გაეროს 2020 წლის ნარკოანგარიში საქართველოს რაკურსით

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნარკოტიკებისა და დანაშაულის ოფისმა 2020 წლის მსოფლიო ნარკოანგარიში გამოაქვეყნა, მასში თავმოყრილია ინფორმაცია გაეროს წევრი ქვეყნების ნარკოპოლიტიკის და არსებული მდგომარეობის შესახებ, მოცემულია ანალიზი და დასკვნები წევრი სახელმწიფოების ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ და რეკომენდაციები, ახალი COVID-19-ის ფონზე მსოფლიოში არსებული გამოწვევების თაობაზე ნარკოპოლიტიკის მიმართულებით.

2020 წლის ანგარიშში ასევე წარმოდგენილია ოპიატების, კოკაინის, ამფეტამინის ტიპის სტიმულატორების, კანაბისის – მარიხუანას და ახალი ფსიქოაქტიური სუბსტანციების ხელმისაწვდომობის და მოთხოვნილების გლობალური მიმოხლვა და მათ მიერ გამოწვეული უმძიმესი შედეგები მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, სოციალურ მდგომარეობაზე, ქვეყნების ეკონომიკაზე და დასკვნები ნარკოტიკების პრობლემის მდგრადი განვითარების, უსაფრთხოებასთან და ადამიანის უფლებების პატივისცემასთან ურთიერთდამოკიდებულებაზე.

მსოფლიო ანგარიშის ნაწილში, დავინტერესდით რა პოზიცია უჭირავს საქართველოს, რა რეკომენდაციებია და რისი გათვალისწინება მოგვიწევს პანდემიის ფონზე, ქვეყანაში არსებული ნარკოვითარების მიმართულებით. ამ კითხვებით მივმართეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის მ. ასათიანის სახ. ფსიქიატრიის და ნარკომანიის სამეცნიერო ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარეს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ გელა ლეჟავას

 ბატონო გელა, რა მთავარი აქცენტებია გაეროს 2020 წლის ანგარიშში და რა  მითითებები აქვს გაეთიანებული ერების ნარკოტიკებისა და დანაშაულის ოფისს არსებული ტენდენციის შესაცვლელად უკეთესობისკენ?

ადამიანების, საზოგადოების და სახელმწიფოების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მჭიდროდ უკავშირდება ნარკოტიკების პრობლემას. არაკეთილსაიმედო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ხელს უწყობს ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული პრობლემების ზრდას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას, ადამიანების პერსპექტივებს მიიღონ სათანადო განათლება, სამუშაო, დამაკმაყოფილებელი მატერიალური ანაზღაურება, რაც უარყოფითად აისახება მათ ოჯახებზე და საზოგადოებაზეც. ყოველწლიურად კეთდება აქცენტი იმაზე, რომ ნარკომანიის მანკიერი წრის გასარღვევად, მარგინალიზაციის და სოციალურ-ეკონომიკური არასახარბიელო პერსპექტივების დასაძლევად, საჭიროა პროგრამები, რომლებიც აკავშირებს ანტინარკოტიკულ ღონისძიებებს – ეფექტურ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ნარკომანიის პრევენციას და დახმარებას, აგრეთვე ნარკოტიკების უკანონო წარმოებისა და ბრუნვის პრევენციის მიზნით, შესაბამის პოლიტიკას და პროგრამებს, მიმართულს საზოგადოებასა და ცალკეულ პირებზე – საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, უსაფრთხოების გაუმჯობესებისკენ, ეკონომიკური განვითარების სტიმულირებისკენ და სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობის შემცირებისკენ.

