სიახლეები

ტურნირი მინი ფეხბურთში 2019-06-26 00:00:00

26 ივნისს მსოფლიო ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, კვირეულის #არგასინჯო ფარგლებში, „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის", არასამთავრობო ორგანიზაციების "ახალი ვექტორი" და “თანადგომა“, "ნარკოტიკების მომხმარებლები ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის“ (GeNPUD)-ის ორგანიზებით და „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის“ მხარდაჭერით ჩატარდა ტურნირი მინი ფეხბურთში, დევიზით:
"ჯანსაღ ცხოვრებას არ აქვს ალტერნატივა" .

 

ღონისძიების მიზანია: ნარკოტიკების მომხმარებლების, ახალგაზრდების, სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ერთიანი ძალისხმევით ნარკომანიასთან და თამბაქოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული ეფექტური ინსტრუმენტებით ბრძოლა - ცხოვრების ჯანსაღი წესი, ჯანდაცვა, განათლება, პრევენცია და ზრუნვა;

 

მონაწილე გუნდები: ქ. თბილისის მერია; ქ. თბილისი საკრებულო; ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი; ევროპის უნივერსიტეტი; .საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანი“, ა/ო ახალი ვექტორი“; „ქართული სპორტის ქომაგები“; „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონი“.
ტურნირი "ახალი ვექტორის" გუნდის გამარჯვებით დასრულდა, საუკეთესო ფეხბურთელს სპეციალური პრიზი „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის" გენერალურმა დირექტორმა ლაშა კილაძემ გადასცა.

ინტერაქტიული შეხვედრა სტუდენტებთან საინფორმაციო კამპანიის "არგასინჯო" ფარგლებში 2019-06-27 07:39:52

ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ორგანიზებით, საინფორმაციო  კამპანიის "არგასინჯო" ფარგლებში თსუ რექტორის მოადგილემ,  პროფესორმა ნინო ოკრიბელაშვილმა და ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნარკოლოგმა გური მენაბდიშვილმა სტუდენტებთან ინტერაქტიული  შეხვედრა გამართეს.

 

თსუ რექტორის მოადგილის, ნინო ოკრიბელაშვილის თქმით, აღნიშნული კამპანია არ იქნება ერთჯერადი ხასიათის და სამომავლოდ,  ნარკომანიის პრევენციისკენ მიმართული სხვადასხვა ტიპის ღონისძიება დაიგეგმება. „სტუდენტების ჩართულობას მსგავსი ტიპის ღონისძიებებში ძალზე სერიოზული დატვირთვა აქვს, რადგან სწორედ ახალგაზრდობიდან იწყება წამალთან და ნარკოტიკთან ურთიერთობა.  ჩვენ, ერთი მხრივ,  პროფესიული თემი ნარკოლოგებისა და ფსიქიატრების, მეორე მხრივ, აკადემიური თემი, როგორიცაა უნივერსიტეტის პროფესურა, ვიქნებით მობილიზებული იმისთვის, რომ  ვთქვათ ახალი სიტყვა, თუ რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ნარკოტიკთან ურთიერთობამ,“ - განაცხადა ნინო ოკრიბელაშვილმა.

 

ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნარკოლოგმა გური მენაბდიშვილმა სტუდენტების მიერ ნარკოტიკებთან დაკავშირებით დასმულ  კითხვებს უპასუხა. როგორც გური მენაბდიშვილი აღნიშნავს, ღონისძიების ინტერაქტიული ხასიათი მნიშვნელოვანია, რადგან სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ნარკოტიკებთან დაკავშირებით მიიღონ ინფორმაცია, არა მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, არამედ  ექიმი-ნარკოლოგისგან. იგი ასევე იმედოვნებს, რომ სამომავლოდ ამ ღონისძიებებში ის ადამიანებიც ჩაერთვებიან, რომლებიც   წლების განმავლობაში იყენებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. „პროფესიულ აზრს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ, საინტერესოა ჩართულობა იმ ადამიანების, რომლებიც ამ სფეროში მუშაობენ და ზუსტად იციან, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ზიანი ყოველდღიურობაში.    კარგი იქნება თუ აღნიშნულ ღონისძიებაში ჩართული იქნებიან ყოფილი მომხმარებლებიც და თუნდაც  დღეს დამოკიდებული ადამიანებიც, რადგან ყველაზე უკეთ მათ იციან რა ზიანი მოაქვს ნარკოტიკულ საშუალებებს,“ - ამბობს გური მენაბდიშვილი.

