- თებერვალი 15, 2022
- ავტორი: Admin
- Category: სიახლეები
ქართული ფსიქიატრიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ლეგენდად ქცეული ავლიპ ზურაბაშვილის 120 წლის იუბილე მისი საოცარი ფოტოარქივით და რაღა თქმა უნდა, მისი ფრთიანი და უკვდავი გამონათქვამების გახსენებით დავიწყეთ, მხიარული ისტორიები გამოჩენილი მეცნიერის მოღვაწეობიდან ამდენი წლის მერეც დიდი პოპულარობით სარგებლობს. შეიძლება ითქვას, ის უიშვიათესი მედიკოსია, რომლის სახელს საზოგადოება დღესაც ხშირად ახსენებს, თითქოს მთელი სფერო ერთ სახელში ჩაუტევიათ. ჩვენ გვაქვს ფუფუნება, რომ მისი შვილის და შვილიშვილის გვერდით გვიწევს საქმიანობა და ამ საოცარი ადამიანის ისტორიებს და უცნობ ამბებს ხშირად ვისმენთ. AMBEBI.GE-ს ფსიქიატრის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ეს და კიდევ სხვა საინტერესო ფაქტები შეუკრებია. ოფიციალური რეზიუმეთი დავიწყოთ და სხვა საინტერესო ამბებიც გავიხსენოთ.
- ავლიპ ზურაბაშვილი 1902 წლის 15 თებერვალს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში დაიბადა.
- დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი
- იყო უნივერსიტეტის ფსიქიატრიის კათედრის ასისტენტი და დოცენტი
- ლენინგრადში პავლოვის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის და ბეხტერევის სახელობის ფსიქონევროლოგიური ინსტიტუტის ასპირანტი და შემდეგ უფროსი მეცნიერ-მუშაკი
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის მორფოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი
- თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის გამგე
- საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. იუნესკოსთან არსებული ტვინის შემსწავლელი ორგანიზაციის (იბრო) წევრი, არაერთი საზოგადოების საპატიო წევრი
- საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი
- გამოქვეყნებული აქვს 400-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, 20-ზე მეტი მონოგრაფია, რომელთა ნაწილი თარგმნილია რუსულ, ფრანგულ, იტალიურ, გერმანულ და სხვა ენებზე. მისი გამოკვლევები ძირითადად ეხება კლინიკური ფსიქიატრიისა და ნეირომორფოლოგიის საკითხებს. სამეცნიერო მოღვაწეობის პირველ ნახევარში იკვლევდა ადამიანთა და ცხოველთა ცენტრალური ნერვული სისტემის სტრუქტურას. მნიშვნელოვანია ავლიპ ზურაბაშვილის გამოკვლევები ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის შესახებ. კლინიკურ-ფსიქოპათოლოგიურად შეისწავლა რეაქტიული შიზოფრენიის მაგვარი მდგომარეობები. ზურაბაშვილის დებულებამ შიზოფრენიის შესახებ დიდი გამოხმაურება ჰპოვა უცხოეთის არაერთ ქვეყანაში.
თბილისის ფსიქიატრიული კლინიკა 1925 წელს ჩამოყალიბდა. მისი დამფუძნებელი ცნობილი ქართველი მეცნიერი მიხეილ ასათიანი იყო, რომლის გარდაცვალების შემდეგ, კლინიკის ხელმძღვანელი გახდა ავლიპ ზურაბაშვილი. თუ მიხეილ ასათიანი იყო უდიდესი მეცნიერი, რომელმაც, ფაქტობრივად, შექმნა და სათავე დაუდო საქართველოში ფსიქიატრიას, ბატონმა ავლიპმა გააგრძელა მისი მოღვაწეობა და შექმნა ქართული ფსიქიატრიის სკოლა. მთელ საბჭოთა კავშირში არსებობდა სამი ფსიქიატრიული სკოლა – ლენინგრადის, მოსკოვის და ქართული. ეს იყო უნიკალური შემთხვევა.
