სიახლეები

„ანტინარკოტიკული სისტემის მხარდაჭერა საქართველოში“ - პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია 2019-12-18 13:11:58

„ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“, პოლონეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის ეროვნული გეგმის, პოლონეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „ფონდ პრაესტერნოს“ და „პოლონეთის ნარკომანიის პრევენციის ეროვნული ბიუროს“ მხარდაჭერით, 2018 წლის ივნისიდან 2019 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში  განხორციელდა პროექტი - „ანტინარკოტიკული სისტემის მხარდაჭერა საქართველოში“. ამასთან დაკავშირებით, „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ორგანიზებით  გაიმართა შედეგების შემაჯამებელი კონფერენცია.

 

პროექტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდა და მის ფარგლებში საქართველოს სკოლებისათვის შემუშავდა პრევენციული პროგრამა „კომპასი“, რომლის სამიზნე ჯგუფიც 13-15 წლის ასაკის მოზარდებს წარმოადგენს. აღნიშნული პროგრამა განხორციელდა პოლონეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის ეროვნული გეგმის ფარგლებში,  საზოგადოებრივი პროგრამის მხარდაჭერით, რომლის სახელწოდებაა: „მხარდამჭერი პროექტების შემუშავება და განხორციელება ნარკოტიკების მოთხოვნისა და მიწოდების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, მესამე ქვეყნებში“ (იგულისხმება ევროკავშირის არაწევრი ქვეყნები).  პირველ ეტაპზე საქართველოს ათმა სკოლამ მიიღო მონაწილეობა, მოზარდები, მათი მშობლები და პედაგოგები დიდი ინტერესით იღებდნენ მონაწილეობას ინტერაქტიულ გაკვეთილებში და ხალისით ასრულებდნენ მათთვის სპეციალურად მომზადებული ლიტერატურიდან დავალებებს. „კომპასის“ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე კონფერენციაზე მოხსენებით პროექტ COMPAS-ის კოორდინატორი, „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ფსიქოლოგი ეკა კავთიაშვილი წარსდგა.

 

ქვეყანაში არსებული ნარკოვითარების გათვალისწინებით,  ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოების მიმართ წამალდამოკიდებულების პრევენციული ღონისძიებების უზრუნველყოფაა.  უნივერსალური პრევენცია კი საზოგადოების ინფორმირებაა ნარკოტიკების ავადმოხმარებასთან  დაკავშირებულ რისკებზე, ნარკოვითარებაზე და ზოგადად, ნარკოტიკების თაობაზე. სწორედ საინფორმაციო კამპანიის მიზნით, „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ეგიდით, პროექტის ფარგლებში შეიქმნა პოლონური ვერსიის ანალოგი, ონლაინპლატფორმა drugprevention.ge, რომელიც პროფესიონალსა და დაინტერესებულ პირებს შორის კომუნიკაციისთვის გამოიყენება. კამპანიის მიზანია ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემების და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ხელშემწყობი ფაქტორების ადრეული გამოვლენა და შესაბამისი ჩარევის განხორციელება, ანუ შესაბამისი საკონსულტაციო დახმარების გაწევა ინდივიდუალურ დონეზე.

 

საკომუნიკაციო ვებპორტალის მუშაობის შესახებ მოხსენება „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“აღმასრულებელმა მენეჯერმა თინათინ ბალხამიშვილმა გააკეთა.

ქართულ მხარესთან ერთად დამსწრე საზოგადოების წინაშე  პოლონელი კოლეგებიც წარსდგნენ: კატარჟინა ოკულიცი - კოზარინი („ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემების პრევენციის სახელმწიფო სააგენტო“)  ანა ბორკოვსკა,  (სამეცნიერო და აკადემიური აკადემიური  კომპიუტერული ქსელი (NASK). განათლებისა და ტრენინგის ჯგუფი და კრისტოფ ოსტაჟევსკი, PhD, ფსიქიატრიისა და ნევროლოგიის ინსტიტუტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი. სტუმრებმა დადებითად შეაფასეს პროგრამის მიმდინარეობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზეც ისაუბრეს. 

მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის შესახებ 2019-12-06 06:36:55

