ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრისა და ფსიქიატრთა საზოგადოების ორგანიზებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღინიშნა.
„ფსიქიკური ჯანმრთელობა ადამიანის უნივერსალური უფლებაა“ – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოწოდებით ესაა 2023 წლის მთავარი სლოგანი. 1992 წლიდან 10 ოქტომბრის აღნიშვნის მთავარი მიზანი  ფჯ-ის საკითხებში მოსახლეობის განათლება და ცნობიერების ამაღლება იყო. ფსიქიკური ჯანმრთელობა არის ადამიანის ძირითადი უფლება, რომელიც  ყველა მოქალაქეს, ვინც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა იყოს, აძლევს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის  უმაღლეს სტანდარტზე წვდომის უფლებას.
ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებმა, სერვისის მიმწოდებლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მრგვალი მაგიდის ირგვლივ ამ მიმართულებით მნიშვნელოვან გამოწვევებზე ისაუბრეს, მათ შორის ფსიქიკური აშლილობებისა და ფსიქოსოციალური უნარშეზღუდულობის მქონე პირების უფლებებზე, როგორიცაა ფსიქიკური ჯანმრთელობის რისკებისგან დაცვის უფლება, ხელმისაწვდომი, ხარისხიანი მოვლის, თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის უფლებები.

  „მნიშვნელოვანია, რომ სწორედ უნივერსიტეტის კედლებში  მიმდინარეობს დისკუსია ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებების შესახებ, რადგან ჩვენ ვემსახურებით ახალგაზრდა თაობის აღზრდას და მათ უნდა მონაწილეობა მიიღონ სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, სადაც ადამიანის ჰარმონიულ განვითარებაზე ზრუნვა უმთავრესი პრიორიტეტი იქნება,“- განაცხადა თსუ რექტორის მოადგილემ, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარემ ნინო ოკრიბელაშვილმა.

შეხვედრაზე განიხილებოდა პრობლემის გადაჭრის გზები,  სამომავლო გეგმები და გამოცდილება, რომელიც ამ მიმართულებით არის დაგროვილი.

მნიშვნელოვანია,  საზოგადოებამ გაიაზროს, რომ კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია  მოსახლეობის ზოგადი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის.  სახელმწიფო პროგრამები დღეს არაერთ სერვისს სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დროს მოქალაქეს, თუმცა ამ შეხვედრაზე დარგის სპეციალისტები, უფლებადამცველები, სოციალური მუშაკები ღიად საუბრობენ იმ პრობლემებზეც, რაც დღეს სფეროს აქვს და გადაჭრის გზებზე, როგორ უნდა გაუმჯობესდეს სერვისის ხარისხი და გახდეს უფრო ხელმისაწვდომი,  მადლობას ვუხდით მოწვეულ სტუმრებს აქტიური ჩართულობისთვის და იმ ამაგისთვის, რაც მათ ამ სფეროს განვითარებაში უკვე აქვთ ჩადებული” – აღნიშნა ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ბორის თაყაიშვილმა

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პაციენტთა ნახატების გამოფენა.