედნიერებისა და ნეტარებისა, რასაც გრძნობამ გვაზიარა. გრჩება განცდა, რომ სიყვარული მოკვდა.
თავბრუდამხვევ ცხოვრებისეულ რიტმს აყოლილებს, ალბათ, გვავიწყდება, რომ სიყვარულს სწავლა და შემდეგ მოვლა სჭირდება და ეს ბალღობის ასაკიდანვე უნდა ვისწავლოთ და ვასწავლოთ. განათლება კი იწყება მაშინ, როცა ხელში აგვყავს, ვეფერებით, ვანანავებთ პატარას. სკოლამდელ ასაკამდე მან უკვე იცის, რა არის მშობლების სიყვარული და პირველ გაწბილებასაც მაშინ შეიმეცნებს, როცა აღმოაჩენს, რომ არ შეიძლება დედაზე ან მამაზე დაქორწინება. 6-12 წლამდე ჩვენ უფრო მეტს ვიგებთ სიყვარულის ავან-ჩავანზე, რადგან თანდათან ცხოვრება ივსება თანატოლებით, რომლებსაც მეგობრებს ვუწოდებთ. ბობოქარი მოზარდობის ხანაში კი განუზომელი ლტოლვა ჩნდება საპირისპირო სქესის მიმართ და აი, ჩვენს ოცნებებში, ფანტაზიებში პირველი სასიყვარულო "გამოცდილების" ხატი აკიაფდება პოპულარული მომღერლის, მსახიობის ან მასწავლებლის სახით. რეალურ სამყაროში გადაბიჯებას რეალურ გულისწორთან შეხვედრა მოჰყვება და ჩნდება საერთო ინტერესები, ყალიბდება საერთო მეგობრების შედარებით ვიწრო წრე და რამდენიმე რჩეული ერთად ატარებს თავისუფალ დროს... პირველი სქესობრივი კონტაქტები, როგორც წესი, ხანმოკლეა და ზედაპირულ ურთიერთობებს მოჰყვება. რაღა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია კულტურული ფაქტორიც – არადასავლური საზოგადოება ტრადიციული ქალწულობის ინსტიტუტითა და ფასეულობათა განსხვავებული სისტემით, დღემდე ვერ იღებს ან ძნელად ეგუება ქორწინებამდე ურთიერთობებს, რომელიც დასავლურ ცივილიზაციაში საშუალოდ 12-14 წელი გრძელდება. და, თუ ეს პერიოდი ნორმალურად გადაილახა, იგი უდიდესი გამოცდილების მომცემია. ადამიანი სწავლობს, როგორ აირჩიოს და მიიზიდოს ის მეორე, განსაკუთრებული; როგორ გამოხატოს სიყვარული, გაუზიაროს გრძნობა, ჩაწვდეს სხვათა გრძნობების სიღრმეს, გაუმკლავდეს მარტოობას, დაშორდეს ისე, რომ არ წალეკოს ბრაზმა და საკუთარი უღირსობის განცდამ... როგორც წესი, ყოველი ახალი სიყვარული, ურთიერთობა უფრო ღრმა და რეალისტური უნდა იყოს, მაგრამ გამონაკლისი, სამწუხაროდ, უფრო მეტია. ამ გამოცდილების გარეშე კი, ძალზე რთულია ცხოვრების თანამგზავრის არჩევა და მასთან ურთიერთობების ხანგრძლივი შენარჩუნება, ამიტომაც თინეიჯერთა უმრავლესობის ჰორმონალური ქორწინებები ფიასკოთი მთავრდება.
ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ, ზოგადად, სიყვარული მხოლოდ 4 წელს გრძელდება ანუ ადამიანის განვითარების ეტაპების ანალოგიურად მას, პატარა ბავშვის მსგავსად, დრო სჭირდება, რათა დამოუკიდებელი სიარულიდან სირბილზე გადავიდეს და თვალსაწიერის გაფართოებაზე იზრუნოს. როცა ძველი პარტნიორის მიმართ მიზიდულობა იკლებს, ახალი აღტყინების ძიებაში ახალი გატაცებები და ურთიერთობები ჩნდება...