თანამედროვე მედიცინა ოპიოიდებზე დამოკიდებულებას ანუ ოპიოიდურ ნარკომანიას განიხილავს, როგორც ქრონიკულ დაავადებას, რომელიც რემისიებითა (ნათელი პერიოდები) და რეციდივებით (გამწვავებები) მიმდინარეობს. არსებობს ამ დაავადების მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი, რომლებიც ორ ძირითად ჯგუფად ერთიანდება: ნარკოტიკების გარეშე ცხოვრებაზე ორიენტირებული თერაპია და აგონისტებით მხარდამჭერი მკურნალობა ანუ ჩანაცვლებითი თერაპია. საზოგადოებისთვის და, განსაკუთრებით, დამოკიდებული პირების ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის ყველაზე მისაღები მკურნალობის ისეთი მეთოდებია, რომლებიც თავიდანვე ორიენტირებულია ნარკოტიკების მიღების შეწყვეტაზე. სამწუხაროდ, მრავალწლიანმა საერთაშორისო გამოცდილებამ აჩვენა, რომ ასეთი მკურნალობის ეფექტიანობა არც ისე მაღალია. ამის გათვალისწინებით, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ იქნა მკურნალობის განსხვავებული მეთოდი - ე.წ. აგონისტებით მხარდამჭერი თერაპია, ანუ ჩანაცვლებითი თერაპია, რომელიც გულისხმობს პაციენტისათვის ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალების მიცემას ხანგრძლივი დროის განმავლობაში. სასურველია, ასეთი მკურნალობა კომპლექსურად ხორციელდებოდეს ფსიქოსოციალური თანადგომის ღონისძიებებთან ერთად. დღეისათვის, საერთაშორისო ექსპერტების მიერ, აგონისტებით მხარდამჭერი თერაპია ოპიოიდებზე დამოკიდებულ პირთა მკურნალობის, დეკრიმინალიზაციის, სოციალური ინტეგრაციისა და “ქუჩის ნარკოტიკების” მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების ყველაზე ეფექტიან საშუალებად არის მიჩნეული. ჩანაცვლებითი თერაპიის მთავარი ღირებულებაც სწორედ ის გახლავთ, რომ ბენიფიციარებს არ უწევთ ყოველდღიურად სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის კრიმინალური გზით თანხის მოძიება, შავ ბაზარზე ნარკოტიკის შეძენა. ჩანაცვლებითი თერაპია თვისობრივად არ წარმოადგენს სამკურნალო კომპონენტს და მისი მთავარი ფაქტორი დრო არ გახლავთ; ძირითადი დანიშნულება „ქუჩის ნარკოტიკის“ ლეგალური ნარკოტიკული საშუალებით ჩანაცვლებაა.

 

ჩანაცვლებითი თერაპია პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში შემოიტანეს გასული საუკუნის 60-იან წლებში, ამჟამად კი ფართოდ არის დანერგილი მსოფლიოში. ამ პროგრამის ფართოდ გავრცელებას განსაკუთრებული ბიძგი მისცა აივ/შიდსის ეპიდემიამ, ვინაიდან აღნიშნული მკურნალობა ნარკოტიკებზე დამოკიდებულ პირებში ინიექციური გზით აივ/შიდსისა და ჰეპატიტების გავრცელების შეზღუდვის ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა.

 

საქართველოში ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა პირველად 2004 წელს გლობალური ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. აღნიშნული პროგრამა განკუთვნილი იყო რამდენიმე ათეული პაციენტისთვის და სრულად ფინანსდებოდა გლობალური ფონდის მიერ. პროგრამის ეფექტიანობიდან გამომდინარე, გარკვეული პერიოდის შემდეგ, 2008 წლიდან ჩვენს ქვეყანაში ამოქმედდა მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა, რომელიც ხორციელდებოდა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების პრინციპით (პაციენტისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით). მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა არასოდეს ყოფილა კერძო პროგრამა, მისი განმახორციელებელი ყოველთვის იყო ჯანდაცვის სამინისტრო. 2017 წლის ზაფხულიდან გაუქმდა თანადაფინანსების პრინციპი და აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა პაციენტებისთვის გახდა აბსოლუტურად უფასო. სწორედ იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება სახელმწიფოს მხრიდან იყო გონივრული, დროული და შედეგზე ორიენტირებული, ამის შემდეგ მყისიერად გაიზარდა პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა რიცხვი და ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გაიზარდა არა ნარკოტიკების დამწყები მომხმარებლების ხარჯზე, არამედ ხანგრძლივი მოხმარების გამოცდილების მქონე იმ პირების ჩართვის შედეგად, რომლებიც უსახსრობის გამო აქამდე ვერ სარგებლობდნენ პროგრამით.

 

პროგრამის ეფექტიანობის ერთ-ერთი კრიტერიუმი, საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით, არის ქვეყანაში არსებული ნარკომომხმარებლებისა და ნარკოდამოკიდებული ადამიანების თანაფარდობის კოეფიციენტი პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებთან მიმართებაში. არაოფიციალური მონაცემებით, წლებია, ჩვენს ქვეყანაში დამოკიდებულ პირთა რიცხვი 50 000-ს აღწევს და მათგან რაც უფრო მეტი მომხარებელი ჩაერთვება პროგრამაში, მით უფრო გამართლებული იქნება სახელმწიფოს ნარკოპოლიტიკა ჩანაცვლებით თერაპიასთან მიმართებაში.

