სიახლეები

წამალდამოკიდებულ პაციენტთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია - კომპლექსური გზა ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ 2019-08-07 13:01:03

წამალდამოკიდებულება ბიო-ფსიქოსოციალური დაავადებაა, რომლის დროსაც ზიანდება, როგორც ბიოლოგიურ-ფიზიოლოგიური კომპონენტი, ასევე ადამიანის ფსიქოლოგიური და პიროვნული მახასიათებლები - ფასეულობები, დამოკიდებულებები, შესაძლებლობები, რაც აისახება პიროვნების ქცევასა და მის სოციალურ კავშირებზე, საზოგადოებაში ფუნქციონირებასა თუ უნარ ჩვევებზე. ნარკოტიკზე დამოკიდებულება ხშირად დაკავშირებულია კრიმინალურ, დესტრუქციულ და ასოციალურ ქცევასთან. წამალდამოკიდებულება, როგორც დაავადება, იკურნება!  მკურნალობის ეფექტურობასა და მოსალოდნელ შედეგებზე გვესაუბრება ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელი სოფო მოსია

 

რა მეთოდით ხდება წამალდამოკიდებულ პაციენტთა მკურნალობა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში?

  • ნივთიერებებზე დამოკიდებულ პირებს ცენტრი სთავაზობს მკურნალობის იმ მეთოდებს, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ საუკეთესო პრაქტიკასა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით არის რეკომენდებული, ნარკოტიკული და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებელ პირთა სტაციონარული და ამბულატორიული დეტოქსიკაციის პროგრამის ფარგლებში და შემდგომ მედიკო-ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. მკურნალობის ეფექტურობა იზრდება სამკურნალო-სარეაბილიტაციო მეთოდების კომპლექსური გამოყენებისას, როდესაც დამოკიდებულ პიროვნებას ეხმარება პროფესიონალთა გუნდი - ექიმი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი. დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახისა და ახლობლების სწორ თანადგომას. თუმცა ეფექტური მკურნალობის მთავარი წინაპირობა თავად პაციენტის მზაობაა მკურნალობისა და საკუთარი ცხოვრების დადებითი ტრანსფორმაციისთვის.

 

რა ტიპის სერვისია პაციენტის  მედიკო-ფსიქოლოგიური დახმარება?

  • ნარკოტიკებზე, ალკოჰოლზე და სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულების მკურნალობის უმნიშვნელოვანეს ეტაპს ფსიქო-სოციალური დახმარება წარმოადგენს, რაც საშუალებას აძლევს ადამიანს, პრობლემის გაცნობიერებისა და მასთან სწორად ბრძოლის შედეგად, გაიუმჯობესოს თვითშეგრძნება, მოახდინოს საზოგადოებაში ინტეგრირება და ადაპტირება, აღიდგინოს, ან შეიძინოს ჯანსაღი ცხოვრების, საზოგადოებაში ეფექტური ფუნქციონირებისა და საკუთარ დაავადებასთან შებრძოლების უნარ-ჩვევები და ბოლოს, დაძლიოს დამოკიდებულება. ამ სერვისს უზრუნველყოფს ცენტრის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის განყოფილება.

 

რას გვთავაზობს ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის   ცენტრი?

  • განყოფილება უზრუნვეყოფს პაციენტის ფსიქოლოგიურ დახმარებას, ფსიქოდიაგნოსტიკით დაწყებული, ინდივიდუალური თუ ჯგუფური ფსიქოთერაპიის, ასევე ოჯახური ფსიქოთერაპიის ჩათვლით. ცენტრში მუშაობს თვითდახმარების ჯგუფი, პაციენტი სწავლობს კონფლიქტების მართვა-მოგვარებას, მკურნალობის პროცესში წარმატებით ვიყენებთ არტთერაპიისა და ერგოთერაპიის მეთოდებს. ასევე გამოიყენება თანამედროვე და ეფექტური ფსიქოთერაპიული მეთოდები: კოგნიტურ-ბიჰევიორისტული თერაპია, მოტივაციური ინტერვიუ, ჰუმანისტურ-ეგზისტენციალური ფსიქოთერაპია, კლიენტზე ცენტრირებული თერაპია.

