- მარტი 18, 2022
- ავტორი: Admin
- Category: პუბლიკაციები
ალკოჰოლიზმი ისეთივე ქრონიკული დაავადებაა, როგორიც მაგალითად დიაბეტი ან ჰიპერტონია. მის ჩამოყალიბება-განვითარებაში მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ, ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ ფაქტორებს და სოციალურ გარემოს, მაგრამ სხვა დაავადებებისგან განსხვავებით ალკოჰოლიზმის (ისევე როგორც ნარკომანიის) ჩამოყალიბება პრაქტიკულად მთლიანად დამოკიდებულია პირის ქცევაზე და საწყის ეტაპზე ექვემდებარება სრულ კონტროლს. ვინც არ იღებს ალკოჰოლს, არ შეიძლება დაავადდეს ალკოჰოლიზმით – ეს ყველასათვის ნათელია. უფრო ძნელია განსაზღვრა, თუ როდის იწყება დაავადების ჩამოყალიბება კონკრეტულ ადამიანში.
მოდით, 12 კითხვას გულწრფელად უპასუხეთ და ამის შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი საფრთხეებსა და მოსალოდნელ შედეგებზე.
1. გუნება-განწყობის გასაუმჯობესებლად ხომ არ იღებთ ალკოჰოლურ სასმელს?
2. საღამოს სახლიდან გასვლისას ხომ არ იღებთ ალკოჰოლს, მიუხედავად იმისა, მიდიხართ საქმიან შეხვედრაზე, თუ მეგობრებთან?
3. ხომ არ მიგაჩნიათ, რომ სადილობა ალკოჰოლის მიღების გარეშე მოსაწყენია?
4. სახლში დაბრუნებისას, ჩვეულებრივ, ხომ არ იღებთ ალკოჰოლის ულუფას?
5. ხომ არ იღებთ რაიმე ალკოჰოლურ სასმელს დღის განმავლობაში საუზმიდან სადილამდე?
6. სახლში დაბრუნებისას, სიმთვრალის გამო ხომ არ გიხდებათ ხშირად თავის მართლება?
7. ხომ არ ამართლებთ ალკოჰოლის ხშირ და დიდი რაოდენობით მიღებას შემდეგი არგუმენტებით: “რა მექნა, დალევა დამაძალეს”, “ეტყობა სამუშაოზე ძალიან დავიღალე”, “ძალიან ნერვიული სამუშაო მაქვს”, “ შევხვდი დიდი ხნის უნახავ ამხანაგს” და სხვა.
8. ხომ არ სვამთ მარტო?
9. დროდადრო ხომ არ სვამთ დილით სახლიდან გასვლამდე?
10. ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღების გამართლებისათვის ხომ არ იყენებთ შემდეგ მიზეზებს: საყვარელი გუნდის წაგება, მეზობლის გარდაცვალება, უთანხმოება სამსახურში, ოჯახის რომელიმე წევრთან კონფლიქტი, საყვარელი გუნდის მოგება და სხვა.
11. ხომ არ გამოთქვამენ თქვენი ახლობლები სინანულს ან შეშფოთებას თქვენს მიერ ალკოჰოლის ხშირი მიღების გამო?
12. სტრესული მდგომარეობიდან გამოსვლის მიზნით, როგორც წესი, ხომ არ იღებთ ალკოჰოლს?
თქვენ ახლა შეასრულეთ ალკოტესტი, რომელსაც თუკი ნარკოლოგს ალკოჰოლიზმთან დაკავშირებული პრობლემით მიმართავდით, ვიზიტი ამ კითხვების გარეშე არ ჩაივლიდა.