 

რაც შეეხება პროგრამაში ჩართვის მთავარ კრიტერიუმებს, პირი უნდა იყოს 21 წელზე უფროსი, მინიმუმ სამი ექიმი ნარკოლოგისგან შემდგარი სამედიცინო კომისიის მიერ უნდა დადასტურდეს მისი დამოკიდებულება ოპიოიდურ ნარკოტიკულ საშუალებებზე. პროგრამაში ვერ მოხვდებიან არაოპიოიდური (მაგ. მარიხუანა, ამფეტამინი და სხვ.) დამოკიდებული პირები. მხარდამჭერი თერაპიისთვის გამოიყენება მეთადონის ჰიდროქლორიდის სიროფი, ხსნარი ან აბები. მედიკამენტის მიღება ხდება სპეციალიზებულ დაწესებულებაში ან განყოფილებაში სამედიცინო პერსონალის უშუალო მეთვალყურეობით, რაც მაქსიმალურად გამორიცხავს მეთადონის სამედიცინო დაწესებულებიდან „შავ ბაზარზე“ მოხვედრას. პრეპარატის მიღების შემდეგ ჭურჭელი, რომლითაც ბენეფიციარმა მედიკამენტი მიიღო, თავსდება სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე უტილიზაციის მიზნით. ბენეფიციარი ვალდებულია, ვერბალურად დაემშვიდობოს გასვლისას დაცვის თანამშრომელს.
“ქუჩის” ნარკოტიკების მიღების თავიდან ასაცილებლად პაციენტებს რეგულარულად უტარდებათ ურინოტესტირება ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველობაზე. პაციენტის მიერ მკურნალობის რეჟიმის დარღვევის, მათ შორის ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკების მიღების შემთხვევაში, დადგება მის მიერ პროგრამის დატოვების საკითხი.

 

მეთადონი ხანგრძლივი (24-36 საათიანი) მოქმედების სინთეზური ნარკოტიკული საშუალებაა. იგი ოპიოიდების აგონისტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მორფინისა და მისი მსგავსი ნარკოტიკული საშუალებების ანალოგიურად მოქმედებს. მეთადონი, როდესაც იგი გამოიყენება მხარდამჭერი თერაპიისათვის შესაბამისი დოზებით, ნარკოტიკული ეფექტის (ე.წ. “კაიფი”) წარმოქმნის გარეშე მნიშვნელოვნად ამცირებს ნარკოტიკების მოთხოვნილებას და აღმოფხვრის აღკვეთის სინდრომის (ე.წ.”ლომკის”) ნიშნებს.
ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მეთადონით მკურნალობისას, როგორც წესი, პაციენტი ადეკვატური და შრომისუნარიანია. ეს მეთოდი ოპიოიდებზე დამოკიდებულ პირს საშუალებას აძლევს, გაიუმჯობესოს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, უარი თქვას კრიმინალურ ცხოვრებაზე, ეფექტიანად ისწავლოს, იმუშაოს, გახდეს საკუთარი ოჯახისა თუ საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. ზოგიერთ პაციენტს აგონისტებით მხარდამჭერი პროგრამა ეხმარება ნარკოტიკებზე, მათ შორის ჩამანაცვლებელ ნარკოტიკზეც, საბოლოოდ უარის თქმასა და ნარკოტიკებისგან სრულიად თავისუფალი ცხოვრების დაწყებაში.


დღეისათვის საქართველოს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამით 8210 ბენეფიციარი სარგებლობს, თითოეული მათგანის ყოველდღიურად მოხმარებული მედიკამენტის საშუალო დოზა არ აღემატება 70 მილიგრამს; პაციენტს შეუძლია, ექიმ ნარკოლოგთან ერთად შეადგინოს დოზირების ინდივიდუალური გრაფიკი და დამოკიდებულების წარმატებით დაძლევის შემდეგ, თავისივე სურვილით დატოვოს პროგრამა. 2019 წელს პროგრამიდან დაახლოებით 5000 ბენეფიციარი გავიდა (2008 წლიდან პროგრამა მთლიანობაში 18 808 მოქალაქეს მოემსახურა), უმეტესობა საკუთარი სურვილით, თუმცა იყო რეჟიმის დარღვევის გამო პროგრამიდან ბენეფიციართა გარიცხვის შემთხვევებიც.

 

ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა საქართველოს მასშტაბით 21 განყოფილებაში მოქმედებს, არც ერთი განყოფილება თუ კაბინეტი არ მდებარეობს სასწავლო დაწესებულებასთან ახლოს, „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“, პროგრამის ეფექტიანობიდან გამომდინარე, ყოველწლიურად ცდილობს, გააფართოვოს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და სხვადასხვა რეგიონში გაიხსნას მედიკამენტის გასაცემი ახალი პუნქტები, რაც, უპირველეს ყოვლისა, დადებითად აისახება პაციენტთა ეკონომიკურ და სოციალურ პირობებზე.
დღეისათვის ჩანაცვლებითი თერაპია რჩება ნარკოდამოკიდებულ პირთა მიმართ ყველაზე ლოიალურ და ეფექტიან პროგრამად მსოფლიოში არსებულ აპრიობირებულ მეთოდთა შორის.