იელის უნივესიტეტის პროფესორის, რობერტ შტენბერგის მოსაზრებით, სიყვარულს სამი კომპონენტი ახასიათებს: ინტიმურობა, რაც ამ კონტექსტში, თანამოაზრეობას, ურთიერთპატივისცემასა და გადაჯაჭვულობას უფრო ნიშნავს, და თანდათან მეგობრობის მსგავს ემოციურ-ინტერპერსონალურ ურთიერთობაში გადაიზრდება; ვნება – მოულოდნელად განვითარებული სექსუალური ლტოლვა, რომელიც,Gროგორც წესი, წლების შემდეგ სუსტდება და სტაბილური ხდება; თავდადება-ერთგულება, რასაც საბოლოოდ მივყავართ სრულიად გაცნობიერებულ გადაწყვეტილებამდე, სამუდამოდ დავუკავშიროთ მეორე ადამიანს ჩვენი ცხოვრება და მის გვერდით ვიყოთ ჭირსა და ლხინში.
სისტემატიზაციისა და კლასიფიკაციის მიმართ მეცნიერთა ისტერია, რაღა თქმა უნდა, გრძნობების სფეროსაც შეეხო. და აი, ისინი იწყებენ საუბარს სიყვარულის “სტატისტიკურად დასაბუთებულ”  ნაირსახეობებზე.
•    რომატიკული სიყვარულის დროს მუდამჟამ საყვარელ ადამიანზე ფიქრებით ვართ მოცულნი, უპირატესად ვეჭვიანობთ, სექსუალურად გვიზიდავს ფიზიკური მონაცემები და არა პარტნიორის "შინაარსი", ვაგებთ არარეალურ გეგმებს, ვეგუებით აბსოლუტურად ყველაფერს, გვჭირდება მუდმივი დარწმუნება, რომ საპასუხოდ ვუყვარვართ. მსგავსი სიყვარული, სამწუხაროდ, სიცოცხლისუუნაროა და რამდენიმე თვეში კვდება.
•    საუკეთესო მეგობარი ანუ ისეთი სიყვარული, როცა მეგობრობა სიყვარულში გადაიზრდება. ერთის მხრივ, მსგავსი ურთიერთობა მომხიბლავია, იგი შინაგან სიმშვიდეს, კომფორტს გვპირდება, რადგან თავბრუდამხვევი ტემპით არ ვითარდება, ნდობაზეა აგებული და მისთვის უცხოა მძაფრი ვნებათაღელვა და მრავალფეროვანი სექსუალური აკვიატებები.
•    არაეგოისტული სიყვარულისას ერთმანეთს გადაეჯაჭვება ერთგულება და მსხვერპლად შეწირვის კეთილშობილური იდეა. შეყვარებული ადამიანი ნაზი, მზრუნველია, ყოველივეს უანგაროდ გასცემს და საკუთარ თავზე საკუთარი ნებით აღებულ მოვალეობებს უკიდურესი პასუხისმგებლობით ეკიდება.
•    ლოგიკური სიყვარულისას პიროვნება ძალზე ფრთხილია პარტნიორის შერჩევისას. ლოგიკური ძიება ხანგრძლივია და "შრომატევადი", რადგან  ვეძებთ არამარტო ჰარმონიულ პიროვნებას, არამედ საერთო ფასეულობებს, ხანგრძლივ ინტერესებსა და მიზნებს. ეს პროცესი განსაკუთრებით რთულდება, როცა ვცდილობთ, რომ სულიერ მხარეს ფიზიკური იდეალიც მოვარგოთ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ იპოვნეთ ადამიანი თანმხვედრი ინტერესებით, მსგავსი განათლებითა და რელიგიური აღზრდით, მაგრამ მისი სხეულის ზოგიერთი სპეციფიკური მახასიათებლები თქვენს იდეალს არ მიესადაგება...
•    სიყვარული აზარტულ თამაშადაც ქცეულა ბევრისათვის და ამდენად, ღრმა და სტაბილურ ემოციურ განცდას მოკლებულია.  მხიარულ, მომხიბლავ პარტნიორს მოსწონს ფეიერვერკული პაემანი, ყოველთვის მაცდური და ცვალებადია, მაგრამ არასდროს მალავს, რომ ხანგრძლივი ურთიერთობისათვის დაბადებული არ არის.
