მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, საქართველო C ჰეპატიტის ვირუსის მტარებელ პირთა რაოდენობის მიხედვით, მაღალი გავრცელების ქვეყნად ითვლება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2015 წლის აპრილის თვეში დონორი ორგანიზაციების მხარდაჭრით, დაიწყო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელება. ამ პროგრამის მიზანია ქვეყანაში C ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ავადობის და სიკვდილიანობის შემცირება, ასევე, ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენცია და პროფილაქტიკა, დაავადებულ პირთა მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა. პროგრამის ფარგლებში საქართველოს პარტნიორები არიან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი.
საქართველო არის პირველი ქვეყანა, სადაც, ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, ქვეყნის მოსახლეობას C ჰეპატიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცა. ეს არის პროექტი, რომლის ანალოგიც ქვეყანაში აქამდე არ განხორციელებულა.
2017 წლის თებერვლის თვიდან შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“ შეუერთდა C-ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამას და გახდა სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელი.
ჩვენს ცენტრში ყველა დაინტერესებულ პირს აქვთ შესაძლებლობა მიიღოს აღნიშნული სერვისი. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდგომ, შესაძლებელია უსასყიდლოდ ჩაიტაროს კვლევა C ჰეპატიტის გამოსავლენად სკრინინგის კომპონენტით გათვალისწინებული სწრაფი მარტივი ტესტით. დადებითი პასუხის შემთხვევაში სპეციალისტის მიერ, გასაუბრების შემდგომ, ასევე უსასყიდლოდ ჩაუტარდებათ კვლევა აივ ინფექციაზე.
მკურნალობის სურვილის შემთხვევაში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დახმარებით, მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებს უსასყიდლოდ უტარდებათ სადიაგნოსტიკო კვლევებისა და მკურნალობის მონიტორინგის ეტაპზე C ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსის რაოდენობრივი კვლევა (HCV RNA) და გენოტიპის განსაზღვრა.
რა არის C ჰეპატიტი?
C ჰეპატიტი არის ღვიძლის დაავადებაა, რომლის გადაცემის ძირითად ფაქტორს დაინფიცირებული სისხლი წარმოადგენს. იგი ღვიძლის ციროზისა და კიბოს გამოწვევის ყველაზე ხშირი მიზეზია. C ჰეპატიტი მიმდინარეობს სიმპტომების გარეშე და ხშირად, ვირუსით ინფიცირებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ვლინდება ჩივილები, შესაბამისად, C ჰეპატიტით ინფიცირებული ადამიანი თავისი ავადმყოფობის შესახებ მხოლოდ მაშინ იგებს, როცა ვირუსის მიერ ღვიძლი უკვე დაზიანებულია.
რა გზებით ხდება C ვირუსული ჰეპატიტის გადაცემა?
- კანის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში დაინფიცირებულ სისხლთან კონტაქტით;
- საერთო შპრიცის გამოყენებით;
- არასტერილური ინსტრუმენტების გამოყენებით (სტომატოლოგიური, სხვა სამედიცინო პროცედურების ან მანიკური/პედიკური/ტატუ/პირსინგის გაკეთების დროს);
- C ჰეპატიტით ინფიცირებული პირისგან სისხლის გადასხმით, ან ორგანოების გადანერგვით;
- ისეთი საოჯახო ნივთების გამოყენებით, რომლებითაც შესაძლებელია ჰქონდეთ კონტაქტი სისხლთან (მაგ: საპარსი, კბილის ჯაგრისი და სხვა ბასრი საგნები);
- სქესობრივი გზით (გადაცემის ალბათობა 3-5 %-ია);
- პერინატარული გადაცემა – დედიდან ბავშვზე გადაცემა მშობიარობის დროს (4-7%)
მაღალი რისკის ჯგუფებს მიეკუთვნებიან:
- ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლები
- C ჰეპატიტით ინფიცირებულ პირთა ოჯახის წევრები
- სამედიცინო პერსონალი, რომელებსაც სისხლთან ან მის კომპონენტებთან აქვთ კონტაქტი
- ინფიცირებული დედისგან დაბადებული ბავშვები
- პირები, რომელთაც სისხლის გადასხმა ან ორგანოთა გადანერგვა ჩაუტარდათ.
დროული დიაგნოსტიკა და დროული მკურნალობა განკურნების დიდ შანს იძლევა.
C ჰეპატიტი განკურნებადია!