ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს მწვავე ფსიქოზური სიმპტომებით (ან მასთან გათანაბრებული ემოციური და ნებითი სფეროს დარღვევები) მიმდინარე მწვავე ფსიქიკური მდგომარეობის კუპირებას, ხორციელდება ცენტრის მოკლევადიანი (ე.წ. მწვავე განყოფილება) და გრძელვადიანი (ე. წ. „ქრონიკული“) განყოფილებების ჩართულობით.
პაციენტი მოკლევადიან განყოფილებაში თავსდება ან თავისი თანხმობით, ან სასამართლოს გადაწყვეტილებით არანებაყოფლობითი მკურნალობის შესახებ. არანებაყოფლობით მკურნალობას ექვემდებარებიან პაციენტები, რომლებიც „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლს აკმაყოფილებენ, კერძოდ, წარმოადგენენ საფრთხეს საკუთარი, ან/და გარშემომყოფთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ან/და პაციენტის და მესამე პირთა ქონებისათვის.
პროცედურულად, პაციენტის სტაციონარში არანებაყოფლობითი მოთავსება ხორციელდება შემდეგნაირად:
სტაციონარში პაციენტის მოთავსებიდან 48 საათის განმავლობაში, ექიმთა კომისიის დასკვნის საფუძველზე, ცენტრი შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს არანებაყოფლობითი მკურნალობის შესახებ ბრძანების გამოცემის თაობაზე. სასამართლო არაუგვიანეს 24 საათისა ატარებს სასამართლო სხდომას და იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების, ან არდაკმაყოფილების შესახებ.
ცენტრი არ არის ხანგრძლივი დაყოვნების ფსიქიატრიული დაწესებულება, ამისთვის არსებობს სპეციალიზებული დაწესებულებები.
ზემოაღნიშნული კანონის მე-7 მუხლის მიხედვით, ცენტრი იღებს ვალდებულებას მიმართოს სასამართლოს პაციენტის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარდაჭერის მიმღებად ცნობილი პაციენტები, შემდგომში მოთავსებულები იქნებიან ხანგრძლივი დაყოვნების სპეციალიზებულ დაწესებულებაში. ფსიქიატრიული სტაციონარული მკურნალობისას გამოიყენება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებები და საქართველოს კანონი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“.