გასვლითი ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ "წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის დედათა და ბავშვთა თავშესაფარში" 2019-12-02 12:57:38

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის სპეციალისტებმა გასვლითი ღონისძიება კახეთის რეგიონში სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დაგეგმეს. საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ "წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის დედათა და ბავშვთა თავშესაფარში" 15 სხვადასხვა ასაკის ბენეფიციარი ცხოვრობს, ხელმძღვანელმა, დავით ჯანაშვილმა თხოვნით მოგვმართა, ჩვენი ფსიქოლოგები გასაუბრებოდნენ თავშესაფრის ბენეფიციარებს და გაეწიათ სათანადო კონსულტაცია.

 

ბავშვთა ფსიქიატრი ლია ნატრიაშვილი და ფსიქოლოგი მელანო ჩარგაზია ერთი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ 10 ბავშვსა და მათ მშობელს, ჩატარდა ინდივიდუალური გასაუბრება, გაეწიათ კონსულტაცია მშობლებს და რეკომენდაცია თავშესაფრის ხელმძღვანელს, ტერიტორიულად ფსიქიატრიული სათემო ამბულატორიული მომსახურების კომპონენტში ჩასართავად, მკურნალობის, საჭირო მედიკამენტების და კონკრეტულ შემთხვევებში შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მისაღებად.

 

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი განახორციელებს მუდმივ მონიტორინგს ბავშვთა და მათი მშობლების ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით, ასევე უზრუნველყოფს ქვეყანაში არსებული სახელმწიფო პროგრამებში მათ ჩართულობას.

 
ნინო ოკრიბელაშვილის ღია გაკვეთილი „მშობელთა სკოლაში“ 2019-11-28 12:44:48

მსოფლიოში 21 მილიონზე მეტი ადამიანი შიზოფრენიის დიაგნოზით ცხოვრობს. მათ შორის არაერთი ცნობილი ადამიანია. . შიზოფრენია - მწვავე ფსიქიკური აშლილობაა, რომელიც არღვევს როგორც გარესამყაროს აღქმას, ისე თვითშეფასებას. კვლევების თანახმად, ადამიანების 70%-ს შიზოფრენიის სიმპტომებზე მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა აქვს, 20%-ს კი - მსგავსი აშლილობით ნათესავი ან ნაცნობი მაინც ჰყავს. შიზოფრენიაზე ბევრი მითი არსებობს. მთავარი და ყველაზე საშიში მითი ისაა, თითქოს,  შიზოფრენიის დიაგნოზის მქონე ადამიანები გარშემომყოფთათვის საშიშები არიან. სწორედ ამ სტიგმის დასანგრევად დაიგეგმა ჩვენი ცენტრის  მშობელთა სკოლის შემდეგი გაკვეთილი თემაზე:   „თანაცხოვრება შიზოფრენიული სპექტრის დარღვევებთან“,  რომელსაც პროფესორი ნინო ოკრიბელაშვილი უძღვებოდა . რა სიმპტომები ახასიათებს ამ დაავადებას? იკურნება თუ არა ის და როგორ უნდა მოვიქცეთ შიზოფრენიით დაავადებულ ადამიანებთან?  პასუხი ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე, ასევე საინტერესო რეკომენდაციები აუდიტორიამ გამოცდილი ფსიქიატრისგან მიიღო.    გაკვეთილის ფარგლებში გაიმართა ჩვენი ცენტრის ბენეფიციარის, ხათუნა ბაჭიაშვილის პირველი პერსონალური გამოფენა.

ახალი იურიდიული სერვისი ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე ბენეფიციართათვის 2019-11-06 11:21:33

„ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრსა“  და იურიდიული დახმარების სამსახურს    შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და ცენტრის დირექტორმა ლაშა კილაძემ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ  ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი უსასყიდლოდ მიაწვდის იურიდიული დახმარების სამსახურს საჭიროს ცნობებსა და ინფორმაციას.

 

ცენტრის დირექტორი, ლაშა კილაძე აღნიშნავს, რომ „ფსიქიკური ჯანრმთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის ბაზაზე უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს  უფასო იურიდიული სერვისი,  ცენტრის პაციენტებისა და პაციენთა ოჯახის წევრებისათვის. იურიდიულ დახმარებას   სამართლებრივი მხარდაჭერის ჯგუფი უზრუნველყოფს ელექტრონული, სატელეფონო ან უშუალო

კონსულტაციის გზით.

