მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპია

თანამედროვე მედიცინა ოპიოიდებზე დამოკიდებულებას, ანუ ოპიოიდურ ნარკომანიას განიხილავს, როგორც ქრონიკულ დაავადებას, რომელიც რემისიებისა (ნათელი პერიოდები) და რეციდივების (გამწვავებები) მონაცვლეობით მიმდინარეობს. ამ დაავადების მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი არსებობს, რომლებიც ორ ძირითად ჯგუფად ერთიანდება: უნარკოტიკო ცხოვრებაზე ორიენტირებული თერაპია და აგონისტებით მხარდამჭერი მკურნალობა, ანუ ჩანაცვლებითი თერაპია.    საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით, დამოკიდებული პირების ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის ყველაზე სასურველია მკურნალობის ისეთი მეთოდები, რომლებიც თავიდანვე ორიენტირებულია ნარკოტიკების მიღების შეწყვეტაზე. მაგრამ, მრავალწლიანმა საერთაშორისო გამოცდილებამ აჩვენა, რომ ასეთი მკურნალობის ეფექტიანობა არც ისე მაღალია.

 

ამასთან დაკავშირებით შემუშავებულ იქნა მკურნალობის განსხვავებული მეთოდი, ე.წ. აგონისტებით მხარდამჭერი თერაპია, ანუ ჩანაცვლებითი თერაპია, რომელიც გულისხმობს შედარებით ხანგრძლივი ვადით პაციენტისათვის ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალების მიცემას. ასეთი მკურნალობა სასურველია, ხორციელდებოდეს ფსიქო-სოციალური თანადგომის ღონისძიებებთან კომპლექსში. დღესდღეობით, საერთაშორისო ექსპერტების მიერ, აგონისტებით მხარდამჭერი თერაპია ოპიოიდებზე დამოკიდებულ პირთა მკურნალობის, დეკრიმინალიზაციის, სოციალური ინტეგრაციისა და “ქუჩის ნარკოტიკების” მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების ყველაზე ეფექტიან საშუალებად არის მიჩნეული.

 

ჩანაცვლებითი თერაპია, რომელიც პირველად შემოღებულ იქნა აშშ-იში 1960-იან წლებში, ამჟამად ფართოდ არის დანერგილი მსოფლიოში. ამ პროგრამების ფართოდ გავრცელებას განსაკუთრებული ბიძგი მისცა აივ/შიდსის ეპიდემიამ, ვინაიდან აღნიშნული მკურნალობა ნარკოტიკებზე დამოკიდებულ პირებში ინექციური გზით აივ/შიდსისა და ჰეპატიტების გავრცელების შეზღუდვის ერთერთი ძირითადი საშუალებაა.

 

ამჟამად, აგონისტებით მხარდამჭერი თერაპიისთვის, თავისი სპეციფიკური სამკურნალო თვისებების გამო, ძირითადად გამოიყენება მეთადონის ჰიდროქლორიდი და ბუპრენორფინი, ან ბუპრენორფინის კომბინაცია ნალოქსონთან.

 

მეთადონი ხანგრძლივი (24-36 სთ) მოქმედების სინთეზური ნარკოტიკული საშუალებაა. იგი ოპიოიდების აგონისტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მორფინისა და მისი მსგავსი ნარკოტიკული საშუალებების ანალოგიურად მოქმედებს. მეთადონი, როდესაც იგი გამოიყენება მხარდამჭერი თერაპიისათვის შესაბამისი დოზებით, ნარკოტიკული ეფექტის (ე.წ. “კაიფი”) წარმოქმნის გარეშე მნიშვნელოვნად ამცირებს ნარკოტიკების მოთხოვნილებას და აღმოფხვრის აღკვეთის სინდრომის (ე.წ.”ლომკის”) ნიშნებს. ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მეთადონით მკურნალობისას, როგორც წესი, პაციენტი თავს ნორმალურად გრძნობს, ადეკვატური და შრომისუნარიანია. ასეთი მკურნალობა ოპიოიდებზე დამოკიდებულ პირს საშუალებას აძლევს გაიუმჯობესოს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, უარი თქვას კრიმინალურ ცხოვრებაზე, ეფექტურად ისწავლოს, იმუშაოს, გახდეს საკუთარი ოჯახისა თუ საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. ზოგიერთ პაციენტს აგონისტებით მხარდამჭერი პროგრამა ეხმარება ნარკოტიკებზე, მათ შორის ჩამანაცვლებელ ნარკოტიკზეც, საბოლოოდ უარის თქმასა და ნარკოტიკებისგან სრულიად თავისუფალი ცხოვრების დაწყებაში.