ტესტის რეზულტატი კი ასე იკითხება: „12 კითხვიდან 7 კითხვაზე თუ პასუხი დადებითია, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ალკოჰოლიზმით დაავადების წინარე მდგომარეობა; იმ შემთხვევაში, თუკი არ შეწყვეტთ ალკოჰოლის მიღებას, დაავადდებით ალკოჰოლიზმით. სასურველია, მიმართოთ ექიმ-ნარკოლოგს რჩევისა და დახმარებისათვის.“
ბოლო წლებში, ექიმ-ნარკოლოგს რჩევისა და დახმარებისათვის ბევრად მეტი ადამიანი მიმართავს, ვიდრე უწინ, გაზრდილი მომართვიანობის ფონზე, კითხვებზე დადებითი პასუხების რაოდენობაც იზრდება და კიდევ უფრო ხშირად, დღეს, ნარკოლოგებს კრიტერიუმების მეორე ჯგუფის კითხვარის გამოყენება უწევთ, სადაც დადებითი პასუხების სიმრავლე ალკოჰოლიზმის დიაგნოზს ადასტურებს. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ გაახალგაზრდავდა ალკოჰოლდამოკიდებულთა ასაკიც, პაციენტთა უმრავლესობა კი ანამნეზის შეკრების დროს ასახელებს, რომ დასაწყისში, 17-18 წლის ასაკში „მოიხმარდა სიტუაციურად“, მეგობრების წრეში, შემდგომ ეტაპობრივად გადავიდა სისტემატიურ მოხმარებაზე და ჩამოუყალიბდა დამოკიდებულების სინდრომი.
როდესაც დემოგრაფები საგანგაშო სიგნალებზე საუბრობენ შობადობის შემცირებასთან დაკავშირებით, რეპროდუქტოლოგები კი უნაყოფობის გაზრდილ ციფრებს ასაჯაროვებენ, ჩვენ, ნარკოლოგებს გვაქვს ვალდებულება, რომ კიდევ ერთხელ და მრავალგზის გავამახვილოთ ყურადღება ალკოჰოლის ზედმეტად მოხმარების მავნე გავლენებზე მოზარდებსა და რეპროდუქციული ასაკის ადამიანებში.
რაღა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ კულტურასა და ტრადიციას, რომლის შესაბამისად ლხინსა თუ ჭირში, ადამიანები იღებენ ალკოჰოლს. საქართველო ღვინის წარმოების და მოხმარების მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს ითლის. ამ ტრადიციამ ქართულ გენში ჰპოვა ასახვა, რის გამოც ალკოჰოლიზმი არასდროს ყოფილა ქართველებისთვის სოციალური პრობლემა. მეტიც, ქრისტიანული რელიგია რიტუალშიც ღვინოს იყენებს, სახარებაში მოხსენიებული სასწაული, წყლის ღვინოდ გადაქცევაც ამაგრებს ჩვენს ტრადიციას და კულტურას.
მოდით, სამედიცინო კუთხით შევხედოთ პრობლემას, როგორც უკვე Aაღვნიშნეთ, ალკოჰოლიზმის ჩამოყალიბება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პირის გენეტიკურ-ბიოლოგიურ-ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ალკოჰოლის ერთნაირი რაოდენობით და სიხშირით მიღებისას ზოგიერთი ადამიანი შეიძლება ალკოჰოლიზმით დაავადდეს 2-3 წელიწადში (განსაკუთრებული რისკის ჯგუფს შეადგენენ ისინი, ვინც ალკოჰოლის ხშირი მიღება დაიწყო მოზარდობის ასაკში, ქალები და გენეტიკური ანომლიის მქონე პირები) ზოგიერთი კი, ალკოჰოლიზმით საერთოდ არ დაავადდეს. ცხადია ჩვენ მხედველობაში გვაქვს ის, ვინც ალკოჰოლს გონივრულ ჩარჩოებში მოიხმარს, თორემ ჭარბი, ხშირი სმა გარდაუვალად იწვევს ალკოჰოლიზმით დაავადებას. როდესაც ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებაზე ვლაპარაკობთ, ვგულისხმობთ სპირტის რაოდენობას სითხეში (ე.წ. გრადუსს), მიღებულს დროის ერთეულში და მოხმარების სიხშირეს, მიუხედავად იმისა საქმე გვაქვს ღვინოსთან, ლუდთან თუ არაყთან.
იმის გამო, რომ ალკოჰოლიზმი ხშირად ვითარდება დაავადების სიმპტომების თითქმის შეუმჩნეველი მატებით, ბევრი ჩვენთაგანი ვერ ამჩნევს ხიფათის მოახლოვებას, ამიტომ ეს ადამიანები გულწრფელად უპირისპირდებიან იმ ახლობლებს თუ მეგობრებს, რომლებიც შფოთავენ მათი ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების გამო. სწრედ ასეთი პირების თუ ოჯახის წევრების დასახმარებლად შექმნილია სხვადასხვა ტიპის კითხვარები, რომლებიც დაინტერესებულ პირს და/ან მისი ოჯახის წევრებს აძლევენ ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრის საშუალებას. ცხადია ყველა შემთხვევაში საბოლოო დიაგნოზი უნდა დასვას ექიმმა.
