„ანტინარკოტიკული სისტემის მხარდაჭერა საქართველოში“ - პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია

2019-12-18 13:11:58

„ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“, პოლონეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის ეროვნული გეგმის, პოლონეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „ფონდ პრაესტერნოს“ და „პოლონეთის ნარკომანიის პრევენციის ეროვნული ბიუროს“ მხარდაჭერით, 2018 წლის ივნისიდან 2019 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში  განხორციელდა პროექტი - „ანტინარკოტიკული სისტემის მხარდაჭერა საქართველოში“. ამასთან დაკავშირებით, „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ორგანიზებით  გაიმართა შედეგების შემაჯამებელი კონფერენცია.

 

პროექტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდა და მის ფარგლებში საქართველოს სკოლებისათვის შემუშავდა პრევენციული პროგრამა „კომპასი“, რომლის სამიზნე ჯგუფიც 13-15 წლის ასაკის მოზარდებს წარმოადგენს. აღნიშნული პროგრამა განხორციელდა პოლონეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის ეროვნული გეგმის ფარგლებში,  საზოგადოებრივი პროგრამის მხარდაჭერით, რომლის სახელწოდებაა: „მხარდამჭერი პროექტების შემუშავება და განხორციელება ნარკოტიკების მოთხოვნისა და მიწოდების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, მესამე ქვეყნებში“ (იგულისხმება ევროკავშირის არაწევრი ქვეყნები).  პირველ ეტაპზე საქართველოს ათმა სკოლამ მიიღო მონაწილეობა, მოზარდები, მათი მშობლები და პედაგოგები დიდი ინტერესით იღებდნენ მონაწილეობას ინტერაქტიულ გაკვეთილებში და ხალისით ასრულებდნენ მათთვის სპეციალურად მომზადებული ლიტერატურიდან დავალებებს. „კომპასის“ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე კონფერენციაზე მოხსენებით პროექტ COMPAS-ის კოორდინატორი, „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ფსიქოლოგი ეკა კავთიაშვილი წარსდგა.

 

ქვეყანაში არსებული ნარკოვითარების გათვალისწინებით,  ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოების მიმართ წამალდამოკიდებულების პრევენციული ღონისძიებების უზრუნველყოფაა.  უნივერსალური პრევენცია კი საზოგადოების ინფორმირებაა ნარკოტიკების ავადმოხმარებასთან  დაკავშირებულ რისკებზე, ნარკოვითარებაზე და ზოგადად, ნარკოტიკების თაობაზე. სწორედ საინფორმაციო კამპანიის მიზნით, „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ეგიდით, პროექტის ფარგლებში შეიქმნა პოლონური ვერსიის ანალოგი, ონლაინპლატფორმა drugprevention.ge, რომელიც პროფესიონალსა და დაინტერესებულ პირებს შორის კომუნიკაციისთვის გამოიყენება. კამპანიის მიზანია ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემების და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ხელშემწყობი ფაქტორების ადრეული გამოვლენა და შესაბამისი ჩარევის განხორციელება, ანუ შესაბამისი საკონსულტაციო დახმარების გაწევა ინდივიდუალურ დონეზე.

 

საკომუნიკაციო ვებპორტალის მუშაობის შესახებ მოხსენება „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“აღმასრულებელმა მენეჯერმა თინათინ ბალხამიშვილმა გააკეთა.

ქართულ მხარესთან ერთად დამსწრე საზოგადოების წინაშე  პოლონელი კოლეგებიც წარსდგნენ: კატარჟინა ოკულიცი - კოზარინი („ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემების პრევენციის სახელმწიფო სააგენტო“)  ანა ბორკოვსკა,  (სამეცნიერო და აკადემიური აკადემიური  კომპიუტერული ქსელი (NASK). განათლებისა და ტრენინგის ჯგუფი და კრისტოფ ოსტაჟევსკი, PhD, ფსიქიატრიისა და ნევროლოგიის ინსტიტუტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი. სტუმრებმა დადებითად შეაფასეს პროგრამის მიმდინარეობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზეც ისაუბრეს. 

სტატიები ბლოგიდან

როცა თამაში ხდება პრობლემა... 2019-11-06 13:16:57

სოფო მოსია

 

ფსიქოლოგის ბლოგი ქცევითი ადიქციის - თამაშებზე დამოკიდებულების შესახებ

 

კიდევ ერთი დაკარგული სიცოცხლე, ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის გადარჩენაც ვერ შევძელით, რომლის გადარჩენის საკითხი არც უნდა დამდგარიყო...

ახლახან, მსოფლიომ ფსიქიკური ჯანმრთელობის დღე სუიციდის წინააღმდეგ დიდი კამპანიით აღნიშნა, ბოლო სტატისტიკით, აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში, ყოველ 40 წამში 1 ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს, მათ შორის გარკვეული ნაწილი „ადიქციის“ მსხვერპლია.  ქვეყნის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, სამოქალაქო ომებით და ფორმაციის ცვლილებით ტრავმირებული საზოგადოება, ღია და ძალიან ხელმისაწვდომი სათამაშო ბიზნესი, ახალგაზრდულ ასაკში დიდი ცდუნებაა, რომლის გაძლება და გადალახვა დამოუკიდებლად ყველას არ შეუძლია.

 

 

40 წამი მოქმედებისთვის... 2019-10-09 08:15:16

ნინო ოკრიბელაშვილი

სიკვდილი – სიცოცხლის გაგრძელებაა,  და რადგან იგი ბუნებრივად, ადამიანთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, გაურკვეველ დროს მოდის, საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა ბუნების კანონზომიერებებს არღვევს.

ანტიკურ ეგვიპტეში თვითმკვლელობა აღიარებული იყო გაუსაძლისი ყოფითი პირობებისაგან ხსნის გზად, რომის იმპერიაში, ეს ფენომენი თავისუფალი ადამიანის ღირსების ფინალურ აქტად ითვლებოდა. იაპონელები უდიდესი პატივისცემით ეკიდებიან რიტუალურ ხარაკირს, ხოლო ინდოელი ქალების თვითშეწირვა – სატი, მარადიული ერთგულების სიმბოლოა. სუიციდი ეწინააღმდეგება როგორც იუდაიზმის, ბუდიზმის, ასევე ისლამის ბაზისურ პრინციპებს. ქრისტიანული ტრადიციებით, სიცოცხლე ღვთის წყალობაა, უფლის ნების დარღვევა კი – უდიდესი ცოდვა... სუიციდის მიმართ დამოკიდებულება იცვლებოდა კულტურიდან კულტურაში, ეპოქიდან ეპოქამდე. თითქმის ყველა კულტურაში კამათობენ სუიციდის ფილოსოფიურ არსზე უფრო მეტად, ვიდრე გამომწვევ მიზეზებზე.