 

განცხადებების, სხვადასხვა  იურიდიული დოკუმენტების მომზადება, პენსიის, სოციალური დახმარების მოპოვებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩვენი ცენტრის იურისტები სრულიად უფასოდ ემსახურებიან პაციენტებს და მათი ოჯახის წევრებს, არსებობს დამატებითი იურიდიული სერვისები, რომელსაც იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს, ჩვენი მემორანდუმის საფუძველზე  ეს სერვისიც უფასო იქნება ბენეფიციარებისთვის“

 

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, რაჟდენ კუპრაშვილის განმარტებით, ეს შეთანხმება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებისათვის დიდი ფინანსური შეღავათია: „როგორც ცნობილია, იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს უფასო სამართლებრივ დახმარებას არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის საკითხებზე. საადვოკატო მომსახურება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ პირი არის გადახდისუუნარო და მისი საკითხი განეკუთვნება რთულ და მნიშვნელოვან საქმეთა კატეგორიას. ფსიქიატრიულ დაწესებულებაში განთავსებულ პირს უფლება აქვს ისარგებლოს დამცველის მომსახურებით. ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს პაციენტის დამცველთან შეხვედრა მესამე პირის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობა არ იძლევა ამის შესაძლებლობას; შეიტანოს საჩივარი და განცხადება სასამართლოსა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში და ა.შ. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში ჩვენ, ორივე მხარე  ვიღებთ ვალდებულებას, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და ფსიქიკურ დაავადებათა შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით განვახორციელოთ ერთობლივი სოციალურ-სამართლებრივი პროექტები სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე“.

ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა 2019-10-10 13:20:55

4 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეული  მრგვალი მაგიდით „ფსიქიკური ჯანმრთელობა და საზოგადოება“ გაიხსნა.  მრგვალი მაგიდის დისკუსიაში მონაწილეობდნენ თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, რექტორის მოადგილე, პროფესორი ნინო ოკრიბელაშვილი,  ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა კილაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია , სახალხო დამცველის აპარატის შშმ პირთა უფლებების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე რუსუდან კოხოძე, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარე ეკა ჭყონია, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი თინა (თიკო) ცომაია, მედიის და აკადემიური წრეების წარმომადგენლები და  სტუდენტები.

 

ღონისძიების მიზანი საზოგადოებისათვის სწორი მესიჯების მიწოდებაა,  სტუმრებმა ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა შესახებ ინფორმაციის გავრცელების სწორ ფორმებზე,  სახელმწიფო პროგრამისა და ამ ადამიანების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის მნიშვნელობასა და საზოგადოების ემპათიურობაზე ისაუბრეს, ასევე სტიგმაზე, რომელიც დღევანდელ საზოგადოებაში არსებობს ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა მიმართ. 

 

10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეა. წლევანდელი გლობალური მოძრაობა ეძღვნება სუიციდის თემას. სლოგანით - 40 წამი მოქმედებისთვის. მიზანი სუიციდის საკითხზე ცნობიერების ამაღლება და პრევენციული ღონისძიებების პოპულარიზაციაა.

 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ავრცელებს მესიჯს, რომ დღეს, მსოფლიოში ყოველ 40 წამში 1 ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს, ჩვენ შეგვიძლია სუიციდის შეჩერება, ამისათვის 40 წამიც საკმარისია. 40 წამი გულახდილი საუბრისთვის, 40 წამი ყურადღებისთვის, 40 წამი ინფორმაციის გასაცემად, 40 წამი მხარდაჭერისთვის... შეაჩერე სუიციდი!

 

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ორგანიზებით მოეწყო ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტთა ნახატების, ასევე ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის შვილობილების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. გაიხსნა მშობელთა სკოლა, რომლის პირველი გაკვეთილი ფსიქიატრმა დავით ზურაბაშვილმა ჩაატარა. კვირეული  10 ოქტომბერს დაიხურა აქციით „ჩვენი თვალებით“, რომლის ფარგლებშიც გაიმართა ასფალტზე ხატვის და არტ თერაპიის ღია გაკვეთილი ცენტრის ბენეფიციარებისა და თანასწორგანამანათლებლების მონაწილეობით.

 

 

 

 

ფსიქიკური ჯანმრთელობის კვირეული 2019-10-03 13:22:19

10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეა.
წლევანდელი გლობალური მოძრაობა ეძღვნება სუიციდის თემას. სლოგანით - 40 წამი მოქმედებისთვის. მიზანი სუიციდის საკითხზე ცნობიერების ამაღლება და პრევენციული ღონისძიებების პოპულარიზაციაა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ავრცელებს მესიჯს, რომ დღეს, მსოფლიოში ყოველ 40 წამში 1 ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს, ჩვენ შეგვიძლია სუიციდის შეჩერება, ამისათვის 40 წამიც საკმარისია. 40 წამი გულახდილი საუბრისთვის, 40 წამი ყურადღებისთვის, 40 წამი ინფორმაციის გასაცემად, 40 წამი მხარდაჭერისთვის... შეაჩერე სუიციდი!
ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებს განახორციელებს.

