პუბლიკაციები

სააფთიაქო რეფორმის გავლენა ნარკოტიკების და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების დინამიკაზე 2017-09-20 09:36:59

საქართველოში ფარდოდ გავრცელებულმა სააფთიაქო პრეპარატების რეცეპტის გარეშე მოხმარებამ, უარყოფითი გავლენა იქონია მოსახლეობის ჯანმრთელობობასა და მთლიან სოციალურ სიტუაციაზე. განსაკუთრებით შეშფოთებას იწვევდა რეცეპტის გარეშე შეძენილი პრეპარატებიდან (კოდეინი, ეფედრინი) შინაურ პირობებში დამზადებული ნარკოტიკების „კრაკადილის“,“ჯეფისა“ და „ვინტის“ მოხმარება.   ფსიქოაქტიური ნივთიერებები ხელმისაწვდომი გახდა მოზარდებისათვისაც ,რაც იწვევდა ცნს-ის დაზიანებას და წამალდამოკიდებულებისადმი მიდრეკილების ჩამოყალიბებას.  შექმნილ  ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ გაატარა მთელი რიგი საკანონმდებლო ღონისძიებები. კერძოდ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გავრცელდა კოდეინისა და ეფედრინის შემცველი ფარმაცევტული პროდუქტის არალეგალურ ბრუნვაზე და ადმინისტრაციული სახდელები ფსიქოაქტიური ნივთიერებების ურეცეპტოდ გაცემაზე.

შპს  „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ ჰოსპიტალიზირებულ ბენეფიციართა კლინიკური ისტორიების (2013-2016წლები) განხილვის შედეგად, გაირკვა რომ, რეფორმის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა კოდეინისა და ეფედრინისაგან კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა, მაგრამ რეფორმამ შესამჩნევი გავლენა  ვერ მოახდინა  ფსიქოაქტიურ ნივთიერებების გავრცელებაზე, რის გამოც გამკაცრებული იქნა ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბრუნვის დარღვევებზე ადმინისტრაციული ზომები. 

საქართველოში სუიციდის ზოგიერთი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელის ანალიზი 2016-06-25 09:36:42

 

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოში ფიქსირდება სუიციდის შემთხვევათა მნიშვნელოვანი ზრდა, განსაკუთრებით მოზარდებს შორის. სუიციდის პრევენციის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სუიციდის მიზეზების ადეკვატურ განსაზღვრაზე.

საქართველოში სუიციდით სიკვდილის და სუიციდალური მცდელობების სტატისტიკური მონაცემები ფიქსირდება  2 უწყებაში: საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა (საქსტატი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში (შსს). ორივე უწყებიდან მიღებული მონაცემები - 2011-2014 წლების  საქართველოს სუიციდის ძირითადი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლები, იქნა სტატისტიკურად დამუშავებული, ჩატარდა მათი თვისობრივი ანალიზი და შედეგები იქნა შედარებული ჯანმოს მონაცემებთან.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქსტატისა და შსს მონაცემები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან, რაც გამოწვეული უნდა იყოს სიკვდილის მიზეზების რეგისტრაციის სრულყოფილი, უნიფიცირებული სისტემის არარსებობით. ამასთან, ეს მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება ჯანმოს მიერ აღიარებული მონაცემებისაგან.  გამომდინარე აქედან, აუცილებელია სუიციდის ძირითადი კრიტერიუმების არსობრივი დაზუსტება და სტატისტიკური მონაცემების შეგროვების მეთოდოლოგიის სრულყოფა, რაც მოითხოვს რამდენიმე უწყების ერთობლივ და კოორდინირებულ მოქმედებას.