 

„ჩვენ ისეთ ასაკში ვართ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად ვიაზრებდეთ -  რა შეიძლება მოჰყვეს ნარკოტიკის მოხმარებას. არ ვთვლი, რომ ნარკოტიკის მოხმარების გამო ადამიანებს უნდა ვსვამდეთ ციხეში, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ზუსტად  იცოდეს, რა საფრთხეები შეიძლება გამოიწვიოს ნარკოტიკის მოხმარებამ.  მე თავად ვსწავლობ ოკუპაციურ თერაპიას, რაც ახლოს არის ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროსთან და ხშირად ვხვდები ისეთ პაციენტებს, რომლებსაც ფსიქიკური პრობლემები ექმნებათ ნარკოტიკის მოხმარების გამო,“- აღნიშნა თსუ სტუდენტმა ნათია გაბრავამ.

 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ღონისძიებაზე  თსუ სტუდენტებისთვის ასევე წარმოდგენილი იყო   საინფორმაციო  კამპანიის "არგასინჯო"  ფარგლებში მომზადებული ფილმი  ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანების შესახებ.

ინტერაქტიული შეხვედრა სტუდენტებთან 2019-06-25 08:41:33

ანტინარკოტიკული კამპანიის კვირეულის ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ორგანიზებით, თსუ რექტორის მოადგილე, პროფესორი ნინო ოკრიბელაშვილი და ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე ნარკოლოგი გური მენაბდიშვილი სტუდენტებთან ინტერაქტიულ შეხვედრას გამართავენ.

ნარკომანიასთან ბრძოლის კვირეული 2019-06-21 12:56:05

26 ივნისი ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ექიმები, კვირეულის ფარგლებში, პაციენტებსა და დაინტერესებულ პირებს უფასო კონსულტაციებს გაუწევენ.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა დასკვნითი ეტაპის მიჯნაზე 2019-06-13 18:12:57

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით საქართველო, C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელ პირთა რაოდენობის მიხედვით, მაღალი გავრცელების ქვეყნად ითვლება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2015 წლის აპრილის თვეში,  დონორი ორგანიზაციების მხარდაჭრით, დაიწყო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელება. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „C ჰეპატიტის ელიმინაციის 2016-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის“ მიხედვით, 2020 წლისათვის საქართველო მიზნად ისახავს C ჰეპატიტით ინფიცირებულთა 90%-ის გამოკვლევას, ქრონიკული ფორმის მქონეთა 95%-ის მკურნალობას და მკურნალობის შედეგად 95%-ის განკურნებას.  პროგრამის მიზანია ქვეყანაში C ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირება, ასევე, ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენცია და პროფილაქტიკა, დაავადებულ პირთა მკურნალობის ხელმისაწვდომობა. პროგრამის ფარგლებში საქართველოს პარტნიორები არიან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი.

 

 

2017 წლის  თებერვლის თვიდან  შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“  შეუერთდა C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამას და გახდა სახელმწიფო პროგრამის  განმახორციელებელი.

იმის შესახებ, როგორ გრძელდება სკრინინგის პროგრამა და რა შედეგები იქნა მიღწეული ამ ეტაპზე, გვესაუბრება შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელი გიული მარღიშვილი:

 

„C ჰეპატიტის დამარცხება და სრული ელიმინაცია 21-ე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, ქვეყნის მოსახლეობას უსასყიდლოდ გადაეცა C ჰეპატიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტები. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტი, რომლის ანალოგიც ქვეყანაში აქამდე არ განხორციელებულა.