 

როგორ მუშაობს ცენტრის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამა?

  • სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამა უზრუნველყოფს კლიენტის დახმარებას მისთვის საჭირო სამედიცინო და სოციალური დახმარების მიღებაში „შემთხვევის მართვის“ მეთოდიკის გამოყენებით.

ვმუშაობთ ბენეფიციარის ფსიქო-სოციალური კონფლიქტების გადაწყვეტაზე „გამოსავალზე ორიენტირებული კონსულტირების“ (SFBT)  მეთოდიკის  გამოყენებით. გარდა ამისა, ჩვენ ვახდენთ ნებაყოფლობითი ტესტირებისა და კონსულტირებისათვის რისკ-ჯგუფების (ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების) იდენტიფიცირებას და მათ მოზიდვას ცენტრში.

 ნივთიერებებზე დამოკიდებულების დროს ხშირად დგება პიროვნების საზოგადოებაში ინტეგრაციისა და ადაპტაციის საკითხი, რასაც ხელს უწყობს რემისიაში (ნივთიერებებისგან თავშეკავების მდგომარეობა) მყოფი ადამიანის დასაქმება, სასწავლო თუ პიროვნული ზრდის ტრენინგი.

 

გვიამბეთ არტთერაპიისა და ერგოთერაპიის მნიშვნელობაზე რეაბილიტაციის პროცესში

  • არტთერაპია-ერგოთერაპია - წარმოადგენს ფსიქო-კორექციული ინტერვენციის ერთ-ერთ ეფექტურ მიდგომას. პაციენტებს საშუალება ეძლევათ გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები და განახორციელონ თანმიმდევრული კონსტრუქციული აქტივობები (ხატვა, ძერწვა, ხეზე და ლითონზე მუშაობა), რომელიც მიმართულია წარმოსახვისა და ნებელობის ფუნქციების განვითარებაზე. ამ სახის აქტივობები მნიშვნელოვნად განაპირობებს კონსტრუქციული ქცევის ჩამოყალიბებას, რაც ნარკოტიკებზე დამოკიდებულების დროს პირდაპირპროპორციულად იცვლება.

 

როგორც ვიცით, ცენტრში მკურნალობის პროცესში აპრობირებულია „ციგუნის“ მეთოდიც

  • მკურნალობისა და რეაბილიტაციის აღმოსავლური მეთოდი „ციგუნი“ წარმოადგენს ჩინურ სამკურნალო განხრას, რომელიც შეიცავს კომპლექსურად ფიზიკურ, მენტალურ, სუნთქვით, ენერგეტიკულ სავარჯიშოებს, რაც ეხმარება ადამიანს ემოციური და ფსიქოლოგიური პრობლემებისგან (სტრესი, აგრესია, მეხსიერების პრობლემები, ნერვული აშლილობა) განთავისუფლებაში, სრული რელაქსაციის, ფიზიკური ჰარმონიულობის მიღწევაში. აღნიშნული მეთოდი აუმჯობესებს  ადამიანის იმუნურ სისტემას და შინაგანი ორგანოების უკეთ ფუნქციონირებას.

ცენტრში ასევე მიმდინარეობს სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუშაობა.   ჩვენი სპორტული დარბაზი თანამედროვე სპორტული ინვენტარითაა აღჭურვილი. აქ ტარდება ფიზიკურ-გამაჯანსაღებელი პროცედურები, რომლებიც, გარდა ფიზიკური გაჯანსაღებისა, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პაციენტების მიერ აგრესიულობის მართვას, შფოთვის და დეპრესიის მაღალი დონის რეგულირებას.

 

რა ღირს  ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრის მომსახურება?

  • ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრის მომსახურება სრულიად უფასოა ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებში ჩართული პირებისათვის, ასევე მათთვის,  ვინც უკვე ჩაიტარა სტაციონარული ან ამბულატორიული დეტოქსიკაცია.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ცენტრის

 

ცხელ ხაზს 2 0301053

 

ან მოგვწერეთ სოციალურ ქსელში მისამართზე: https://www.facebook.com/cmhpa.ge

 

კლინიკური ფსიქოლოგიის პრაქტიკული სწავლების კურსი 2019-08-01 08:33:54

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი იწვევს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სამაგისტრო და საბაკალავრო სწავლების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ფსიქოლოგი - ფსიქოთერაპევტი მარინე გოგოხიას კლინიკური ფსიქოლოგიის პრაქტიკული სწავლების კურსზე.