 
კვირეულის აჯენდა


4️⃣ ოქტომბერი, 12.00 სთ - თსუ მრგვალი მაგიდა "ფსიქიკური ჯანმრთელობა და საზოგადოება"
7️⃣ოქტომბერი, 12.00 სთ - ცენტრის ბენეფიციართა და ბერი ანდრიას ფონდის შვილობილების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა
8️⃣ოქტომბერი, 15.00 სთ - "მშობელთა სკოლა" - დავით ზურაბაშვილის ღია გაკვეთილი
9️⃣ ოქტომბერი, 11.00-17.00 - კონსულტაცია ფსიქიატრთან - ონლაინკომუნიკატორზე პროფესორი დავით ზურაბაშვილი
🔟ოქტომბერი, 12.00 სთ - "ჩვენი თვალებით" - ასფალტზე ხატვა - არტთერაპიის ღია გაკვეთილი ცენტრის ბენეფიციარებისა და თანასწორგანმანათლებლების მონაწილეობით
უფასო იურიდიული მომსახურება პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის 2019-09-16 13:21:21

„ფსიქიკური ჯანრმთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის ბაზაზე ახალი სერვისი ამუშავდა.  ცენტრის პაციენტებისა და პაციენთა ოჯახის წევრებისათვის იურიდიულ დახმარებას უზრუნველყოფს  სამართლებრივი მხარდაჭერის ჯგუფი, ელექტრონული, სატელეფონო ან უშუალო  კონსულტაციის გზით.

 

დაინტერესებულ პირებს მომსახურებას გაუწევენ მხარდაჭერის ჯგუფში გაერთიანებული კვალიფიციური იურისტები და  ასისტენტები.

 

ცენტრის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური გაგიწევთ მომსახურებას შემდეგი  მიმართულებით:განცხადებებისა და სხვა იურიდიული დოკუმენტების მომზადება პენსიის, სოციალური დახმარების მოპოვებასთან დაკავშირებით:

 

  • სასამართლოში წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადება, პირის მხარდაჭერად ცნობასთან დაკავშირებით;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მოპოვებისთვის საჭირო პროცედურის წარმოება;
  • და პაციენტთა სამედიცინო მომსახურების თემატიკასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი საკითხები.

 

იურიდიული კონსულტაციის მისაღებად ან ვიზიტის დასაგეგმად დარეკეთ ცენტრის ცხელ ხაზზე  2 301053

კონსულტაცია წამალდამოკიდებულების საკითხებზე ანონიმური ონლაინკომუნიკატორით 2019-09-04 11:54:21

ნარკოტიკებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მავნედმოხმარება და მათზე დამოკიდებულება დღევანდელი მსოფლიო საზოგადოების ერთერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა.  დღეს ნივთიერებებზე დამოკიდებულება განისაზღვრება, როგორც ბიო-ფსიქო-სოციალური დაავადება, რაც იმას მიუთითებს, რომ ეს ავადმყოფობა, ერთი მხრივ, განპირობებულია კომპლექსური - ბიო-ფსიქო-სოციალური მიზეზებით, ხოლო მეორე მხრივ, ზემოქმედებს ადამიანის განვითარებისა და ფუნქციობის ყველა ძირითად ასპექტზე: დამოკიდებულების დროს ზიანდება, როგორც ბიოლოგიურ-ფიზიოლოგიური კომპონენტი, ასევე ადამიანის  ფსიქოლოგიური და პიროვნული მახასიათებლები, რაც აისახება პიროვნების ქცევასა და მის სოციალურ კავშირებზე, ოჯახსა და საზოგადოებაში აქტივობაზე; ადამიანის სხვადასხვა უნარ-ჩვევაზე, მათ შორის იმ უნარ-ჩვევებზე, რომლებიც აუცილებელია ნარკოტიკების მიღების ხელშემწყობ ფაქტორებთან საბრძოლველად.

 

ქვეყანაში არსებული ნარკოვითარების გათვალისწინებით,  ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოების მიმართ წამალდამოკიდებულების პრევენციული ღონისძიებების უზრუნველყოფაა.  უნივერსალური პრევენცია კი საზოგადოების ინფორმირებაა ნარკოტიკების ავადმოხმარებასთან  დაკავშირებულ რისკებზე, ნარკოვითარებაზე და ზოგადად, ნარკოტიკების თაობაზე. სწორედ საინფორმაციო კამპანიის მიზნით, „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ეგიდით,  შეიქმნა პოლონური პროექტის ანალოგი, ონლაინპლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს კითხვა-პასუხის რეჟიმში პროფესიონალსა და დაინტერესებულ პირებს შორის კომუნიკაციას. კამპანიის მიზანია ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემების და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ხელშემწყობი ფაქტორების ადრეული გამოვლენა და შესაბამისი ჩარევის განხორციელება, ანუ შესაბამისი საკონსულტაციო დახმარების გაწევა ინდივიდუალურ დონეზე. 