მათემატიკოსობიდან – ფსიქიატრობამდე
როგორ აირჩია ქართველი ხალხის სულის მკურნალის რთული გზა ავლიპ ზურაბიშვილმა – ამის შესახებ საინტერესო ისტორიას უყვება სამედიცინო ჟურნალ “ავერსს” ავლიპ ზურაბიშვილის შვილი ზურაბ ზურაბიშვილი:
“სასწავლებლის დასრულების შემდეგ ავლიპი ზურაბაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მისი თანაკურსელები იყვნენ ცნობილი მათემატიკოსები ანდრია რაზმაძე და ნიკო მუსხელიშვილი. ავლიპიმ მათთან ერთად ორი წელი ისწავლა, მერე კი მოულოდნელად ექიმობა გადაწყვიტა. ნიკო მუსხელიშვილი, რამდენჯერაც შეხვდებოდა, მეგობრულად საყვედურობდა, რატომ მიგვატოვე, შენი სახით საქართველომ შესანიშნავი მათემატიკოსი დაკარგაო. პროფესიის შეცვლის მიზეზად ერთი ამბავი ქცეულა, რომელიც უნივერსიტეტიდან სოფელში ჩასულ ავლიპის გადახდენია თავს: ქიზიყში შემოდგომაზე ცოცხს ტეხდნენ. მამას უფიქრია, წავალ, ოჯახს ცოცხის ტეხაში მივეხმარებიო. ბოდბისხევიდან ალაზნის ველისკენ ცხენით მიმავალს გზად ორი შეიარაღებული კაცი გადაჰყრია და ცხენის წართმევა დაუპირებიათ. მამას უთქვამს: სტუდენტი ვარ, ყველაფერს ვაკეთებ, რომ კარგად ვისწავლო და სამშობლოს გამოვადგე, თუ ცხენს წამართმევთ, შინ ვეღარ წავალო. ყაჩაღებს შესცოდებიათ და აღარ წაურთმევიათ ცხენი. ამ შემთხვევის შემდეგ ავლიპის გადაუწყვეტია, ისეთი პროფესია შეეძინა, რომლითაც ხალხს უფრო მეტად გამოადგებოდა. იგი სწორედ ამ შემთხვევას იხსენებდა როგორც ბიძგს, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება შეცვალა. რაც შეეხება ფსიქიატრიის არჩევას, ამაში ბედისწერის ხელიც ურევია. სამედიცინო ინსტიტუტის მეოთხე კურსზე ავლიპიმ შემთხვევით გაიგო, რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სანიტრის ადგილი იყო და სამუშაოდ მივიდა. ბატონი ზურაბი ამბობს, რომ მამამისმა ყველაზე დაბალი საფეხურიდან დაიწყო და დიდი შრომითა და მონდომებით მიაღწია ყველაზე მაღალს, ცნობილი ფსიქიატრი გახდა და საქვეყნოდ გაითქვა სახელი”, – იხსენებს ზურაბ ზურაბიშვილი.
სახალისო ისტორიები დიდი ფსიქიატრის ცხოვრებიდან
ავლიპ ზურაბიშვილს საზოგადოება ფასდაუდებელ სამეცნიერო ღვაწლთან ერთად, მისთვის დამახასიათებელი გამორჩეული იუმორითაც იცნობს.
პაციენტების ლერისა და მერის ისტორია ძალზედ პოპულარული და ამავე დროს ტრაგიკომიკური ამბავია, რომელიც ავლიპ ზურაბიშვილის მოგონებებმა შემოინახა.
“1978 წელს, მე მყავდა პაციენტები ლერი და მერი (პირობით სახელებით) ერთ მშვენიერ, მზიან დღეს ორივე კლინიკის ეზოში დასეირნობდა. როცა ისინი საცურაო აუზს მიუახლოვდნენ, მოულოდნელად ლერი ჩახტა შიგნით და ჩაიძირა. მერი მაშინვე თავით გადაეშვა მის გადასარჩენად. ის ჩაცურდა აუზის ფსკერისკენ და მეგობარი ამოიყვანა. როგორც კი შევიტყვე მერის გმირული საქციელის შესახებ, საავადმყოფოდან მისი დაუყოვნებელი გაწერის ბრძანება გავეცი, რადგანაც ამ ფაქტის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ის უკვე კარგად იყო. გაწერისას მერის ვუთხარი: “ჩვენ. კარგი და ცუდი ამბავი გვაქვს თქვენთვის. კარგი იმაში მდგომარეობს, რომ საავადმყოფოდან გიშვებთ, რადგანაც შეძელი გადახტომა და სხვა ადამიანის გადარჩენა, დავრწმუნდით, რომ ნორმალური ფსიქიკური მდგომარეობა გაქვთ და მენტალურად სტაბილური ხართ. ცუდი კიდევ ის არის, რომ ის პაციენტი თქვენ რომ გადაარჩინეთ, სააბაზანოში ჩამოეკიდა და ამის მერე მოკვდა”. მერიმ ამაზე მიპასუხა: “ექიმო, ლერი თავისით არ ჩამოკიდულა. მე ჩამოვკიდე იქ გასაშრობად”
“მე ძალიან მიყვარს ჩემი მშობლები, განსაკუთრებით, დედა და მამა”, – ეს ცნობილი გამონათქვამი ავლიპ ზურაბიშვილს ეკუთვნის. ფრაზა მაშინვე აიტაცეს, თუმცა მათგან შეიძლება ბევრმა არ იცოდა, რას გულისხმობდა დიდი მოაზროვნე ამ ფრთიან გამონათქვამში. ის ირონიულად ამბობდა სიმართლეს – კომუნისტური მშობლიური პარტიის, მშობლიური ლენინისა და ასე შემდეგ, აი, ამდენი მშობლებიდან მე ყველაზე მეტად დედ-მამა მიყვარსო.