 

პრაქტიკული სწავლება ჩატარდება ფსიქიატრიული მიმართულების სტაციონარის ბაზაზე. კურსი მოიცავს 30 აკადემიურ (სამუშაო) საათს.

 

მსმენელები შეისწავლიან:

 

ბენეფიციართა (პაციენტთა) პათოფსიქოლოგიურ დიაგნოსტირებას, რომელიც დაფუძნებულია კვლევის როგორც ტრადიციულ ასევე უახლეს კლინიკურ-ფსიქოლოგიურ (ფსიქომეტრულ და ფსიქოპროექციულ) მეთოდებზე. პათოფსიქოლოგიური დიაგნოსტირების მიზანს წარმოადგენს დიფერენციალური დიაგნოზის  ფორმულირება ნოზოლოგიების მიხედვით:

 

  1. ფსიქიკური დაავადების ფონზე განვითარებული ფსიქოპათოლოგიური ცვლილებების განსაზღვრა ნოზოლოგიების მიხედვით;
  2. გონებრივი შეზღუდულობის (ოლიგოფრენიის) დონეების განსაზღვრა (IQ კოეფიციენტი)
  3. დემენციის თვისობრიობისა (ორგანული - პროცესუალური) და ხარისხის განსაზღვრა;
  4. ფსიქოტიპის განსაზღვრა;
  5. ინტელექტის დონის განსაზღვრა (IQ).

 

კურსის ღირებულება - 250 ლარი.

 

დაინტერესებული პირების კოორდინაციას უზრუნველყოფს ,,ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ადამიანური რესურსების განყოფილების მთავარი სპეციალისტი ხათუნა ბაბუნაშვილი (საკონტაქტო ტელეფონი: 599896532 ,  სამუშაო საათები: ორშაბათი- პარასკევი 09.30 სთ-დან 17.30 სთ-მდე).

 

მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის განყოფილების გახსნა საჩხერეში 2019-07-31 11:06:33

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელთან" ლაშა კილაძესთან ერთად საჩხერეში მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის კაბინეტი გახსნა.

 

"ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი" უკვე წლებია წარმატებით ახორციელებს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამას, რაც ითვალისწინებს წამალდამოკიდებული პაციენტების მკურნალობას განსხვავეული მეთოდით, და გულისხმობს ე.წ. აგონისტებით მხარდამჭერ თერაპიას, შედარებით ხანგრძლივი ვადით პაციენტისათვის ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალების მიცემას. 

 

მინისტრის მოადგილის თქმით, საჩხერის კაბინეტის გახსნა მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის კუთხით პროგრამის ბენეფიციართა რესოციალიზაციისთვის, პროგრამაში ჩართული პირებისათვის.

 

„მნიშვნელოვანია თითოეული ასეთი ინიციატივა, რადგან ამით უმჯობესდება ბენეფიციართათვის სერვისზე ხელმისაწვდომობა ადგილობრივ დონეზე. ამ ეტაპზე დაუყოვნებლივ 50-მდე ბენეფიციარს მოემსახურება ცენტრი. სერვისის მისაღებად ყოველდღიურად ქუთაისისა და ზესტაფონის კაბინეტებში უწევდათ ვიზიტი და შესაბამისად, ეს ხელს უშლიდა მათ დასაქმებასა და საზოგადოებრივ აქტივობებში ჩართვას.“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

 

დღესდღეობით, აგონისტებით მხარდამჭერი თერაპია ოპიოიდებზე დამოკიდებულ პირთა მკურნალობის, დეკრიმინალიზაციის, სოციალური ინტეგრაციისა და “ქუჩის ნარკოტიკების” მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების ყველაზე ეფექტიან საშუალებად არის მიჩნეული. ამ პროგრამების ფართოდ გავრცელებას განსაკუთრებული ბიძგი მისცა აივ/შიდსის ეპიდემიამ, ვინაიდან აღნიშნული მკურნალობა ნარკოტიკებზე დამოკიდებულ პირებში ინექციური გზით აივ/შიდსისა და ჰეპატიტების გავრცელების შეზღუდვის ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა.