 

ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ სტიგმა და დისკრიმინაცია მთელ რიგ ბარიერებს ქმნის ამ პრობლემის დაძლევის საქმეში: ართულებს წამალდამოკიდებულების ადრეულ გამოვლენასა და დროულ მკურნალობას, ზღუდავს პაციენტთა მიმართვიანობას სამკურნალოდ, ხელს უწყობს მათ მარგინალიზაციასა და სოციალურ იზოლაციას, დაუსაქმებლობას - რაც, ფაქტობრივად ქმნის მანკიერ წრეს და უზღუდავს მათ ამ მანკიერი წრიდან გამოსვლის საშუალებას. ახალი საკომუნიკაციო პლატფორმის მიზანი პრევენციულ მიდგომასთან ერთად ამ სტიგმის დამარცხებაცაა - სტიგმისა და დისკრიმინაციის დაძლევა წამალდამოკიდებულებით დაავადებული პირების ეფექტური დახმარების ხელშეწყობისთვის.

 

საიტზე არსებული ელფოსტის და ონლაინკომუნიკატორის საშუალებით გეძლევათ საშუალება თქვენთვის საინტერესო კითხვებზე მიიღოთ კომპეტენტური პასუხები პროფესიონალებისგან. ონლაინკომუნიკატორით კომუნიკაცია სრულიად ანონიმურია. კვირაში 3 დღე, ონლაინ რეჟიმში, თქვენს კითხვებს უპასუხებენ ფსიქოლოგი, ექიმი ნარკოლოგი და იურისტი

 

სამშაბათი, 20.00 საათიდან 23.00 საათამდე - კონსულტაცია იურისტთან

 

ოთხშაბათი, 20.00 საათიდან 23.00 საათამდე - კონსულტაცია ფსიქოლოგთან

 

ხუთშაბათი, 20.00 საათიდან 23.00 საათამდე - კონსულტაცია ექიმ ნარკოლოგთან

 

ვებგვერდის მისამართია: https://drugprevention.ge/

ზედოზირების პრევენციის ყველაზე ქმედითი საშუალება - უარი ნარკოტიკს! 2019-08-30 10:40:40

31 აგვისტო ნარკოტიკულ ზედოზირებასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეა. ამ დღეს გამართული ღონისძიებები და მიწოდებული ინფორმაცია საზოგადოებას შეახსენებს, რომ ყოველწლიურად ათეულობით ათასი ადამიანი იღუპება ნარკოტიკული ზედოზირებისგან. ამავე დროს,  დღის მთავარი გზავნილია -ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელია!

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი  უერთდება საერთაშორისო კამპანიას ზედოზირების შესახებ ცნობიერების ამაღლების თაობაზე. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გვესაუბრება ცენტრის  გენერალური დირექტორის მოადგილე ნარკოლოგიური მიმართულებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ხათუნა თოდაძე

 

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მიუხედავად გატარებული პრევენციული ღონისძიებებისა, ნარკოტიკული ზედოზირების და მისგან გამოწვეული სიკვდილის შემთხვევების რაოდენობა არ მცირდება, ხოლო ბევრ ქვეყანაში, უკანასკნელ წლებში, ზრდა შეიმჩნევა. ამის მიზეზი რამდენიმეა: ზოგადად ნარკოტიკების მოხმარების გაზრდა, ნარკობაზარზე დიდი რაოდენობით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოჩენა, რომელთაგან ზოგიერთი მაღალი ლეტალური (სასიკვდილო) პოტენციალის მატარებელია, ისეთი სინთეზური ნარკოტიკების მოხმარების ზრდა, რომელთა თვისებებიც მომხმარებლისთვის უცნობია, ორი ან მეტი ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერების ერთდროული ან დროის მოკლე პერიოდში მოხმარება, ნარკოტიკული ზედოზირებასთან დაკავშირებული სტიგმა და ა.შ.

რომელ ნარკოტიკულ საშუალებებზე ფიქსირდება ყველაზე ხშირად სასიკვდილო ზედოზირების შემთხვევები?

მსოფლიოში სასიკვდილო ზედოზირების შემთხვევების 75%-ზე მეტი გამოწვეულია ოპიოიდებით: როგორც ბუნებრივი ოპიატებით - ჰეროინი, მორფიუმი, ისე სინთეზური ნივთიერებებით, რომელთაგან განსაკუთრებულად „მკვლელ ნარკოტიკებად“ მიჩნეულია ფენტანილი და ფენტანილი მაგვარი სუბსტანციები. ოპიოიდები მოქმედებენ სასიცოცხლო ფუნქციებზე, მათ შორის, სუნთქვის ცენტრზე. დოზის გააჭარბებისას, სწორედ, სუნთქვის ცენტრის ბლოკირება და სუნთქვის გაჩერება ხდება, რაც სწრაფი სიკვდილის მიზეზი ხდება. ოპიოიდებით ზედოზირების რისკს ზრდის მათი ინექციური მოხმარება და ოპიოიდებთან ერთად სხვა ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მიღება. ფსიქოტროპული ნივთიერებებიდან, რომლებიც ოპიოიდებით ზედოზირების რისკს ზრდის, განსაკუთრებით აღსანიშნავია დამამშვიდებელი, საძილე, ანტიდეპრესიული, გულყრის საწინააღმდეგო წამლები და ალკოჰოლი.