•    "მესაკუთრის" გრძნობები სატანჯველად ექცევა სიყვარულის ობიექტს. სურვილი და მცდელობა, აკონტროლოს მეორე, ზღვარგადასულ მანიპულირებამდე მიდის ხოლმე. იგი პიგმალიონივით საკუთარ გალათეას ქმნის და შეიძლება ავადაც გახდეს ან უამრავი სისულელე ჩაიდინოს, როდესაც დაშორების საფრთხეს შეიგრძნობს.
ემოციათა სიღრმე, მათი გამოვლინება ყველას ინდივიდუალური გვაქვს და ერთ თარგზე მოჭრილი პერანგებივით ვერ დავემსგავსებით ერთმანეთს. ამიტომაც თითოეული ჩვენთაგანი, ბევრად თუ ცოტად მაინც, ზემომოყვანილი სიყვარულის მოდელებიდან, ნებით თუ უნებლიედ, ერთ-ერთს ვირჩევთ.
და მაინც, რომელი სახის სიყვარულის კომბინაციაა იდეალური? როგორც ჩანს, საუკეთესო პრინციპებზე - მეგობრობა და ლოგიკა, აგებული სიყვარული ყველაზე ხანგრძლივი და ჰარმონიულია. განსაკუთრებით სახიფათოა, როცა რომანტიკული სიყვარული მეგობრობის პრინციპებზე აგებულ ურთიერთობას აწყდება, რადგან პარტნიორები გრძნობებს სულ სხვადასხვა რეგისტრში ავლენენ. თუ რომანტიკოსს სანთლის ციაგში მხოლოდ ორისათვის გაწყობილი მაგიდა ხიბლავს, "მეგობარი" კმაყოფილდება სახლში გატარებული მშვიდი საღამოთი, რომელსაც საყვარელი ადამიანის გვერდით წიგნის კითხვაში გაატარებს. ერთ რომანტიკოსს მეორე რომანტიკოსის ფანტაზიების დაკმაყოფილებაც კი უჭირს: წლების შემდეგ, როცა ლტოლვა და ძიება იკლებს, ისინი თავს უბედურად გრძნობენ.  საკმაოდ ხშირია კონფლიქტი, როცა წყვილს ქმნიან "მესაკუთრე" და "მეგობარი", პირველი – ქაოტური, მეორე კი - საკმაოდ მარტივი ურთიერთობებში.
და ბოლოს, ამბობენ, ქალს და მამაკაცს განსხვავებულად უყვართო. როგორც ჩანს,  ქალებს უფრო ხშირად და უფრო ღრმა გრძნობა ეუფლებათ, არიან ეიფორიულნი, ყვირილი სურთ, მზად არიან ადრე დაქორწინდნენ, ცალმხრივად უყვართ, ფიქრობენ, რომ სიყვარული საჩუქარია და მამაკაცებისაგან განსხვავებით, პარტნიორის იდელიზაციას ახდენენ. მაგრამ, ამავე დროს,  პარტნიორთან დაშორებას მამაკაცები უფრო მწვავედ განიცდიან. D თუ ყოველ მეორე ქალს,  საშუალოდ 20 პაემანი სჭირდება, რომ გადაწყვიტოს – უყვარს თუ არა, ყოველი მეოთხე მამაკაცი მე-4 შეხვედრაზე უკვე შეყვარებულია თავდავიწყებით.
და, მთავარი, როგორ ვპოულობთ გულისსწორს? ანთროპოლოგ დევიდ გივენს მიაჩნია, რომ სიყვარულის უხილავი სიგნალები ჩვენი ტვინის პრიმიტიულ უბნებშია გაბნეული... და, როგორც კი მიზიდულობის ობიექტი კონკრეტულ სამიზნედ იქცევა, სახის გამომეტყველებით, იქნება ეს ღიმილი თუ მორცხვად დახრილი მზერა, განსაკუთრებული მანერულობით – შეხებით, თვალის თვალში გაყრით, გავცემთ უთვალავ სასიყვარულო იმპულსებს, რაც ნიშნავს: "მომიახლოვდი  - ზიანს არ მოგაყენებ"... დიახ, მიუხედავად არაერთი დაკვირვებისა და კვლევისა, უნდა ითქვას, რომ ჩვენ პარტნიორს იმპულსურად, ინტუიციურად ვპოულობთ და შემდეგ თვეებს ვანდომებთ იმაზე ფიქრს, თუ რატომ გავაკეთეთ ასეთი არჩევანი? და აღმოვაჩენთ, რომ უბრალოდ, შეგვიყვარდა...

