წამალდამოკიდებულ პაციენტთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია – კომპლექსური გზა ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ

წამალდამოკიდებულება ბიო-ფსიქოსოციალური დაავადებაა, რომლის დროსაც ზიანდება, როგორც ბიოლოგიურ-ფიზიოლოგიური კომპონენტი, ასევე ადამიანის ფსიქოლოგიური და პიროვნული მახასიათებლები – ფასეულობები, დამოკიდებულებები, შესაძლებლობები, რაც აისახება პიროვნების ქცევასა და მის სოციალურ კავშირებზე, საზოგადოებაში ფუნქციონირებასა თუ უნარ ჩვევებზე.ნარკოტიკზე დამოკიდებულება ხშირად დაკავშირებულია კრიმინალურ, დესტრუქციულ და ასოციალურ ქცევასთან. წამალდამოკიდებულება, როგორც დაავადება, იკურნება!  მკურნალობის ეფექტურობასა და მოსალოდნელ შედეგებზე გვესაუბრება ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელი სოფო მოსია

რა მეთოდით ხდება წამალდამოკიდებულ პაციენტთა მკურნალობა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში?

  • ნივთიერებებზე დამოკიდებულ პირებს ცენტრი სთავაზობს მკურნალობის იმ მეთოდებს, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ საუკეთესო პრაქტიკასა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით არის რეკომენდებული, ნარკოტიკული და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებელ პირთა სტაციონარული და ამბულატორიული დეტოქსიკაციის პროგრამის ფარგლებში და შემდგომ მედიკო-ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას.მკურნალობის ეფექტურობა იზრდება სამკურნალო-სარეაბილიტაციო მეთოდების კომპლექსური გამოყენებისას, როდესაც დამოკიდებულ პიროვნებას ეხმარება პროფესიონალთა გუნდი – ექიმი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი. დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახისა და ახლობლების სწორ თანადგომას. თუმცა ეფექტური მკურნალობის მთავარი წინაპირობა თავად პაციენტის მზაობაა მკურნალობისა და საკუთარი ცხოვრების დადებითი ტრანსფორმაციისთვის.

რა ტიპის სერვისია პაციენტის  მედიკო-ფსიქოლოგიური დახმარება?

  • ნარკოტიკებზე, ალკოჰოლზე და სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულების მკურნალობის უმნიშვნელოვანეს ეტაპს ფსიქო-სოციალური დახმარება წარმოადგენს, რაც საშუალებას აძლევს ადამიანს, პრობლემის გაცნობიერებისა და მასთან სწორად ბრძოლის შედეგად, გაიუმჯობესოს თვითშეგრძნება, მოახდინოს საზოგადოებაში ინტეგრირება და ადაპტირება, აღიდგინოს ან შეიძინოს ჯანსაღი ცხოვრების, საზოგადოებაში ეფექტური ფუნქციონირებისა და საკუთარ დაავადებასთან შებრძოლების უნარ-ჩვევები და ბოლოს, დაძლიოს დამოკიდებულება. ამ სერვისს უზრუნველყოფს ცენტრის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის განყოფილება.

 

რას გვთავაზობს ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის   ცენტრი?

  • განყოფილება უზრუნვეყოფს პაციენტის ფსიქოლოგიურ დახმარებას, ფსიქოდიაგნოსტიკით დაწყებული, ინდივიდუალური თუ ჯგუფური ფსიქოთერაპიის, ასევე ოჯახური ფსიქოთერაპიის ჩათვლით. ცენტრში მუშაობს თვითდახმარების ჯგუფი, პაციენტი სწავლობს კონფლიქტების მართვა-მოგვარებას, მკურნალობის პროცესში წარმატებით ვიყენებთ არტთერაპიისა და ერგოთერაპიის მეთოდებს. ასევე გამოიყენება თანამედროვე და ეფექტური ფსიქოთერაპიული მეთოდები: კოგნიტურ-ბიჰევიორისტული თერაპია, მოტივაციური ინტერვიუ, ჰუმანისტურ-ეგზისტენციალური ფსიქოთერაპია, კლიენტზე ცენტრირებული თერაპია.

