თვითმყოფადი და გამორჩეული ქართული ფსიქიატრიული სკოლის დაარსება პროფესორ მ.ასათიანის (1882-1938) სახელს უკავშირდება. 1921 წელს იგი სათავეში ჩაუდგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტის ფსიქიატრიის კათედრას. ფაკულტეტის უკვე პირველმა გამოშვებამ ქართულ ფსიქიატრიას შესძინა ისეთი აღიარებული სპეციალისტები და მეცნიერები, როგორებიც იყვნენ ნინო ვეშაპელი (პირველი ქართველი ფსიქიატრი ქალი) და გ. შენგელაია, ხოლო მოგვიანებით – ირ. მენთეშაშვილი, ევ. გობრონიძე. ე. ნაკაშიძე და სხვა. პროფ. ასათიანის, მისი თანამოაზრეების – ალ.სავანელი და არ.გოცირიძე, გვერდით დაიწყო თავისი მოღვაწეობა ქართული ფსიქიატრიული სკოლის ფუძემდებელმა, ცნობილმა ფსიქიატრმა და საზოგადო მოღვაწემ, სსრკ მედიცინის მეცნიერებათა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიების აკადემიკოსმა – ავლიპი ზურაბაშვილმა, რომელიც 1938-1988 წლებში სათავეში ედგა მ. ასათიანის მიერ 1925 წელს დაარსებულ ფსიქიატრიის ს/კ ინსტიტუტს.
სწორედ ამ ინსტიტუტში აღიზარდნენ მედიცინის დოქტორები, თვალსაჩინო ფსიქიატრები, რომელთა ღვაწლი არაერთხელ დაფასდა სახელმწიფო ჯილდოებით: აკად. ბ.ნანეიშვილი, ა.მაკარიძე, შ.გამყრელიძე, ფ.კონტრიძე, ი.ბჟალავა, მ.მესტიაშვილი, ს.წულაძე, ვ.იაშვილი, ნ.კუტალია, ო.ჭითავა, გ.შარაშიძე, რ.მესხი, რ.ჭუმბურიძე, თ.შიუკაშვილი, ნ.ჩხეიძე, გ.ბეგიაშვილი, ნ.სავანელი, გ.ლეჟავა, ზიგ.ზურაბაშვილი, ზ.ზურაბაშვილი, გ.ნანეიშვილი, ლ.მენთეშაშვილი, მ.ბოკუჩავა, თ.სილაგაძე, ს.სურგულაძე, ი.ლაზარიშვილი, დ.ზურაბაშვილი, ნ.ოკრიბელაშვილი, ა.მამარდაშვილი, ვ.კაშია, რ.კორინთელი, ზ.ბერია, ე.ჭყონია, ვ.კენჭაძე, მ.გეგელაშვილი, მ.ჯიშკარიანი და სხვ.
2011 წელს ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების რეფორმის შედეგად მ.ასათიანის სახ. ფსიქიატრიის ს/კ ინსტიტუტი გარდაიქმნა ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ფსიქიატრიულ სერვისად. ცენტრის კოლექტივს გააზრებული აქვს, რომ ფსიქიატრია – მხოლოდ მედიცინის დარგი არაა. ფსიქიკური პრობლემების მქონე ბენეფიციარებს, ხშირად მედიატორიც სჭირდება ოჯახთან თუ საზოგადოებასთან, რადგან, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ხშირია მათი უფლებების შელახვა.
დღეს ჩვენი მიზანია, ვემსახუროთ ფსიქიკური ჯანმრთელობის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას. ზოგადად, ფსიქიკური ჯანმრთელობა უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე „სულით დაავადების“ ან ფსიქიკური აშლილობის არარსებობა. იყო ფსიქიკურად ჯანმრთელი, ნიშნავს – მკაფიოდ გრძნობდე საკუთარ ფიზიკურ და სულიერ კეთილდღეობას, ღირსებას და მნიშვნელობას; გაგაჩნდეს უნარი – კონტროლი გაუწიო საკუთარ აზრებს და მოქმედებებს; გადალახო ყოფითი სიძნელეები და საკუთარ თავზე აიღო გარკვეული პასუხისმგებლობა; დაამყარო, შეინარჩუნო და განავითარო ურთიერთობები ადამიანებთან.
ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ფსიქიატრიული სერვისები გთავაზობთ აქტიურ თანამშრომლობას, რათა ერთობლივი ძალისხმევით ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში აღმოცენებული პრობლემები დროულად და ადრეულ ეტაპზევე დავამარცხოთ.