ზედოზირების პრევენციის ყველაზე ქმედითი საშუალება – უარი ნარკოტიკს!

31 აგვისტო ნარკოტიკულ ზედოზირებასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეა. ამ დღეს გამართული ღონისძიებები და მიწოდებული ინფორმაცია საზოგადოებას შეახსენებს, რომ ყოველწლიურად ათეულობით ათასი ადამიანი იღუპება ნარკოტიკული ზედოზირებისგან. ამავე დროს,  დღის მთავარი გზავნილიატრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელია!

 ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი  უერთდება საერთაშორისო კამპანიას ზედოზირების შესახებ ცნობიერების ამაღლების თაობაზე. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გვესაუბრება ცენტრის  გენერალური დირექტორის მოადგილე ნარკოლოგიური მიმართულებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ხათუნა თოდაძე

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მიუხედავად გატარებული პრევენციული ღონისძიებებისა, ნარკოტიკული ზედოზირების და მისგან გამოწვეული სიკვდილის შემთხვევების რაოდენობა არ მცირდება, ხოლო ბევრ ქვეყანაში, უკანასკნელ წლებში, ზრდა შეიმჩნევა. ამის მიზეზი რამდენიმეა: ზოგადად ნარკოტიკების მოხმარების გაზრდა, ნარკობაზარზე დიდი რაოდენობით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოჩენა, რომელთაგან ზოგიერთი მაღალი ლეტალური (სასიკვდილო) პოტენციალის მატარებელია, ისეთი სინთეზური ნარკოტიკების მოხმარების ზრდა, რომელთა თვისებებიც მომხმარებლისთვის უცნობია, ორი ან მეტი ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერების ერთდროული ან დროის მოკლე პერიოდში მოხმარება, ნარკოტიკული ზედოზირებასთან დაკავშირებული სტიგმა და ა.შ.

რომელ ნარკოტიკულ საშუალებებზე ფიქსირდება ყველაზე ხშირად სასიკვდილო ზედოზირების შემთხვევები?

მსოფლიოში სასიკვდილო ზედოზირების შემთხვევების 75%-ზე მეტი გამოწვეულია ოპიოიდებით: როგორც ბუნებრივი ოპიატებით – ჰეროინი, მორფიუმი, ისე სინთეზური ნივთიერებებით, რომელთაგან განსაკუთრებულად „მკვლელ ნარკოტიკებად“ მიჩნეულია ფენტანილი და ფენტანილის მაგვარი სუბსტანციები. ოპიოიდები მოქმედებენ სასიცოცხლო ფუნქციებზე, მათ შორის, სუნთქვის ცენტრზე. დოზის გადაჭარბებისას, სწორედ, სუნთქვის ცენტრის ბლოკირება და სუნთქვის გაჩერება ხდება, რაც სწრაფი სიკვდილის მიზეზი ხდება. ოპიოიდებით ზედოზირების რისკს ზრდის მათი ინექციური მოხმარება და ოპიოიდებთან ერთად სხვა ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მიღება. ფსიქოტროპული ნივთიერებებიდან, რომლებიც ოპიოიდებით ზედოზირების რისკს ზრდის, განსაკუთრებით აღსანიშნავია დამამშვიდებელი, საძილე, ანტიდეპრესიული, გულყრის საწინააღმდეგო წამლები და ალკოჰოლი.

სასიკვდილო ზედოზირებათა 25% მოდის არაოპიოიდური ტიპის ნარკოტიკებზე, როგორც მასტიმულირებელ, ისე გამაბრუებელ და ფსქოდელიურ (ჰალუცინაციების გამომწვევ) საშუალებებზე. ბოლო წლებში ბევრი სიკვდილის ფაქტი დაფიქსირდა ამფეტამინებისა და მეტამფეტამინების, ექსტაზისა და მისი ანალოგების, GHB/GBL-ის, სინთეზური კაბინოიდების (ე.წ. „ბიო“) გამოყენებისას.