 

კაბინეტს პირველ ეტაპზე ექიმი-ნარკოლოგი, სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი მოემსახურება. ეს არის მხარდაჭერა ოპიოიდებზე დამოკიდებულ პირთათვის, რაც საშუალებას აძლევს მათ გაიუმჯობესონ ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, უარი თქვან კრიმინალურ ცხოვრებაზე, ეფექტურად ისწავლონ, იმუშაონ, გახდნენ საკუთარი ოჯახისა თუ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.

"ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს" მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩანაცვლებითი თერაპიის 19 განყოფილება (მათ შორის 2 პენიტენციურ დაწესებულებაში) და  2 კაბინეტი აქვს, სადაც  ბენეფიციარები ყოველდღიურ რეჟიმში იღებენ მედიკამენტს, სამედიცინო პერსონალის უშუალო კონტროლის ქვეშ, რაც მაქსიმალურად გამორიცხავს მეთადონის სამედიცინო დაწესებულებიდან „შავ ბაზარზე“ გადინებას.

 

საჩხერეში მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის კაბინეტის გახსნას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პრაქტიკული კურსი ბავშვთა კლინიკურ ფსიქოლოგიაში 2019-07-31 07:28:06

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი იწვევს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო სწავლების სტუდენტებს ბავშვთა კლინიკურ ფსიქოლოგიაში სამუშაო პრაქტიკის კურსებზე.

 

კურსის მსმენელები ცენტრის ფსიქიატირულ ამბულატორიულ განყოფილებაში გაივლიან 20 საათიან სასწავლო პრაქტიკულ კურსს ბავშვთა ფსიქოლოგ მელანია ჩარგაზიას ხელმძღვანელობით.

 

კურსის ღირებულება: ჯგუფური მეცადინეობის შემთხვევაში - 220 ლარი, ინდივიდუალური კურსი -250 ლარი.

 

მსმენელთათვის გაიცემა სერტიფიკატი.

 

დაინტერესებული პირების კოორდინაციას უზრუნველყოფს შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ადამიანური რესურსების განყოფილების მთავარი სპეციალისტი ხათუნა ბაბუნაშვილი (საკონტაქტო ტელეფონი 599896532 , სამუშაო საათები: ორშაბათი- პარასკევი 09.30სთ- დან 17.30 სთ-მდე).

პრაქტიკული კურსი ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრიაში 2019-07-30 06:47:57

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ფსიქიატრიული ამბულატორული განყოფილების ბაზაზე იწყება პრაქტიკული კურსი ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრიაში ფსიქიატრი ფსიქოთერაპევტის - ლია ნატრიაშვილის ხელმძღვანელობით.

 

სამუშაო პრაქტიკა მოიცავს 180 საათს, რომლის ფარგლებშიც პრაქტიკანტი მიიღებს გამოცდილებას შემდეგი მიმართულებებით:

  1. ფსიქიატრიული დახმარების ორგანიზაციის ძირითად პრინციპები;
  2. სხვადასხვა ფსიქიატრიულ ნოზოლოგიები;
  3. საინტერესოსამედიცინოშენთხვევებისგანხილვა;
  4. ფსიქიკურისტატუსისდადგენისთავისებურებები;
  5. სამედიცინოდოკუმენტაციისწარმოებისწესი, მათ შორის შეზღუდულიშესაძლებლობისსტატუსისდასადგენადდოკუმენტაციისწარმოება;
  6. პათოფსიქოლოგიურიგამოკვლებისჩატარებისტექნიკა;

 

პრაქტიკული კურსის ფარგლებში დაესწრებით ბავშვთა ამბულატორულ დაწესებულებაში მიმდინარე პროცესებს, გაეცნობით უახლეს სამეცნიერო მასალას.

