News

ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა
2019-10-10 13:20:55

4 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეული  მრგვალი მაგიდით „ფსიქიკური ჯანმრთელობა და საზოგადოება“ გაიხსნა.  მრგვალი მაგიდის დისკუსიაში მონაწილეობდნენ თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, რექტორის მოადგილე, პროფესორი ნინო ოკრიბელაშვილი,  ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა კილაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია , სახალხო დამცველის აპარატის შშმ პირთა უფლებების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე რუსუდან კოხოძე, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარე ეკა ჭყონია, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი თინა (თიკო) ცომაია, მედიის და აკადემიური წრეების წარმომადგენლები და  სტუდენტები.

ღონისძიების მიზანი საზოგადოებისათვის სწორი მესიჯების მიწოდებაა,  სტუმრებმა ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა შესახებ ინფორმაციის გავრცელების სწორ ფორმებზე,  სახელმწიფო პროგრამისა და ამ ადამიანების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის მნიშვნელობასა და საზოგადოების ემპათიურობაზე ისაუბრეს, ასევე სტიგმაზე, რომელიც დღევანდელ საზოგადოებაში არსებობს ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა მიმართ. 

10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეა. წლევანდელი გლობალური მოძრაობა ეძღვნება სუიციდის თემას. სლოგანით - 40 წამი მოქმედებისთვის. მიზანი სუიციდის საკითხზე ცნობიერების ამაღლება და პრევენციული ღონისძიებების პოპულარიზაციაა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ავრცელებს მესიჯს, რომ დღეს, მსოფლიოში ყოველ 40 წამში 1 ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს, ჩვენ შეგვიძლია სუიციდის შეჩერება, ამისათვის 40 წამიც საკმარისია. 40 წამი გულახდილი საუბრისთვის, 40 წამი ყურადღებისთვის, 40 წამი ინფორმაციის გასაცემად, 40 წამი მხარდაჭერისთვის... შეაჩერე სუიციდი!

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ორგანიზებით მოეწყო ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტთა ნახატების, ასევე ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის შვილობილების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. გაიხსნა მშობელთა სკოლა, რომლის პირველი გაკვეთილი ფსიქიატრმა დავით ზურაბაშვილმა ჩაატარა. კვირეული  10 ოქტომბერს დაიხურა აქციით „ჩვენი თვალებით“, რომლის ფარგლებშიც გაიმართა ასფალტზე ხატვის და არტ თერაპიის ღია გაკვეთილი ცენტრის ბენეფიციარებისა და თანასწორგანამანათლებლების მონაწილეობით.

 

 

 

 

ფსიქიკური ჯანმრთელობის კვირეული
2019-10-03 13:22:19

10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეა.
წლევანდელი გლობალური მოძრაობა ეძღვნება სუიციდის თემას. სლოგანით - 40 წამი მოქმედებისთვის. მიზანი სუიციდის საკითხზე ცნობიერების ამაღლება და პრევენციული ღონისძიებების პოპულარიზაციაა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ავრცელებს მესიჯს, რომ დღეს, მსოფლიოში ყოველ 40 წამში 1 ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს, ჩვენ შეგვიძლია სუიციდის შეჩერება, ამისათვის 40 წამიც საკმარისია. 40 წამი გულახდილი საუბრისთვის, 40 წამი ყურადღებისთვის, 40 წამი ინფორმაციის გასაცემად, 40 წამი მხარდაჭერისთვის... შეაჩერე სუიციდი!
ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებს განახორციელებს.

კვირეულის აჯენდა

4️⃣ ოქტომბერი, 12.00 სთ - თსუ მრგვალი მაგიდა "ფსიქიკური ჯანმრთელობა და საზოგადოება"
7️⃣ოქტომბერი, 12.00 სთ - ცენტრის ბენეფიციართა და ბერი ანდრიას ფონდის შვილობილების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა
8️⃣ოქტომბერი, 15.00 სთ - "მშობელთა სკოლა" - დავით ზურაბაშვილის ღია გაკვეთილი
9️⃣ ოქტომბერი, 11.00-17.00 - კონსულტაცია ფსიქიატრთან - ონლაინკომუნიკატორზე პროფესორი დავით ზურაბაშვილი 🔟ოქტომბერი, 12.00 სთ - "ჩვენი თვალებით" - ასფალტზე ხატვა - არტთერაპიის ღია გაკვეთილი ცენტრის ბენეფიციარებისა და თანასწორგანმანათლებლების მონაწილეობით
All news

Blog

ნინო ოკრიბელაშვილი

ნინო ოკრიბელაშვილი
40 წამი მოქმედებისთვის...