აღნიშნული სტრატეგიის ფარგლებში „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მონაცემებით,  დღეისათვის პირადი ნომრით იდენტიფიცირებულია C ჰეპატიტით დაავადებული 100 ათასზე მეტი პირი, მკურნალობაში ჩართულია ან უკვე იმკურნალა 51 ათასზე მეტმა ადამიანმა, რომელთა შორის განკურნების მაჩვენებელი 98%-ს აჭარბებს.

 

მოგეხსენებათ, C ჰეპატიტით ინფიცირებულთა მნიშვნელოვანი ნაწილს გავრცელების მაღალი რისკის მქონე პირები შეადგენენ; ეს სწორედ ის კონტინგენტია, რომელიც შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ბაზაშია თავმოყრილი და მათთვის სკრინინგის ჩატარება პროგრამის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. 2017 წლის თებერვლიდან ჩვენს ბენეფიციარებს ჩაუტარდათ სკრინინგი, რის შედეგადაც 879 პირზე მოხდა კონფირმაცია.

დღეისათვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დავალებით, ჩვენს ცენტრში მიმდინარეობს განმეორებითი სიღრმისეული სკრინინგი, რაც აისახება ერთიან ბაზაში, ამავდროულად, ყველა დაინტერესებულ პირს  აქვს აღნიშნული სერვისის ჩვენთან მიღების შესაძლებლობა. საკმარისია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  წარმოდგენა კვლევის უსასყიდლოდ ჩასატარებლად და C ჰეპატიტის გამოსავლენად სკრინინგის კომპონენტით გათვალისწინებული სწრაფი მარტივი ტესტით.  დადებითი პასუხის შემთხვევაში, სპეციალისტთან გასაუბრების შემდგომ, ასევე უსასყიდლოდ ჩატარდება კვლევა აივ ინფექციაზე. 

კონტინგენტის მაქსიმალურად ასათვისებლად ჩვენი თანამშრომლები, გასვლითი აქციის ფარგლებში, შედიან ჩანაცვლებითი თერაპიის მიმწოდებელ ყველა განყოფილებაში საქართველოს მასშტაბით და ადგილზე მოსულ პაციენტებს, მათი სურვილის შემთხვევაში, უტარებენ პირველად ანალიზს.

 

მკურნალობაზე თანხმობის შემთხვევაში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დახმარებით, ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებისთვის უსასყიდლოდ ხელმისაწვდომი გახლავთ როგორც დიაგნოსტიკური კვლევები, ასევე მკურნალობის მონიტორინგის ეტაპზე  C ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსის რაოდენობრივი კვლევა (HCV RNA)  და გენოტიპის განსაზღვრა.

  

თამამად შეიძლება, ითქვას, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც უკვე მესამე წელია წარმატებით მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, გახლავთ უნიკალური გლობალური პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ზრდასრული მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისთვის C ჰეპატიტზე სკრინინგის ჩატარებას 2020 წლის ბოლომდე. ამის შედეგად შესაძლებელი იქნება ანტისხეულების მატარებელ პირთა იდენტიფიცირება, რომელთა სავარაუდო რიცხვი 100 ათასზე მეტია. ინფექციის არსებობის დასადასტურებლად აუცილებელია მათი ჩართვა კონფირმაციულ კვლევებში. სწორედ აქტიური ინფექციის მატარებელთათვის შესაბამისი მკურნალობის ჩატარება და მათი დიდი ნაწილის გამოჯანმრთელება წარმოადგენს როგორც ზოგადად ქვეყნისა და ჩვენი ცენტრის, ასევე პროგრამის განხორციელებაში ჩართული თითოეული ჩვენგანის უპირველეს და უმნიშვნელოვანეს მისიას.

 

 

 

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი საქართველოს 50 უმსხვილეს სახელმწიფო კომპანიას შორის რეიტინგით 24-ე ადგილზეა 2019-05-28 06:51:58

2019 წლის მონაცემების მიხედვით, შპს "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი" საქართველოს 50 უმსხვილეს სახელმწიფო კომპანიას შორის რეიტინგით 24-ე ადგილზეა.