სასიკვდილო ზედოზირებათა 25% მოდის არაოპიოიდური ტიპის ნარკოტიკებზე, როგორც მასტიმულირებელ, ისე გამაბრუებელ და ფსქოდელიურ (ჰალუცინაციების გამომწვევ) საშუალებებზე. ბოლო წლებში ბევრი სიკვდილის ფაქტი დაფიქსირდა ამფეტამინებისა და მეტამფეტამინების, ექსტაზისა და მისი ანალოგებიs, GHB/GBL-ის, სინთეზური კაბინოიდების (ე.წ. „ბიო“) გამოყენებისას.

განსაკუთრებული ხიფათის მომტანია ე.წ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები (აფნ), ვინაიდან, ხშირად, მომხმარებელმა არ იცის კონკრეტულად რა ნივთიერება შეიძინა, როგორია მისი მოქმედების სიმპტომები და რა დოზით უნდა მიიღოს ის. ამასთან, ხშირად ერთ შეფუთვაში ორი ან მეტი ნივთიერებაა შერეული, რაც მათ ტოქსიკურ ეფექტს აძლიერებს. გასათვალისწინებელია, რომ ხშირად დასახმარებლად მოსულ ექიმებსაც უძნელდებათ იმის დადგენა, თუ რა ტიპის ნივთიერებითაა გამოწვეული ინტოქსიკაცია, ვინაიდან შესაძლოა, რომ კონკრეტული აფნ-ს შესახებ ინფორმაცია ჯერ არც იყოს ცნობილი და მიწოდებული მედიცინის მუშაკებისთვის. ეს კი ართულებს მიზანმიმართული, ეფექტური სამედიცინო დახმარების გაწევას.   

მომხმარებელთა დამოკიდებულება უფრო ლოიალურია ე.წ. კლუბური ნარკოტიკების მიმართ, რამდენად მაღალია მათი მოხმარების შემთხვევებში ზედოზირების რისკი?

ე.წ. კლუბური ნარკოტიკებიც შესაძლოა გახდეს სიკვდილის მიზეზი, რაც, სამწუხაროდ, საქართველოს მაგალითზეც ცნობილია ჩვენი საზოგადოებისთვის. ამ შემთხვევაშიც, ადამიანებმა ხშირად არ იციან, არის თუ არა მისთვის შეთავაზებული ნარკოტიკი ნამდვილად იმ დასახელების, რასაც მას ნარკოდილერი ეუბნება. უფრო მეტიც, ეს შესაძლოა, თავად ნარკოდილერისთვისაც არ იყოს ცნობილი. გარდა ამისა, კლუბში ხშირად ამატებენ ალკოჰოლს. ზოგიერთი კლუბური ნარკოტიკი იწვევს სხეულის ტემპერატურის მომატებას, რაც ცეკვის დროს ოფლდენასთან ერთად იწვევს ორგანიზმიდან წყლის დაკარგვას და გაუწყლოებას, რაც შესაძლოა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი გახდეს.

განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ არიან ახალბედები, ვინაიდან მათი ორგანიზმი არ არის შეჩვეული ნარკოტიკის მოხმარებას, არ იციან თუ როგორ მოიხმარონ, ხშირად ურევენ სხვადასხვა ნივთიერებას. აღსანიშნავია, რომ გამოუცდელი ადამიანი გაბრუების ფონზე, ხშირად ვერ ხვდება, რომ ცუდად არის და დახმარება ესაჭიროება.

ამ შემთხვევაში რა მთავარი რეკომენდაცია არსებობს მომხმარებლებისა და მათი ახლობლებისთვის?

ზედოზირების მიმართ სტიგმაზე როცა ვსაუბრობ, ვგულისხმობ, რომ როგორც თავად მომხმარებელი, ისე მისი ახლობლები ერიდებიან ხოლმე სამედიცინო დახმარების გამოძახებას. ამის ძირითადი მიზეზი იმის შიშია, რომ ისინი პოლიციის თვალთახედვის არეში არ მოხვდნენ. ადრე  სასწრაფო დახმარების ბრიგადა ან ჰოსპიტალი ვალდებული იყო, რომ ნარკოტიკული ზედოზირების ფაქტი შეეტყობინებია პოლიციისთვის. 2014 წელს ჯანდაცვის მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც სამედიცინო პერსონალს ეს ვალდებულება მოეხსნა. ახლა ნარკოტიკით ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძახებულ სასწრაფო დახმარებას აღარ მოყვება სამართალდამცავთა ბრიგადა და არც შემდგომში არ აძლევენ მათ რაიმე ინფორმაციას ინტოქსიკაციაში მყოფი ადამიანის შესახებ. თუმცა, შიში მაინც დარჩა. არადა, დროულად მოსულ ექიმებს რამდენი ადამიანისთვის შეუნარჩუნებიათ სიცოცხლე!

ზედოზირების პრევენციის ბევრი საშუალება არსებობს, მაგრამ ყველაზე ქმედითი მაინც ერთია: ნუ გარისკავ, ნუ მოიხმარ ნარკოტიკს!