სიკვდილი – სიცოცხლის გაგრძელებაა,  და რადგან იგი ბუნებრივად, ადამიანთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, გაურკვეველ დროს მოდის, საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა ბუნების კანონზომიერებებს არღვევს.


ანტიკურ ეგვიპტეში თვითმკვლელობა აღიარებული იყო გაუსაძლისი ყოფითი პირობებისაგან ხსნის გზად, რომის იმპერიაში, ეს ფენომენი თავისუფალი ადამიანის ღირსების ფინალურ აქტად ითვლებოდა. იაპონელები უდიდესი პატივისცემით ეკიდებიან რიტუალურ ხარაკირს, ხოლო ინდოელი ქალების თვითშეწირვა – სატი, მარადიული ერთგულების სიმბოლოა. სუიციდი ეწინააღმდეგება როგორც იუდაიზმის, ბუდიზმის, ასევე ისლამის ბაზისურ პრინციპებს. ქრისტიანული ტრადიციებით, სიცოცხლე ღვთის წყალობაა, უფლის ნების დარღვევა კი – უდიდესი ცოდვა... სუიციდის მიმართ დამოკიდებულება იცვლებოდა კულტურიდან კულტურაში, ეპოქიდან ეპოქამდე. თითქმის ყველა კულტურაში კამათობენ სუიციდის ფილოსოფიურ არსზე უფრო მეტად, ვიდრე გამომწვევ მიზეზებზე.

როდის დგება ის საზარელი 40 წამი, როცა ადამიანი თვითმკვლელობის გადაწყვეტილებას იღებს?

ხშირად სუიციდი პროტესტია სახელწიფოს მიმართ და თვითშეწირვის აქტით თვითმკვლელი-ტერორისტი გარკვეული პოლიტიკური ან სოციალური იდეების დეკლარირებას ახდენს. კაცობრიობის ისტორიაში აღწერილია რამდენიმე ჯგუფური თვითმკვლელობა (მაგ., ჩვენი წელთაღრიცხვით 73 წელს, მასადში რომაელ დამპყრობთა მიმართ პროტესტის ნიშნად 960 ებრაელის თვითმკვლელობა), მაგრამ არსით იგი მაინც ინდივიდუალური აქტია. ამდენად, სუიციდის, როგორც ფენომენის, უკან ყოველთვის დგას კონკრეტული ადამიანი - რეალური პრობლემებითა და გამოსავლის ძიების მისეული ხერხით.
დღეს ხშირად საუბრობენ ბიოლოგიური ფაქტორებით დეტერმინირებულ სუიციდზე და ამ მოსაზრების სასარგებლოდ, არსებობს კიდეც გარკვეული სტატისტიკური მონაცემები. მაგალითად, თვითმკვლელობა ერნესტ ჰემინგუეის ოჯახში თითქმის ყველა თაობაშია დაფიქსირებული (მწერლის ბაბუა, მამა, და-ძმა და შვილიშვილი). მაგრამ, სანამ “სუიციდის გენის” ძებნის ჟინით ავენთებით, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ პიროვნება შესაძლოა გენეტიკურად წინასწარგანწყობილი იყოს ზოგიერთი ფსიქიკური აშლილობის მიმართ (დეპრესია, შიზოფრენია, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია), რაც, თავის მხრივ, სუიციდის ალბათობას ზრდის. ასევე ცნობილია, რომ თვითმკვლელებს უმთავრესად ხასიათის გარკვეული პათოლოგია გააჩნიათ, რაც მათ საშუალებას არ აძლევთ დაძლიონ ცხოვრებისეული პრობლემები, კრიზისული სიტუაციები.

არც თუ იშვიათად, პიროვნება სუიციდურ გადაწყვეტილებას ისტორიულად ჩამოყალიბებული ეთნიკური ჯგუფის ტრადიციების გავლენით იღებს. ამ კონტექსტში, წლების წინ, ქართული ეთნოსის პოზიციას მე განვიხილავდი გენიალური რუსთაველის სიტყვებით: `სიკვდილამდე ვის მოუკლავს თავი კაცსა გონიერსა~ და მიმაჩნდა, რომ ქართულ ლიტერატურულ მემკვიდრეობაში აღწერილი თვითმკვლელობის აქტები ჩვენი საზოგადოებისათვის ტიპიური არ იყო. მართლაც, ძველი ტრადიციებით ორგანიზებულ პოპულაციაში ძლიერი ოჯახის ინსტიტუტი ის დამცველი მექანიზმია, რომელიც სოციუმის ყოველ წევრს კრიზისულ მდგომარეობაში სათანადო მხარდაჭერას გაუწევს.