წლევანდელი ანგარიშიც ამ მხრივ გამონაკლისი არ გახლავთ, მასში აღნიშნულია, რომ მსოფლიოში ნარკოტიკების მოხმარების ზრდის ტენდენცია გრძელდება, რაც ბევრი ფაქტორით არის განპირობებული, მათ შორის გაზრდილი ურბანიზაციით, მოზარდთა რაოდენობის ზრდით, სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებით და უკვე პანდემიის ფაქტორითაც, და ამ მავნე წრის გასარღვევად, გაეროს დასკვნის მიხედვით, არსებობს მხოლოდ ერთი გამოსავალი: ნარკომანიის პრევენციის, მკურნალობა-რეაბილიტაციის, სამართლებრივი უზრუნველყოფის ღონისძიებების დაფუძნება ჭეშმარიტ სტატისტიკური მონაცემების მეცნიერულ ანალიზზე. მიღებული მონაცემებიდან გამომდინარე ღონისძიებები, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს.

ნარკომანიის პრობლემისადმი ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს ეკონომიკის გაჯანსაღებას, დანაშაულის შემცირებას, სოციალური უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესებას და ზოგადად საზოგადოების კეთილდღეობის ზრდას. ეს გახლავთ გაეროს მთავარი მესიჯი, რასაც მეც დავამატებდი, რომ ჩვენს ქვეყანაში ნარკომანიასთან ბრძოლის გასაღები საზოგადოების ხელშია, საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ესეც ერთგვარი პანდემიაა ქვეყნისთვის და ისეთი ერთსულოვნება გვჭირდება, როგორც ბოლო დროს ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ, მე ამას ბრძოლას არც დავარქმევდი, ესაა საზოგადოებრივი განწყობების, სამოქალაქო ძალის სწორი მიმართვა ნარკოდანაშაულის და მოხმარების აღსაკვეთად.

პანდემია ახსენეთ, ანგარიშში, როგორც ვიცით, დიდი ადგილი დაეთმო COVID-19-ის გავლენას პოლიტიკურ შედეგებზე, რა გავლენაზეა საუბარი?

 COVID-19-ით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა შეიძლება გაამწვავოს მოსახლეობის დაუცველი ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რამაც თავის მხრივ შეიძლება უფრო დიდი ინტერესი გამოიწვიოს არალეგალური ქმედებების მიმართ, მათი ლეგალური საქმიანობის და შემოსავლის დაკარგვის კომპენსაციის  მიზნით, როგოროც გადარჩენის საშუალება. COVID-19-ით გამოწვეული შეზღუდვების გაუქმების შემდეგ, ეკონომიკურმა დარტყმამ შესაძლებელია გამოიწვიოს ნარკოტიკების მოხმარების მომატება, როგორც ეს უკვე იყო წარსულში.

ანტინარკოტიკული პროგრამების კავშირი  განვითარების სფეროს ღონისძიებებთან, რომელსაც ჩვენი მთავრობაც გეგმავს რომ მიიღოს კრიზისის ნეგატიური სოციალურ-ეკონომიკური ეფექტის შემცირების  მიზნით, ხელს შეუწყობს COVID-19 პანდემიით გამოწვეული, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით დარღვევების მქონე პირების  რაოდენობის შემდგომი ზრდის პრევენციას. დღეს, როდესაც  გვიახლოვდება COVID-19 პანდემიით გამოწვეული გლობალური ეკონომიკური კრიზისი, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია, შემცირებული სახელმწიფოერბრივი რესურსები მიმართული იქნეს ეფექტური ზომების დასაფინანსებლად და არ დაიხარჯოს ისეთი ქმედებების მხარდაჭერაზე, რომლებსაც არ გააჩნიათ სამეცნიერო საფუძველი ან დაბალი ეფექტურობა აქვთ.

გაეროს ანგარიში ზოგადად, მთელი მსოფლიოს სურათის გათვალისწინებით დაიწერა, როგორია უფრო კონკრეტულად ვითარება ჩვენს ქვეყანაში?

ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს ნაწილია და გახსნილი საზღვრების პირობებში, ნებისმიერი ძვრა ეხება სამყაროს იმ ნაწილსაც, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, მეტი ან ნაკლები დოზით.

ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური აქტივობის დონის მკვეთრი ვარდნა და მასთან დაკავშირებული ადამიანების მატერიალური მდგომარეობის გაუარესება, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც წაახალისებს ადამიანებს ნარკობიზნესისკენ, საარსებო საშუალებების მოსაპოვებლად. ეპიდემიით გამოწვეული შეზღუდვების მოხსნა კი ხელს შეუწყობს ნარკოტიკების მოხმარების ზრდას, როგორც ხდებოდა წარსულში. სწორედ ამ მიმართულებით გასცემს მნიშვნელოვან რეკომენდაციებს გაერო, რაც აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ჩვენს მიერ.

როგორია თქვენი, როგორც დარგის ექსპერტის რეკომენდაციები საქართველოს მოსახლეობისთვის და მათთვის, ვინც ქმნის ქვეყანაში ნარკოპოლიტიკას?

COVID-19 პანდემიამ თვისობრივად შეცვალა ნარკოპრობლემის მნიშვნელობა საზოგადოების კეთილდღეობისათვის.  გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუერესი მიიჩნევს, რომ შექმნილ სიტუაციაში მეცნიერული ანალიზის ნდობა და მჭიდრო თანამშრომლობა პანდემიის დამარცხების ძირითადი იარაღია. გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულის ოფისის დირექტორი მიიჩნევს ანალოგიური იარაღი უნდა იქნეს გამოყენებული მსოფლიო ნარკოპრობლემების მიმართ.

ასეთი მიდგომა დღეს უფრო აუცილებელია, ვიდრე ოდესმე, რადგან პანდემიამ მნიშვნელოვნად გაამძაფრა ნარკომანიის პრობლემა მსოფლიოში.

ნარკოსიტუაციის გაუარესება მეტ-ნაკლებად ყველა ქვეყანას შეეხო, მაგრამ განსაკუთრებით დიდ ხიფათს წარმოადგენს ეს პრობლემა ისეთი ქვეყნებისთვის, როგორც საქართველოა, მარტივი მიზეზის გამო. ქართველები გერმანელების, იტალიელების, ფრანგების, თუნდაც პორტუგალიელების, ჩეხების და სხვა ერებისგან განსხვავებით მეტად მცირერიცხოვანი ერია. ამ ერებისგან განსხვავებით, რომლებსაც შეუძლიათ ნარკომანიის გამო დიდი პრობლემების გარეშე, დაკარგონ მოსახლეობის გარკვეული პროცენტი, ქართველებში ანალოგიური პროცენტის დანაკარგი შეუქცევად პროცესებს გამოიწვევს – ჩვენს შეუქცევად რიცხობრივ კლებას. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ყველა ევროპული ქვეყანა ჯანდაცვის და მათ შორის ნარკომანიის პრობლემაზე ბევრად მეტ თანხებს ხარჯავს, ვიდრე ჩვენ, მათ შორის ნარკომანიის პრევენციაზე, მკურნალობაზე და რეაბილიტაციაზე, ნათელი გახდება, რომ ქართველებს ამ პრობლემის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს. განსაკუთრებით ზიანის მომტანია იმ დილეტანტი ვაი ექსპერტების მოსაზრებები, რომელთა დასასაბუთებლად მათ უცხოეთის მაგალითები მოჰყავთ. შეიძლება შევადაროთ ვთქვათ ნოდერლანდების ნარკოკანმონმდებლობა ქართულ ნარკოკანონმდებლობას? ნიდერლანდების მთავრობა ერთ მოქალაქეზე მარტო ნარკოპრობლემებზე 120 დოლარს ხარჯავას წელიწადში. სხვები 90, 80, სულ ცოტა 50-40 დოლარს!

გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულის ოფისის წლიურ ანგარიშში, მრავალრიცხოვან, მრავალფეროვან სტატისტიკურ კვლევებზე დაყრდნობით მოყვანილი დასკვნები, ფაქტობრივად მოუწოდებს მთავრობებს მეცნიერული კვლევების საფუძველზე მიიღონ შესაფერისი ზომები მათი ქვეყნების რეალური სიტუაციის გათვალისწინებით, არ დაიშურონ ფული ამ პრობლემების მოგვარებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში უმძიმეს შედეგებს მოიმკიან.