 

მხარდამჭერი თერაპიისთვის გამოიყენება მეთადონის ჰიდროქლორიდის სიროფი, ხსნარი ან აბები. სასურველია, რომ მისი    მიღება ხდებოდეს სპეციალიზირებულ დაწესებულებაში ან განყოფილებაში სამედიცინო პერსონალის უშუალო კონტროლის ქვეშ, რაც მაქსიმალურად გამორიცხავს მეთადონის სამედიცინო დაწესებულებიდან შავ ბაზარზე გადინებას. “ქუჩის” ნარკოტიკების მიღების თავიდან აცილების მიზნით, პაციენტებს რეგულარულად უტარდებათ შარდის ქიმიო-ტოქსიკოლოგიური კონტროლი ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველობაზე. პაციენტის მიერ მკურნალობის რეჟიმის დარღვევის, მათ შორის ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკების მიღების შემთხვევაში, დგება საკითხი მის მიერ პროგრამის დატოვების თაობაზე.

 

ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკის მიღების შემთხვევაში, აგონისტებით მხარდამჭერი თერაპიის პროგრამაში  ყოფნა არ ათავისუფლებს პაციენტს კანონის წინაშე პასუხისმგებლობისგან.

 

ოპიოიდური დამოკიდებულების აგონისტებით მხარდამჭერი თერაპია რეკომენდებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ამავე ორგანიზაციის მიერ მეთადონის ჰიდროქლორიდი  და ბუპრენორფინი შეტანილია ძირითად მედიკამენტთა ჩამონათვალში.

 

სტატიები ბლოგიდან

ნინო ოკრიბელაშვილი 2019-10-09 08:15:16

40 წამი მოქმედებისთვის...

სიკვდილი – სიცოცხლის გაგრძელებაა,  და რადგან იგი ბუნებრივად, ადამიანთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, გაურკვეველ დროს მოდის, საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა ბუნების კანონზომიერებებს არღვევს.

ანტიკურ ეგვიპტეში თვითმკვლელობა აღიარებული იყო გაუსაძლისი ყოფითი პირობებისაგან ხსნის გზად, რომის იმპერიაში, ეს ფენომენი თავისუფალი ადამიანის ღირსების ფინალურ აქტად ითვლებოდა. იაპონელები უდიდესი პატივისცემით ეკიდებიან რიტუალურ ხარაკირს, ხოლო ინდოელი ქალების თვითშეწირვა – სატი, მარადიული ერთგულების სიმბოლოა. სუიციდი ეწინააღმდეგება როგორც იუდაიზმის, ბუდიზმის, ასევე ისლამის ბაზისურ პრინციპებს. ქრისტიანული ტრადიციებით, სიცოცხლე ღვთის წყალობაა, უფლის ნების დარღვევა კი – უდიდესი ცოდვა... სუიციდის მიმართ დამოკიდებულება იცვლებოდა კულტურიდან კულტურაში, ეპოქიდან ეპოქამდე. თითქმის ყველა კულტურაში კამათობენ სუიციდის ფილოსოფიურ არსზე უფრო მეტად, ვიდრე გამომწვევ მიზეზებზე.