ტრადიციული კულტურის დაკარგვასა და სოციალურ მარგინალიზაციას მოსახლეობის ფართო ფენებში მოჰყვა აგრესიულობა, ცინიზმი და ერთგვარი ნიჰილიზმი, რაც აღრმავებს დეპრესიულ ემოციურ ფონს, ამძაფრებს სულიერი ტკივილის აუტანელ გრძნობას, საზოგადოებიდან გარიყულობის სუბიექტურ განცდას, გამოუვალობისა და უსუსურების შეგრძნებას. საბოლოოდ, ინტრაფსიქიკური კონფლიქტის დაძლევაში ხელმოცარული, სასოწარკვეთილი ადამიანი, მიდის დასკვნამდე, რომ სიკვდილი - პრობლემების გადაჭრის ერთად-ერთი გზა თუ არა, გარშემომყოფთა ყურადღების მიპყრობის საშუალება მაინც არის.  
თვითდესტრუქციული ქცევის განსაკუთრებული სახეა ე.წ. “სიმბოლური სუიციდი”, რომელიც შენელებული ნაღმის პრინციპით მოქმედებს. გადაულახავ ბარიერებთან, დაუძლეველ პრობლემებთან ბრძოლაში ფსიქოლოგიურად დამარცხებული ადამიანი მნიშვნელოვნად უცვლის სახეს საკუთარ ქცევას: სვავს, ეწევა, ეტანება ნარკოტიკს, ეძალება საჭმელს, გაუმართლებელ რისკზე მიდის, დროს სამსახურში კლავს, და სრულიად ვერ აცნობიერებს სიკვდილისაკენ საკუთარ ლტოლვას.

და ბოლოს, საქართველოში თვითმკვლელობის შემთხვევათა მატებას, ჩემი აზრით, ასევე უწყობს ხელს ჩვენს საზოგადოებაში სუიციდის შესახებ გამეფებული რამდენიმე მცდარი მოსაზრება. რატომღაც დარწმუნებულნი ვართ, რომ ადამიანი, რომელიც თვითმკვლელობაზე საუბრობს, არასდროს მიმართავს სუიციდს. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ წუთისოფლის არარაობის პასიური გააზრება, რომელსაც ზოგჯერ პიროვნება ერთგვარი ბანალური ფრაზებით წარმოაჩენს (`ცხოვრებამ ფასი დაკარგა, უაზროა~, `მე ვინღა დამიტირებს~), შეფარული დეპრესიული ფონის არსებობაზე მიუთითებს. ასევე არ არის მართებული აზრი, რომ თვითმკვლელს უფლება აქვს სიცოცხლე დაასრულოს მაშინ, როცა უნდა, და რომ, თუ გადაწყვეტილება მიღებულია – სუიციდი გარდაუვალია.
მსოფლიოში ყოველ 40 წამში ერთი ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამტავრებს. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ პოტენციურ თვითმკვლელებს ამბივალტური დამოკიდებულება აქვთ სიკვდილის მიმართ და კრიზისულ სიტუაციაში დროული ფსიქოთერაპიული ინტერვენცია ხშირად დადებით შედეგს იძლევა. 40 წამი ცვლის სტატისტიკას - ეგებ, ჯერ კიდევ არ არის გვიან?

Details
სიყვარულის გაკვეთილები

სიყვარულის გაკვეთილები

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ნინო ოკრიბელაშვილი

ზღვისპირა ქალაქი... ჩამავალი მზის სხივები უხილავ ბადეში ახვევს პოლიტიკური ორომტრიალიდან სანაპირო ბულვარში განრიდებულ სრულიად უცნობ ადამიანებს და ჩემს მზერას აღარ ეპარება კუპიდონის ცელქობანი... რა არის ეს - უდავოდ რომანტიკული საკურორტო რომანი თუ ჭეშმარიტ გრძნობასთან ზიარება? ამას დრო განსჯის...

ყოველი ადამიანს უდგება ჟამი, როცა იწყებს ფიქრს, თუ რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მის ცხოვრებაში. Yყოველი მეორე აღმოაჩენს, რომ  სიყვარული!

Details