C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა დასკვნითი ეტაპის მიჯნაზე

2019-06-13 18:12:57

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით საქართველო, C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელ პირთა რაოდენობის მიხედვით, მაღალი გავრცელების ქვეყნად ითვლება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2015 წლის აპრილის თვეში,  დონორი ორგანიზაციების მხარდაჭრით, დაიწყო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელება. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „C ჰეპატიტის ელიმინაციის 2016-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის“ მიხედვით, 2020 წლისათვის საქართველო მიზნად ისახავს C ჰეპატიტით ინფიცირებულთა 90%-ის გამოკვლევას, ქრონიკული ფორმის მქონეთა 95%-ის მკურნალობას და მკურნალობის შედეგად 95%-ის განკურნებას.  პროგრამის მიზანია ქვეყანაში C ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირება, ასევე, ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენცია და პროფილაქტიკა, დაავადებულ პირთა მკურნალობის ხელმისაწვდომობა. პროგრამის ფარგლებში საქართველოს პარტნიორები არიან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი.

 

 

2017 წლის  თებერვლის თვიდან  შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“  შეუერთდა C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამას და გახდა სახელმწიფო პროგრამის  განმახორციელებელი.

იმის შესახებ, როგორ გრძელდება სკრინინგის პროგრამა და რა შედეგები იქნა მიღწეული ამ ეტაპზე, გვესაუბრება შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელი გიული მარღიშვილი:

 

„C ჰეპატიტის დამარცხება და სრული ელიმინაცია 21-ე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, ქვეყნის მოსახლეობას უსასყიდლოდ გადაეცა C ჰეპატიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტები. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტი, რომლის ანალოგიც ქვეყანაში აქამდე არ განხორციელებულა.

აღნიშნული სტრატეგიის ფარგლებში „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მონაცემებით,  დღეისათვის პირადი ნომრით იდენტიფიცირებულია C ჰეპატიტით დაავადებული 100 ათასზე მეტი პირი, მკურნალობაში ჩართულია ან უკვე იმკურნალა 51 ათასზე მეტმა ადამიანმა, რომელთა შორის განკურნების მაჩვენებელი 98%-ს აჭარბებს.

 

მოგეხსენებათ, C ჰეპატიტით ინფიცირებულთა მნიშვნელოვანი ნაწილს გავრცელების მაღალი რისკის მქონე პირები შეადგენენ; ეს სწორედ ის კონტინგენტია, რომელიც შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ბაზაშია თავმოყრილი და მათთვის სკრინინგის ჩატარება პროგრამის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. 2017 წლის თებერვლიდან ჩვენს ბენეფიციარებს ჩაუტარდათ სკრინინგი, რის შედეგადაც 879 პირზე მოხდა კონფირმაცია.

დღეისათვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დავალებით, ჩვენს ცენტრში მიმდინარეობს განმეორებითი სიღრმისეული სკრინინგი, რაც აისახება ერთიან ბაზაში, ამავდროულად, ყველა დაინტერესებულ პირს  აქვს აღნიშნული სერვისის ჩვენთან მიღების შესაძლებლობა. საკმარისია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  წარმოდგენა კვლევის უსასყიდლოდ ჩასატარებლად და C ჰეპატიტის გამოსავლენად სკრინინგის კომპონენტით გათვალისწინებული სწრაფი მარტივი ტესტით.  დადებითი პასუხის შემთხვევაში, სპეციალისტთან გასაუბრების შემდგომ, ასევე უსასყიდლოდ ჩატარდება კვლევა აივ ინფექციაზე. 

კონტინგენტის მაქსიმალურად ასათვისებლად ჩვენი თანამშრომლები, გასვლითი აქციის ფარგლებში, შედიან ჩანაცვლებითი თერაპიის მიმწოდებელ ყველა განყოფილებაში საქართველოს მასშტაბით და ადგილზე მოსულ პაციენტებს, მათი სურვილის შემთხვევაში, უტარებენ პირველად ანალიზს.

 

მკურნალობაზე თანხმობის შემთხვევაში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დახმარებით, ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებისთვის უსასყიდლოდ ხელმისაწვდომი გახლავთ როგორც დიაგნოსტიკური კვლევები, ასევე მკურნალობის მონიტორინგის ეტაპზე  C ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსის რაოდენობრივი კვლევა (HCV RNA)  და გენოტიპის განსაზღვრა.

  

თამამად შეიძლება, ითქვას, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც უკვე მესამე წელია წარმატებით მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, გახლავთ უნიკალური გლობალური პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ზრდასრული მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისთვის C ჰეპატიტზე სკრინინგის ჩატარებას 2020 წლის ბოლომდე. ამის შედეგად შესაძლებელი იქნება ანტისხეულების მატარებელ პირთა იდენტიფიცირება, რომელთა სავარაუდო რიცხვი 100 ათასზე მეტია. ინფექციის არსებობის დასადასტურებლად აუცილებელია მათი ჩართვა კონფირმაციულ კვლევებში. სწორედ აქტიური ინფექციის მატარებელთათვის შესაბამისი მკურნალობის ჩატარება და მათი დიდი ნაწილის გამოჯანმრთელება წარმოადგენს როგორც ზოგადად ქვეყნისა და ჩვენი ცენტრის, ასევე პროგრამის განხორციელებაში ჩართული თითოეული ჩვენგანის უპირველეს და უმნიშვნელოვანეს მისიას.

 

სტატიები ბლოგიდან