 

გაიმართება ნოზოლოგიების პრეზენტაცია (რეფერატის წარდგენა),

 

სამუშაო პრაქტიკა გულისხმობს ადგილზე მუშაობის 120 საათს და  დამოუკიდებლად მუშაობის 60 საათს.                                                                                                          

 

სრული კურსის გადასახადი ბაკალავრის კურსდამთავრებულთათვის  - 200 ლარი,
მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის  - 220 ლარი, 
კურსის გავლის შემდგომ გაიცემა ცნობა სამუშაო პრაქტიკის გავლის შესახებ.

 

საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით მიმართეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ადამიანური რესურსების განყოფილების მთავარ სპეციალისტს ხათუნა ბაბუნაშვილს (საკონტაქტო ტელეფონი 599896532  სამუშაო საათები ორშაბათი - პარასკევი 09.30 დან 17.30 ის ჩათვლით).

ტურნირი მინი ფეხბურთში 2019-06-26 00:00:00

26 ივნისს მსოფლიო ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, კვირეულის #არგასინჯო ფარგლებში, „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის", არასამთავრობო ორგანიზაციების "ახალი ვექტორი" და “თანადგომა“, "ნარკოტიკების მომხმარებლები ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის“ (GeNPUD)-ის ორგანიზებით და „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის“ მხარდაჭერით ჩატარდა ტურნირი მინი ფეხბურთში, დევიზით:
"ჯანსაღ ცხოვრებას არ აქვს ალტერნატივა" .

 

ღონისძიების მიზანია: ნარკოტიკების მომხმარებლების, ახალგაზრდების, სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ერთიანი ძალისხმევით ნარკომანიასთან და თამბაქოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული ეფექტური ინსტრუმენტებით ბრძოლა - ცხოვრების ჯანსაღი წესი, ჯანდაცვა, განათლება, პრევენცია და ზრუნვა;

 

მონაწილე გუნდები: ქ. თბილისის მერია; ქ. თბილისი საკრებულო; ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი; ევროპის უნივერსიტეტი; .საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანი“, ა/ო ახალი ვექტორი“; „ქართული სპორტის ქომაგები“; „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონი“.
ტურნირი "ახალი ვექტორის" გუნდის გამარჯვებით დასრულდა, საუკეთესო ფეხბურთელს სპეციალური პრიზი „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის" გენერალურმა დირექტორმა ლაშა კილაძემ გადასცა.

ინტერაქტიული შეხვედრა სტუდენტებთან საინფორმაციო კამპანიის "არგასინჯო" ფარგლებში 2019-06-27 07:39:52

ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ორგანიზებით, საინფორმაციო  კამპანიის "არგასინჯო" ფარგლებში თსუ რექტორის მოადგილემ,  პროფესორმა ნინო ოკრიბელაშვილმა და ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნარკოლოგმა გური მენაბდიშვილმა სტუდენტებთან ინტერაქტიული  შეხვედრა გამართეს.

 

თსუ რექტორის მოადგილის, ნინო ოკრიბელაშვილის თქმით, აღნიშნული კამპანია არ იქნება ერთჯერადი ხასიათის და სამომავლოდ,  ნარკომანიის პრევენციისკენ მიმართული სხვადასხვა ტიპის ღონისძიება დაიგეგმება. „სტუდენტების ჩართულობას მსგავსი ტიპის ღონისძიებებში ძალზე სერიოზული დატვირთვა აქვს, რადგან სწორედ ახალგაზრდობიდან იწყება წამალთან და ნარკოტიკთან ურთიერთობა.  ჩვენ, ერთი მხრივ,  პროფესიული თემი ნარკოლოგებისა და ფსიქიატრების, მეორე მხრივ, აკადემიური თემი, როგორიცაა უნივერსიტეტის პროფესურა, ვიქნებით მობილიზებული იმისთვის, რომ  ვთქვათ ახალი სიტყვა, თუ რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ნარკოტიკთან ურთიერთობამ,“ - განაცხადა ნინო ოკრიბელაშვილმა.