 

როგორ მუშაობს ცენტრის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამა?

  • სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამა უზრუნველყოფს კლიენტის დახმარებას მისთვის საჭირო სამედიცინო და სოციალური დახმარების მიღებაში „შემთხვევის მართვის“ მეთოდიკის გამოყენებით.

ვმუშაობთ ბენეფიციარის ფსიქო-სოციალური კონფლიქტების გადაწყვეტაზე „გამოსავალზე ორიენტირებული კონსულტირების“ (SFBT)  მეთოდიკის  გამოყენებით. გარდა ამისა, ჩვენ ვახდენთ ნებაყოფლობითი ტესტირებისა და კონსულტირებისათვის რისკ-ჯგუფების (ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების) იდენტიფიცირებას და მათ მოზიდვას ცენტრში.

ნივთიერებებზე დამოკიდებულების დროს ხშირად დგება პიროვნების საზოგადოებაში ინტეგრაციისა და ადაპტაციის საკითხი, რასაც ხელს უწყობს რემისიაში (ნივთიერებებისგან თავშეკავების მდგომარეობა) მყოფი ადამიანის დასაქმება, სასწავლო თუ პიროვნული ზრდის ტრენინგი.

გვიამბეთ არტთერაპიისა და ერგოთერაპიის მნიშვნელობაზე რეაბილიტაციის პროცესში

  • არტთერაპია-ერგოთერაპია – წარმოადგენს ფსიქო-კორექციული ინტერვენციის ერთ-ერთ ეფექტურ მიდგომას. პაციენტებს საშუალება ეძლევათ გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები და განახორციელონ თანმიმდევრული კონსტრუქციული აქტივობები (ხატვა, ძერწვა, ხეზე და ლითონზე მუშაობა), რომელიც მიმართულია წარმოსახვისა და ნებელობის ფუნქციების განვითარებაზე. ამ სახის აქტივობები მნიშვნელოვნად განაპირობებს კონსტრუქციული ქცევის ჩამოყალიბებას, რაც ნარკოტიკებზე დამოკიდებულების დროს პირდაპირპროპორციულად იცვლება.

როგორც ვიცით, ცენტრში მკურნალობის პროცესში აპრობირებულია „ციგუნის“ მეთოდიც

  • მკურნალობისა და რეაბილიტაციის აღმოსავლური მეთოდი ციგუნი – წარმოადგენს ჩინურ სამკურნალო განხრას, რომელიც შეიცავს კომპლექსურად ფიზიკურ, მენტალურ, სუნთქვით, ენერგეტიკულ სავარჯიშოებს, რაც ეხმარება ადამიანს ემოციური და ფსიქოლოგიური პრობლემებისგან (სტრესი, აგრესია, მეხსიერების პრობლემები, ნერვული აშლილობა) განთავისუფლებაში, სრული რელაქსაციის, ფიზიკური ჰარმონიულობის მიღწევაში. აღნიშნული მეთოდი აუმჯობესებს  ადამიანის იმუნურ სისტემას და შინაგანი ორგანოების უკეთ ფუნქციონირებას.

ცენტრში ასევე მიმდინარეობს სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუშაობა.   ჩვენი სპორტული დარბაზი თანამედროვე სპორტული ინვენტარითაა აღჭურვილი. აქ ტარდება ფიზიკურ-გამაჯანსაღებელი პროცედურები, რომლებიც, გარდა ფიზიკური გაჯანსაღებისა, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პაციენტების მიერ აგრესიულობის მართვას, შფოთვის და დეპრესიის მაღალი დონის რეგულირებას.

რა ღირს  ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრის მომსახურება?

  • ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრის მომსახურება სრულიად უფასოა ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებში ჩართული პირებისათვის, ასევე მათთვის,  ვინც უკვე ჩაიტარა სტაციონარული ან ამბულატორიული დეტოქსიკაცია.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ცენტრის

ცხელ ხაზს 2 0301053

ან მოგვწერეთ სოციალურ ქსელში მისამართზე: https://www.facebook.com/cmhpa.ge