Posts from blog

ხათუნა თოდაძე 2019-10-17 12:21:12

მარიხუანა მედიცინის თვალთახედვით

შეულამაზებელი ფაქტები

უკანასკნელ ხანს კანაფის მოხმარებაზე კონტროლი მთელ მსოფლიოში შერბილდა და მისი პროდუქტები უფრო ხელმისაწვდომი გახდა. კანაფის პროდუქტების მიმართ საზოგადოების ლოიალურობამაც მოიმატა.
ამ თემის შესახებ მრავალი არაერთგვაროვანი, ხშირად ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ქვეყნდება. იმის გასაგებად, რაზე მეტყველებს სამეცნიერო მონაცემები, რა გავლენას ახდენს მარიხუანა ადამიანის ჯანმრთელობაზე ან მართლა შეუძლია თუ არა მისთვის სიკეთის მოტანა, ექიმი-ნარკოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, თსსუ-ის ნარკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვიცე-რექტორი, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოადგილე ხათუნა თოდაძე გვესაუბრა:

ნინო ოკრიბელაშვილი 2019-10-09 08:15:16

ნინო ოკრიბელაშვილი
40 წამი მოქმედებისთვის...

სიკვდილი – სიცოცხლის გაგრძელებაა,  და რადგან იგი ბუნებრივად, ადამიანთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, გაურკვეველ დროს მოდის, საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა ბუნების კანონზომიერებებს არღვევს.


ანტიკურ ეგვიპტეში თვითმკვლელობა აღიარებული იყო გაუსაძლისი ყოფითი პირობებისაგან ხსნის გზად, რომის იმპერიაში, ეს ფენომენი თავისუფალი ადამიანის ღირსების ფინალურ აქტად ითვლებოდა. იაპონელები უდიდესი პატივისცემით ეკიდებიან რიტუალურ ხარაკირს, ხოლო ინდოელი ქალების თვითშეწირვა – სატი, მარადიული ერთგულების სიმბოლოა. სუიციდი ეწინააღმდეგება როგორც იუდაიზმის, ბუდიზმის, ასევე ისლამის ბაზისურ პრინციპებს. ქრისტიანული ტრადიციებით, სიცოცხლე ღვთის წყალობაა, უფლის ნების დარღვევა კი – უდიდესი ცოდვა... სუიციდის მიმართ დამოკიდებულება იცვლებოდა კულტურიდან კულტურაში, ეპოქიდან ეპოქამდე. თითქმის ყველა კულტურაში კამათობენ სუიციდის ფილოსოფიურ არსზე უფრო მეტად, ვიდრე გამომწვევ მიზეზებზე.

როდის დგება ის საზარელი 40 წამი, როცა ადამიანი თვითმკვლელობის გადაწყვეტილებას იღებს?

ხშირად სუიციდი პროტესტია სახელწიფოს მიმართ და თვითშეწირვის აქტით თვითმკვლელი-ტერორისტი გარკვეული პოლიტიკური ან სოციალური იდეების დეკლარირებას ახდენს. კაცობრიობის ისტორიაში აღწერილია რამდენიმე ჯგუფური თვითმკვლელობა (მაგ., ჩვენი წელთაღრიცხვით 73 წელს, მასადში რომაელ დამპყრობთა მიმართ პროტესტის ნიშნად 960 ებრაელის თვითმკვლელობა), მაგრამ არსით იგი მაინც ინდივიდუალური აქტია. ამდენად, სუიციდის, როგორც ფენომენის, უკან ყოველთვის დგას კონკრეტული ადამიანი - რეალური პრობლემებითა და გამოსავლის ძიების მისეული ხერხით.
დღეს ხშირად საუბრობენ ბიოლოგიური ფაქტორებით დეტერმინირებულ სუიციდზე და ამ მოსაზრების სასარგებლოდ, არსებობს კიდეც გარკვეული სტატისტიკური მონაცემები. მაგალითად, თვითმკვლელობა ერნესტ ჰემინგუეის ოჯახში თითქმის ყველა თაობაშია დაფიქსირებული (მწერლის ბაბუა, მამა, და-ძმა და შვილიშვილი). მაგრამ, სანამ “სუიციდის გენის” ძებნის ჟინით ავენთებით, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ პიროვნება შესაძლოა გენეტიკურად წინასწარგანწყობილი იყოს ზოგიერთი ფსიქიკური აშლილობის მიმართ (დეპრესია, შიზოფრენია, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია), რაც, თავის მხრივ, სუიციდის ალბათობას ზრდის. ასევე ცნობილია, რომ თვითმკვლელებს უმთავრესად ხასიათის გარკვეული პათოლოგია გააჩნიათ, რაც მათ საშუალებას არ აძლევთ დაძლიონ ცხოვრებისეული პრობლემები, კრიზისული სიტუაციები.