 

ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნარკოლოგმა გური მენაბდიშვილმა სტუდენტების მიერ ნარკოტიკებთან დაკავშირებით დასმულ  კითხვებს უპასუხა. როგორც გური მენაბდიშვილი აღნიშნავს, ღონისძიების ინტერაქტიული ხასიათი მნიშვნელოვანია, რადგან სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ნარკოტიკებთან დაკავშირებით მიიღონ ინფორმაცია, არა მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, არამედ  ექიმი-ნარკოლოგისგან. იგი ასევე იმედოვნებს, რომ სამომავლოდ ამ ღონისძიებებში ის ადამიანებიც ჩაერთვებიან, რომლებიც   წლების განმავლობაში იყენებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. „პროფესიულ აზრს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ, საინტერესოა ჩართულობა იმ ადამიანების, რომლებიც ამ სფეროში მუშაობენ და ზუსტად იციან, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ზიანი ყოველდღიურობაში.    კარგი იქნება თუ აღნიშნულ ღონისძიებაში ჩართული იქნებიან ყოფილი მომხმარებლებიც და თუნდაც  დღეს დამოკიდებული ადამიანებიც, რადგან ყველაზე უკეთ მათ იციან რა ზიანი მოაქვს ნარკოტიკულ საშუალებებს,“ - ამბობს გური მენაბდიშვილი.

 

„ჩვენ ისეთ ასაკში ვართ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად ვიაზრებდეთ -  რა შეიძლება მოჰყვეს ნარკოტიკის მოხმარებას. არ ვთვლი, რომ ნარკოტიკის მოხმარების გამო ადამიანებს უნდა ვსვამდეთ ციხეში, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ზუსტად  იცოდეს, რა საფრთხეები შეიძლება გამოიწვიოს ნარკოტიკის მოხმარებამ.  მე თავად ვსწავლობ ოკუპაციურ თერაპიას, რაც ახლოს არის ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროსთან და ხშირად ვხვდები ისეთ პაციენტებს, რომლებსაც ფსიქიკური პრობლემები ექმნებათ ნარკოტიკის მოხმარების გამო,“- აღნიშნა თსუ სტუდენტმა ნათია გაბრავამ.

 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ღონისძიებაზე  თსუ სტუდენტებისთვის ასევე წარმოდგენილი იყო   საინფორმაციო  კამპანიის "არგასინჯო"  ფარგლებში მომზადებული ფილმი  ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანების შესახებ.

ინტერაქტიული შეხვედრა სტუდენტებთან 2019-06-25 08:41:33

ანტინარკოტიკული კამპანიის კვირეულის ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ორგანიზებით, თსუ რექტორის მოადგილე, პროფესორი ნინო ოკრიბელაშვილი და ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე ნარკოლოგი გური მენაბდიშვილი სტუდენტებთან ინტერაქტიულ შეხვედრას გამართავენ.

ნარკომანიასთან ბრძოლის კვირეული 2019-06-21 12:56:05

26 ივნისი ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ექიმები, კვირეულის ფარგლებში, პაციენტებსა და დაინტერესებულ პირებს უფასო კონსულტაციებს გაუწევენ.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა დასკვნითი ეტაპის მიჯნაზე 2019-06-13 18:12:57

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით საქართველო, C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელ პირთა რაოდენობის მიხედვით, მაღალი გავრცელების ქვეყნად ითვლება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2015 წლის აპრილის თვეში,  დონორი ორგანიზაციების მხარდაჭრით, დაიწყო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელება. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „C ჰეპატიტის ელიმინაციის 2016-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის“ მიხედვით, 2020 წლისათვის საქართველო მიზნად ისახავს C ჰეპატიტით ინფიცირებულთა 90%-ის გამოკვლევას, ქრონიკული ფორმის მქონეთა 95%-ის მკურნალობას და მკურნალობის შედეგად 95%-ის განკურნებას.  პროგრამის მიზანია ქვეყანაში C ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირება, ასევე, ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენცია და პროფილაქტიკა, დაავადებულ პირთა მკურნალობის ხელმისაწვდომობა. პროგრამის ფარგლებში საქართველოს პარტნიორები არიან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი.

 

 

2017 წლის  თებერვლის თვიდან  შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“  შეუერთდა C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამას და გახდა სახელმწიფო პროგრამის  განმახორციელებელი.

