ნარკოლოგია

ნარკოტიკებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მავნედმოხმარება და მათზე დამოკიდებულება დღევანდელი მსოფლიო საზოგადოების ერთერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა.  ნივთიერებებზე დამოკიდებულება (წამალდამოკიდებულება, ნარკომანია), ეს არის დაავადება, რომელიც მრავალი სხვადასხვა მიზეზითაა განპირობებული. დღეს ნივთიერებებზე დამოკიდებულება განისაზღვრება, როგორც ბიო-ფსიქო-სოციალური დაავადება, რაც იმას მიუთითებს, რომ ეს ავადმყოფობა, ერთი მხრივ, განპირობებულია კომპლექსური - ბიო-ფსიქო-სოციალური მიზეზებით, ხოლო მეორე მხრივ, ზემოქმედებს ადამიანის განვითარებისა და ფუნქციობის ყველა ძირითად ასპექტზე: დამოკიდებულების დროს ზიანდება, როგორც ბიოლოგიურ-ფიზიოლოგიური კომპონენტი, ასევე ადამიანის  ფსიქოლოგიური და პიროვნული მახასიათებლები - ფასეულობები, დამოკიდებულებები, შესაძლებლობები, შინაგანი და გარე რესურსების გამოვლენის, გამოყენებისა და განვითარების უნარი, რაც აისახება პიროვნების ქცევასა (ნარკოტიკზე დამოკიდებულება ხშირად დაკავშირებულია დესტრუქციულ, ასოციალურ და ზოგჯერ, კრიმინალურ ქცევასთან) და მის სოციალურ კავშირებზე, ოჯახსა და საზოგადოებაში აქტივობაზე; ადამიანის სხვადასხვა უნარ-ჩვევაზე, მათ შორის იმ უნარ-ჩვევებზე, რომლებიც აუცილებელია ნარკოტიკების მიღების ხელშემწყობ ფაქტორებთან საბრძოლველად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამ დაავადების მკურნალობის ეფექტურობა იზრდება სამკურნალო-სარეაბილიტაციო მეთოდების კომპლექსური გამოყენებისას, როდესაც დამოკიდებულ პიროვნებას ეხმარება პროფესიონალთა გუნდი - ექიმი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი. დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახისა და ახლობლების სწორ თანადგომას. ნივთიერებებზე დამოკიდებულების დროს ხშირად დგება პიროვნების საზოგადოებაში ინტეგრაციისა და ადაპტაციის საკითხი, რასაც ხელს უწყობს რემისიაში (ნივთიერებებისგან თავშეკავების მდგომარეობა) მყოფი ადამინის დასაქმება, სასწავლო თუ პროფესიული ტრენინგი.

 

თუმცა ეფექტური მკურნალობის მთავარი წინაპირობა თავად პაციენტის მზაობაა მკურნალობისა და საკუთარი ცხოვრების დადებითი ტრანსფორმაციისთვის.

 

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი ნივთიერებებზე დამოკიდებულ პირებს სთავაზობს მკურნალობის იმ მეთოდებს, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ საუკეთესო პრაქტიკასა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით არის რეკომენდებული:

 

  1. ნარკოტიკული და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებელ პირთა სტაციონარული და ამბულატორიული დეტოქსიკაცია და შემდგომი მედიკო-ფსიქოლოგიური მხარდაჭერა;
  2. ნარკოტიკული და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული ფსიქოზური მდგომარეობების მკურნალობა;
  3. ალკოჰოლიზმის მკურნალობა;
  4. ოპიოიდებზე დამოკიდებულ პირთა ჩანაცვლებითი თერაპია (აგონისტებით მხარდამჭერი თერაპია);
  5. ხანგრძლივი ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია.

სტატიები ბლოგიდან

ნინო ოკრიბელაშვილი 2019-10-09 08:15:16

40 წამი მოქმედებისთვის...

სიკვდილი – სიცოცხლის გაგრძელებაა,  და რადგან იგი ბუნებრივად, ადამიანთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, გაურკვეველ დროს მოდის, საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა ბუნების კანონზომიერებებს არღვევს.

ანტიკურ ეგვიპტეში თვითმკვლელობა აღიარებული იყო გაუსაძლისი ყოფითი პირობებისაგან ხსნის გზად, რომის იმპერიაში, ეს ფენომენი თავისუფალი ადამიანის ღირსების ფინალურ აქტად ითვლებოდა. იაპონელები უდიდესი პატივისცემით ეკიდებიან რიტუალურ ხარაკირს, ხოლო ინდოელი ქალების თვითშეწირვა – სატი, მარადიული ერთგულების სიმბოლოა. სუიციდი ეწინააღმდეგება როგორც იუდაიზმის, ბუდიზმის, ასევე ისლამის ბაზისურ პრინციპებს. ქრისტიანული ტრადიციებით, სიცოცხლე ღვთის წყალობაა, უფლის ნების დარღვევა კი – უდიდესი ცოდვა... სუიციდის მიმართ დამოკიდებულება იცვლებოდა კულტურიდან კულტურაში, ეპოქიდან ეპოქამდე. თითქმის ყველა კულტურაში კამათობენ სუიციდის ფილოსოფიურ არსზე უფრო მეტად, ვიდრე გამომწვევ მიზეზებზე.