განსაკუთრებული ხიფათის მომტანია ე.წ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები (აფნ), ვინაიდან, ხშირად, მომხმარებელმა არ იცის კონკრეტულად რა ნივთიერება შეიძინა, როგორია მისი მოქმედების სიმპტომები და რა დოზით უნდა მიიღოს ის. ამასთან, ხშირად ერთ შეფუთვაში ორი ან მეტი ნივთიერებაა შერეული, რაც მათ ტოქსიკურ ეფექტს აძლიერებს. გასათვალისწინებელია, რომ ხშირად დასახმარებლად მოსულ ექიმებსაც უძნელდებათ იმის დადგენა, თუ რა ტიპის ნივთიერებითაა გამოწვეული ინტოქსიკაცია, ვინაიდან შესაძლოა, რომ კონკრეტული აფნ-ს შესახებ ინფორმაცია ჯერ არც იყოს ცნობილი და მიწოდებული მედიცინის მუშაკებისთვის. ეს კი ართულებს მიზანმიმართული, ეფექტური სამედიცინო დახმარების გაწევას.

მომხმარებელთა დამოკიდებულება უფრო ლოიალურია ე.წ. კლუბური ნარკოტიკების მიმართ, რამდენად მაღალია მათი მოხმარების შემთხვევებში ზედოზირების რისკი?

ე.წ. კლუბური ნარკოტიკებიც შესაძლოა გახდეს სიკვდილის მიზეზი, რაც, სამწუხაროდ, საქართველოს მაგალითზეც ცნობილია ჩვენი საზოგადოებისთვის. ამ შემთხვევაშიც, ადამიანებმა ხშირად არ იციან, არის თუ არა მისთვის შეთავაზებული ნარკოტიკი ნამდვილად იმ დასახელების, რასაც მას ნარკოდილერი ეუბნება. უფრო მეტიც, ეს შესაძლოა, თავად ნარკოდილერისთვისაც არ იყოს ცნობილი. გარდა ამისა, კლუბში ხშირად ამატებენ ალკოჰოლს. ზოგიერთი კლუბური ნარკოტიკი იწვევს სხეულის ტემპერატურის მომატებას, რაც ცეკვის დროს ოფლდენასთან ერთად იწვევს ორგანიზმიდან წყლის დაკარგვას და გაუწყლოებას, რაც შესაძლოა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი გახდეს.

განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ არიან ახალბედები, ვინაიდან მათი ორგანიზმი არ არის შეჩვეული ნარკოტიკის მოხმარებას, არ იციან თუ როგორ მოიხმარონ, ხშირად ურევენ სხვადასხვა ნივთიერებას. აღსანიშნავია, რომ გამოუცდელი ადამიანი გაბრუების ფონზე, ხშირად ვერ ხვდება, რომ ცუდად არის და დახმარება ესაჭიროება.

ამ შემთხვევაში რა მთავარი რეკომენდაცია არსებობს მომხმარებლებისა და მათი ახლობლებისთვის?

ზედოზირების მიმართ სტიგმაზე როცა ვსაუბრობ, ვგულისხმობ, რომ როგორც თავად მომხმარებელი, ისე მისი ახლობლები ერიდებიან ხოლმე სამედიცინო დახმარების გამოძახებას. ამის ძირითადი მიზეზი იმის შიშია, რომ ისინი პოლიციის თვალთახედვის არეში არ მოხვდნენ. ადრე  სასწრაფო დახმარების ბრიგადა ან ჰოსპიტალი ვალდებული იყო, რომ ნარკოტიკული ზედოზირების ფაქტი შეეტყობინებია პოლიციისთვის. 2014 წელს ჯანდაცვის მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც სამედიცინო პერსონალს ეს ვალდებულება მოეხსნა. ახლა ნარკოტიკით ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძახებულ სასწრაფო დახმარებას აღარ მოყვება სამართალდამცავთა ბრიგადა და არც შემდგომში არ აძლევენ მათ რაიმე ინფორმაციას ინტოქსიკაციაში მყოფი ადამიანის შესახებ. თუმცა, შიში მაინც დარჩა. არადა, დროულად მოსულ ექიმებს რამდენი ადამიანისთვის შეუნარჩუნებიათ სიცოცხლე!

ზედოზირების პრევენციის ბევრი საშუალება არსებობს, მაგრამ ყველაზე ქმედითი მაინც ერთია: ნუ გარისკავ, ნუ მოიხმარ ნარკოტიკს!