ცნობილია, რომ ავლიპ ზურაბიშვილი კომუნისტური პარტიის წევრიც იყო. ესწრებოდა ყრილობებს და სტატუსის მიხედვით პრეზიდიუმში ეკუთვნოდა ადგილი, თუმცა ყოველთვის იგვიანებდა და პირველ რიგში ჯდებოდა, ჩვეულებრივ პარტიულ მუშაკთა შორის. როდესაც მიუთითებდნენ, ბატონო ავლიპ, თქვენი ადგილი ხომ პრეზიდიუმშია, ამობრძანდით ჩვენთანო, პასუხობდა, აქედან უკეთესად გაკვირდებითო.
“პეტერბურგში დიდი სამედიცინო კონფერენცია ტარდებოდა, რომელსაც ავლიპიც ესწრებოდა. ევროპელი მომხსენებლები თავიანთი მიღწევებით, ახალშექმნილი წამლებით იწონებდნენ თავს. ავლიპის გვერდით მაშინდელი საბჭოთა კავშირის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი მჯდარა, რომელსაც მამაჩემისთვის გადაულაპარაკია: ავლიპ, მხოლოდ შენ თუ გადაგვარჩენ, გთხოვ, ამ ევროპელებს საკადრისი პასუხი გაეციო. მამასაც არ დაუყოვნებია, მისულა ტრიბუნასთან და უთქვამს: მოხარული ვართ თქვენი მიღწევებით, მაგრამ არსებობს ერთი წამალი, რომელიც ყველაფერს კურნავს – ეს არის დღეში ერთი კოვზი სიხარულიო. ცხადია, ასეთ რამეს არავინ ელოდა. როგორც ამბობენ, მის სიტყვებს დიდი მხიარულება და აპლოდისმენტები გამოუწვევია”, – იხსენებს “ავერსთან” საუბარში ზურაბ ზურაბიშვილი.
გამოჩენილი მეცნიერის შვილიშვილი, ფსიქიატრი დავით ზურაბიშვილი, ამბობს, რომ პაპას იმიჯზე მისი შვედი მეუღლე, ჰელენა ლუნდი ზრუნავდა. ავლიპიმ მეუღლე პეტერბურგში გაიცნო. ჰელენა მოკრძალებული და ძალიან მზრუნველი ქალბატონი ყოფილა:
“დიდედამ და პაპამ ერთად დაახლოებით 70 წელი იცხოვრეს. საოცრად ჰარმონიული ტანდემი ჰქონდათ. როდესაც პაპას რაიმე იდეა დაებადებოდა, ბებოს უზიარებდა. ისიც ყველაფერს ინიშნავდა, იწერდა, შემდეგ ამაზე მუშაობდა. ყოველგვარ საქმეში ეხმარებოდა ავლიპის, ასე რომ, პაპას წარმატება დიდწილად მისი მეუღლის დამსახურებაცაა”, – იხსენებს დავით ზურაბიშვილი.
ცხოვრების ბოლო პერიოდში ძალიან საინტერესო თემით დაინტერესდა ავლიპ ზურაბაშვილი – ზნეობრივ-მორალური კატეგორიები და ფსიქიკური დაავადებები და შემოიტანა ცნება “ჰომო მორალოს”. მან თქვა, რომ “ჰომო მორალოს” – მორალური ადამიანი უფრო წინ დგას, ვიდრე “ჰომო საპიენს” – გონიერი ადამიანი. ის ამტკიცებდა, რომ ადამიანს, რომელსაც აქვს გონებრივი ჩამორჩენილობა ან ფსიქიკური პრობლემები, მორალური თვისებები არ უქვეითდება, სიყვარულის, გაგების, თანაგანცდის უნარს ასეთ შემთხვევაშიც ინარჩუნებს ადამიანი”,
ავლიპი ზურაბაშვილის ყველაზე მნიშვნელოვან გამონათქვამად კი მის შვილს ის სამი სიტყვა მიაჩნია, რომლებიც მან ანდერძად დაუტოვა მომავალ თაობებს: სინდისი, ნამუსი, პატიოსნება. დიდი ფსიქიატრისადმი პატივისცემის ნიშნად, თბილისში ერთ-ერთ ქუჩას ავლიპ ზურაბიშვილის სახელი დაერქვა, იგი 1994 წელს ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა და დიდუბის პანთეონშია დაკრძალული.
წყარო: https://www.ambebi.ge/article/237109-ucnobi-paktebi-cnobili-psikiatris-avlipi-zurabishvilis-shesaxeb-ras-ixsenebdnen-masze-saakashvilis-babua-kolegebi-da-shtamomavlebi/