იმის შესახებ, როგორ გრძელდება სკრინინგის პროგრამა და რა შედეგები იქნა მიღწეული ამ ეტაპზე, გვესაუბრება შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელი გიული მარღიშვილი:

 

„C ჰეპატიტის დამარცხება და სრული ელიმინაცია 21-ე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, ქვეყნის მოსახლეობას უსასყიდლოდ გადაეცა C ჰეპატიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტები. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტი, რომლის ანალოგიც ქვეყანაში აქამდე არ განხორციელებულა.

აღნიშნული სტრატეგიის ფარგლებში „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მონაცემებით,  დღეისათვის პირადი ნომრით იდენტიფიცირებულია C ჰეპატიტით დაავადებული 100 ათასზე მეტი პირი, მკურნალობაში ჩართულია ან უკვე იმკურნალა 51 ათასზე მეტმა ადამიანმა, რომელთა შორის განკურნების მაჩვენებელი 98%-ს აჭარბებს.

 

მოგეხსენებათ, C ჰეპატიტით ინფიცირებულთა მნიშვნელოვანი ნაწილს გავრცელების მაღალი რისკის მქონე პირები შეადგენენ; ეს სწორედ ის კონტინგენტია, რომელიც შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ბაზაშია თავმოყრილი და მათთვის სკრინინგის ჩატარება პროგრამის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. 2017 წლის თებერვლიდან ჩვენს ბენეფიციარებს ჩაუტარდათ სკრინინგი, რის შედეგადაც 879 პირზე მოხდა კონფირმაცია.

დღეისათვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დავალებით, ჩვენს ცენტრში მიმდინარეობს განმეორებითი სიღრმისეული სკრინინგი, რაც აისახება ერთიან ბაზაში, ამავდროულად, ყველა დაინტერესებულ პირს  აქვს აღნიშნული სერვისის ჩვენთან მიღების შესაძლებლობა. საკმარისია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  წარმოდგენა კვლევის უსასყიდლოდ ჩასატარებლად და C ჰეპატიტის გამოსავლენად სკრინინგის კომპონენტით გათვალისწინებული სწრაფი მარტივი ტესტით.  დადებითი პასუხის შემთხვევაში, სპეციალისტთან გასაუბრების შემდგომ, ასევე უსასყიდლოდ ჩატარდება კვლევა აივ ინფექციაზე. 

კონტინგენტის მაქსიმალურად ასათვისებლად ჩვენი თანამშრომლები, გასვლითი აქციის ფარგლებში, შედიან ჩანაცვლებითი თერაპიის მიმწოდებელ ყველა განყოფილებაში საქართველოს მასშტაბით და ადგილზე მოსულ პაციენტებს, მათი სურვილის შემთხვევაში, უტარებენ პირველად ანალიზს.

 

მკურნალობაზე თანხმობის შემთხვევაში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დახმარებით, ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებისთვის უსასყიდლოდ ხელმისაწვდომი გახლავთ როგორც დიაგნოსტიკური კვლევები, ასევე მკურნალობის მონიტორინგის ეტაპზე  C ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსის რაოდენობრივი კვლევა (HCV RNA)  და გენოტიპის განსაზღვრა.

  

თამამად შეიძლება, ითქვას, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც უკვე მესამე წელია წარმატებით მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, გახლავთ უნიკალური გლობალური პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ზრდასრული მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისთვის C ჰეპატიტზე სკრინინგის ჩატარებას 2020 წლის ბოლომდე. ამის შედეგად შესაძლებელი იქნება ანტისხეულების მატარებელ პირთა იდენტიფიცირება, რომელთა სავარაუდო რიცხვი 100 ათასზე მეტია. ინფექციის არსებობის დასადასტურებლად აუცილებელია მათი ჩართვა კონფირმაციულ კვლევებში. სწორედ აქტიური ინფექციის მატარებელთათვის შესაბამისი მკურნალობის ჩატარება და მათი დიდი ნაწილის გამოჯანმრთელება წარმოადგენს როგორც ზოგადად ქვეყნისა და ჩვენი ცენტრის, ასევე პროგრამის განხორციელებაში ჩართული თითოეული ჩვენგანის უპირველეს და უმნიშვნელოვანეს მისიას.