არც თუ იშვიათად, პიროვნება სუიციდურ გადაწყვეტილებას ისტორიულად ჩამოყალიბებული ეთნიკური ჯგუფის ტრადიციების გავლენით იღებს. ამ კონტექსტში, წლების წინ, ქართული ეთნოსის პოზიციას მე განვიხილავდი გენიალური რუსთაველის სიტყვებით: `სიკვდილამდე ვის მოუკლავს თავი კაცსა გონიერსა~ და მიმაჩნდა, რომ ქართულ ლიტერატურულ მემკვიდრეობაში აღწერილი თვითმკვლელობის აქტები ჩვენი საზოგადოებისათვის ტიპიური არ იყო. მართლაც, ძველი ტრადიციებით ორგანიზებულ პოპულაციაში ძლიერი ოჯახის ინსტიტუტი ის დამცველი მექანიზმია, რომელიც სოციუმის ყოველ წევრს კრიზისულ მდგომარეობაში სათანადო მხარდაჭერას გაუწევს.

ტრადიციული კულტურის დაკარგვასა და სოციალურ მარგინალიზაციას მოსახლეობის ფართო ფენებში მოჰყვა აგრესიულობა, ცინიზმი და ერთგვარი ნიჰილიზმი, რაც აღრმავებს დეპრესიულ ემოციურ ფონს, ამძაფრებს სულიერი ტკივილის აუტანელ გრძნობას, საზოგადოებიდან გარიყულობის სუბიექტურ განცდას, გამოუვალობისა და უსუსურების შეგრძნებას. საბოლოოდ, ინტრაფსიქიკური კონფლიქტის დაძლევაში ხელმოცარული, სასოწარკვეთილი ადამიანი, მიდის დასკვნამდე, რომ სიკვდილი - პრობლემების გადაჭრის ერთად-ერთი გზა თუ არა, გარშემომყოფთა ყურადღების მიპყრობის საშუალება მაინც არის.  
თვითდესტრუქციული ქცევის განსაკუთრებული სახეა ე.წ. “სიმბოლური სუიციდი”, რომელიც შენელებული ნაღმის პრინციპით მოქმედებს. გადაულახავ ბარიერებთან, დაუძლეველ პრობლემებთან ბრძოლაში ფსიქოლოგიურად დამარცხებული ადამიანი მნიშვნელოვნად უცვლის სახეს საკუთარ ქცევას: სვავს, ეწევა, ეტანება ნარკოტიკს, ეძალება საჭმელს, გაუმართლებელ რისკზე მიდის, დროს სამსახურში კლავს, და სრულიად ვერ აცნობიერებს სიკვდილისაკენ საკუთარ ლტოლვას.

და ბოლოს, საქართველოში თვითმკვლელობის შემთხვევათა მატებას, ჩემი აზრით, ასევე უწყობს ხელს ჩვენს საზოგადოებაში სუიციდის შესახებ გამეფებული რამდენიმე მცდარი მოსაზრება. რატომღაც დარწმუნებულნი ვართ, რომ ადამიანი, რომელიც თვითმკვლელობაზე საუბრობს, არასდროს მიმართავს სუიციდს. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ წუთისოფლის არარაობის პასიური გააზრება, რომელსაც ზოგჯერ პიროვნება ერთგვარი ბანალური ფრაზებით წარმოაჩენს (`ცხოვრებამ ფასი დაკარგა, უაზროა~, `მე ვინღა დამიტირებს~), შეფარული დეპრესიული ფონის არსებობაზე მიუთითებს. ასევე არ არის მართებული აზრი, რომ თვითმკვლელს უფლება აქვს სიცოცხლე დაასრულოს მაშინ, როცა უნდა, და რომ, თუ გადაწყვეტილება მიღებულია – სუიციდი გარდაუვალია.
მსოფლიოში ყოველ 40 წამში ერთი ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამტავრებს. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ პოტენციურ თვითმკვლელებს ამბივალტური დამოკიდებულება აქვთ სიკვდილის მიმართ და კრიზისულ სიტუაციაში დროული ფსიქოთერაპიული ინტერვენცია ხშირად დადებით შედეგს იძლევა. 40 წამი ცვლის სტატისტიკას - ეგებ, ჯერ კიდევ არ არის გვიან?