ქართველმა ნარკოლოგებმა შეიმუშავეს ტესტები, რომლებიც ითვალისწინებენ საქართველოში ალკოჰოლის მოხმარების ტრადიციებს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მკითხველთა უმრავლესობას მეორე ტესტის შევსება არ დასჭირდება, თუმცა, აქვე გთავაზობთ ტესტს კრიტერიუმების მეორე ჯგუფისთვის, ეს ტესტები ბევრ ოჯახს გაუწევს დახმარებას, დროულად მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას გადაუდებლად.
კრიტერიუმების II ჯგუფი
ქვემოთ მოყვანილ კითხვებზე პასუხი მოგცემთ საშუალებას, თავად დაადგინოთ, ხართ თუ არა დაავადებული ალკოჰოლიზმით.
1. ხომ არ გაქვთ ეპიზოდები, როდესაც ერთი თვის განმავლობაში თითქმის ყოველ დღე იღებთ ალკოჰოლს თრობამდე? ხომ არ არის ასეთი ეპიზოდების რაოდენობა წელიწადში ორზე მეტი?
2. ხომ არ გაქვთ ალკოჰოლის მიღების მუდმივი, ძლიერი სურვილი?
3. ხომ არ გქონიათ ალკოჰოლის მიღების სრული შეწყვეტის ან სასმელის მიღებაზე კონტროლის ორი ან მეტი წარუმატებელი მცდელობა?
4. ხომ არ შეგინიშნავთ, რომ მუდმივად ეძებთ ისეთ სიტუაციას, სადაც შესაძლებელი იქნება ალკოჰოლის მიღება?
5. ხომ არ ამჩნევთ, რომ ალკოჰოლის მიღების გამო სამუშაოს უხარისხოდ ასრულებთ?
6. ხომ არ ამჩნევთ, რომ ალკოჰოლის მიღების გამო თანამშრომლებს თქვენს მიმართ უარყოფითი განწყობა ჩამოუყალიბდათ?
7. ხომ არ დაიწყეთ ალკოჰოლის მიღება ნაკლებად ნაცნობ პირებთან ერთად, შეუფერებელ გარემოში?
8. ალკოჰოლის ხშირი მიღების გამო, ხომ არ დაგეწყოთ ფინანსური ან სამსახურეობრივი პრობლემები?
9. ალკოჰოლის მიღების გამო, ხომ არ შეწყვიტეთ ან მნიშვნელოვნად შეამცირეთ დრო, რომელსაც უთმობდით სოციალური და საოჯახო მოვალებების შესრულებას, ურთიერთობას ბავშვებთან, მეუღლესთან?
10. ამჩნევთ თუ არა, რომ ალკოჰოლის მიღების გარეშე გიჭირთ ფიზიკური თუ გონებრივი აქტივობა?
11. ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ალკოჰოლის მავნე გავლენის მიუხედავად, ხომ არ განაგრძობთ ალკოჰოლის დიდი ოდენობით მიღებას?
12. ალკოჰოლის მიღების შეწყვეტის პერიოდებში ხომ არ გინვითარდებათ შემდეგი სიმპტომები: გულისცემისა და სუნთქვის აჩქარება, არტერიული წნევის მომატება ან დაქვეითება, შემცივნება, გულისრევა, ღებინება, სისუსტე, ხელების კანკალი, მოუსვენრობა, სასმელის მიღების ძლიერი მოთხოვნილება?
13. ხომ არ გაგიჩნდათ აგრესია ახლობლების მიმართ, იმის გამო, რომ ისინი ხშირად გირჩევენ ალკოჰოლის მიღების სიხშირის და რაოდენობის შემცირებას?
თუ ოთხ კითხვაზე მაინც გაეცით დადებითი პასუხი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გამოხატული გაქვთ ალკოჰოლიზმით დაავადების ნიშნები. ალკოჰოლიზმის ექიმის გარეშე მკურნალობა, როგორც წესი, უშედეგოა; ამიტომ გთავაზობთ, დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმ-ნარკოლოგს დახმარებისთვის.
ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის
პრევენციის ცენტრის ექპერტთა ჯგუფი