პროექტ "კომპასის" პრეზენტაცია 2019-04-16 10:24:35

16 აპრილს 11:00-ზე "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში" გაიმართა პრევენციის პროგრამის პრეზენტაცია, რომელიც „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრსა“ და პოლონეთის ფონდ „პრაესტერნოს“ შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს სკოლებისათვის შემუშავდა. პრევენციული პროგრამა „კომპასი“ მოიცავს 13-15 წლის ასაკის მოზარდებისგან დაკომპლექტებულ კლასებს.

პროგრამა ინერგება და ფინანსდება საზოგადოებრივი პროგრამის მხარდაჭერით, რომლის სახელწოდებაა: „მხარდამჭერი პროექტების შემუშავება და განხორციელება ნარკოტიკების მოთხოვნისა და მიწოდების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, მესამე ქვეყნებში“ (იგულისხმება ევროკავშირის არაწევრი ქვეყნები). აღნიშნული პროგრამა ხორციელდება პოლონეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის ეროვნული გეგმის ფარგლებში.

პროექტის ფარგლებში ჩატარდება 10 გაკვეთილი ფონდ „პრაესტერნოს“ ექსპერტებისგან გადამზადებული მასწავლებლის მიერ. პროექტში, აგრეთვე, ჩაერთვებიან შერჩეული კლასის მოსწავლეების მშობლებიც. მოსწავლეებს და მათ მშობლებს დაურიგდებათ დიდაქტიკური მასალები (პროგრამის განმახორციელებლის სახელმძღვანელო, მოსწავლისა და მშობლის რვეულები) პროგრამის დანერგვის გასამარტივებლად.

 

ადიქიციური აშლილობის ლიეტუვის რესპუბლიკური ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ვიზიტი 2019-02-06 13:27:57

"ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში" ნარკოლოგების, ფსიქიატრებისa და ფსიქოლოგების გადამზადების საჭიროების განსასაზღვრად და შესაბამისი რეკომენდაციების უზრუნველსაყოფად იმყოფება პროფესორი ემილის სუბატა -  ექიმი-ფსიქიატრი, ადიქიციური აშლილობის ლიეტუვის რესპუბლიკური ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. მისi ვიზიტი ხორციელდება "ევროკავშირის მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ (EU ACT )" პროექტის ფარგლებში.

ანტინარკოტიკული სისტემის მხარდაჭერის პროგრამა 2018-12-20 00:00:00

2018 წლის 17-19 დეკემბერს, „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“, „ანტინარკოტიკული სისტემის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მორიგი ეტაპი - სკოლის პედაგოგების, ფსიქოლოგების და პროექტის ექსპერტების გადამზადების კომპონენტი განხორციელდა.
ზემოაღნიშნული პროგრამა, დაფინანსებული პოლონეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „ფონდ პრაესტერნოსა“ და „პოლონეთის ნარკომანიის პრევენციის ეროვნული ბიუროს მიერ“ (“National Bureau for Drug Prevention”) მიერ, 2018 წლის ივნისიდან დაიწყო და 2019 წლის ნოემბრამდე გაგრძელდება. პროექტი მოიცავს 13-15 წლამდე მოზარდებისათვის უნივერსალური პრევენციული პროგრამების შემუშავებასა და დანერგვას, საგანმანთლებლო და საინფორმაციო მასალების მომზადებას და ონლაინ- საკონსულტაციო პლატფორმის შექმნას.
შეგახსენებთ, რომ „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“ პოლონეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „ფონდ პრაესტერნოსთან“, 2017 წლიდან თანამშრომლობს ნარკომანიის პრევენციის, ნარკოდამოკიდებულთა მხარდაჭერის და მათი სოციალური რეაბილიტაციის საკითხების ფარგლებში.

ახალი განყოფილების გახსნა ბორჯომში 2018-12-14 07:58:14

ცენტრის ხელმძღვანელობით, მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის განყოფილება ბორჯომში თორის ქუჩის 2 ნომერში გაიხსნა.  განყოფილება დაახლოებით 200 ბენეფიციარს მოემსახურება. ღონისძიებას ესწრებოდნენ "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის" გენერალური დირექტორი ლაშა კილაძე, მოადგილე გური მენაბდიშვილი და ბორჯომის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე.