სიყვარულის უხილავი ემოციური სიგნალები

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ფსიქიატრი ნინო ოკრიბელაშვილი სიყვარულის ხანგრძლივობაზე, ფაზებსა და ნაირსახეობებზე გვესაუბრება
ზღვისპირა ქალაქი… ჩამავალი მზის სხივები უხილავ ბადეში ახვევს პოლიტიკური ორომტრიალიდან სანაპირო ბულვარში განრიდებულ სრულიად უცნობ ადამიანებს და ჩემს მზერას აღარ ეპარება კუპიდონის ცელქობანი… რა არის ეს – უდავოდ რომანტიკული საკურორტო რომანი თუ ჭეშმარიტ გრძნობასთან ზიარება? ამას დრო განსჯის…

ყოველი ადამიანს უდგება ჟამი, როცა იწყებს ფიქრს, თუ რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მის ცხოვრებაში. ყოველი მეორე აღმოაჩენს, რომ  სიყვარული!

სიყვარული უნივერსალურია, ვზრუნავთ და მზრუნველობენ, უანგაროდ გავცემთ და მოგვეცემა, წრფელი გულით გვიყვარს და ვუყვარვართ… დიახ, ჩვენ,  რომანტიკოსებს, განსაკუთრებულად გვჭირდება ემოციური აღმაფრენა, ყოველდღიური განცდებისა და გამოცდილების გაზიარება ჩვენი ცხოვრების გარკვეული ეტაპის თანამგზავრთან, რომელიც ათასობით სხვათაგან, ასე უცნაურად გამოგვირჩევია. სასიყვარულო თამაშები ხომ მოულოდნელად იწყება – ხან უსაზღვრო ვნებათაღელვით, ხანაც გაწონასწორებული მეგობრობით შემოიჭრება ერთფეროვან ყოფაში… შემდეგ კი ურთიერთობაში ჩნდება მიჯაჭვულობა, კომფორტის შეგრძნება და უსაფრთხოების განცდა.… დროთა განმავლობაში სიყვარულმა შეიძლება ხიბლი დაკარგოს, რადგან ვნება ნავლდება, იკარგება თავგანწირვა და  ურთიერთობებში ნაცრისფერი მოწყენილობა იბუდებს. თუ საყვარელი ადამიანი შენი ცხოვრების მიზანსცენიდან გადის, ჩნდება ტკივილი, პირდაპირპროპორციული იმ უდიდესი ბედნიერებისა და ნეტარებისა, რასაც გრძნობამ გვაზიარა. გრჩება განცდა, რომ სიყვარული მოკვდა.

თავბრუდამხვევ ცხოვრებისეულ რიტმს აყოლილებს, ალბათ, გვავიწყდება, რომ სიყვარულს სწავლა და შემდეგ მოვლა სჭირდება და ეს ბალღობის ასაკიდანვე უნდა ვისწავლოთ და ვასწავლოთ. განათლება კი იწყება მაშინ, როცა ხელში აგვყავს, ვეფერებით, ვანანავებთ პატარას. სკოლამდელ ასაკამდე მან უკვე იცის, რა არის მშობლების სიყვარული და პირველ გაწბილებასაც მაშინ შეიმეცნებს, როცა აღმოაჩენს, რომ არ შეიძლება დედაზე ან მამაზე დაქორწინება. 6-12 წლამდე ჩვენ უფრო მეტს ვიგებთ სიყვარულის ავან-ჩავანზე, რადგან თანდათან ცხოვრება ივსება თანატოლებით, რომლებსაც მეგობრებს ვუწოდებთ. ბობოქარი მოზარდობის ხანაში კი განუზომელი ლტოლვა ჩნდება საპირისპირო სქესის მიმართ და აი, ჩვენს ოცნებებში, ფანტაზიებში პირველი სასიყვარულო “გამოცდილების” ხატი აკიაფდება პოპულარული მომღერლის, მსახიობის ან მასწავლებლის სახით. რეალურ სამყაროში გადაბიჯებას რეალურ გულისწორთან შეხვედრა მოჰყვება და ჩნდება საერთო ინტერესები, ყალიბდება საერთო მეგობრების შედარებით ვიწრო წრე და რამდენიმე რჩეული ერთად ატარებს თავისუფალ დროს… პირველი სქესობრივი კონტაქტები, როგორც წესი, ხანმოკლეა და ზედაპირულ ურთიერთობებს მოჰყვება. რაღა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია კულტურული ფაქტორიც – არადასავლური საზოგადოება ტრადიციული ქალწულობის ინსტიტუტითა და ფასეულობათა განსხვავებული სისტემით, დღემდე ვერ იღებს ან ძნელად ეგუება ქორწინებამდე ურთიერთობებს, რომელიც დასავლურ ცივილიზაციაში საშუალოდ 12-14 წელი გრძელდება. და, თუ ეს პერიოდი ნორმალურად გადაილახა, იგი უდიდესი გამოცდილების მომცემია. ადამიანი სწავლობს, როგორ აირჩიოს და მიიზიდოს ის მეორე, განსაკუთრებული; როგორ გამოხატოს სიყვარული, გაუზიაროს გრძნობა, ჩაწვდეს სხვათა გრძნობების სიღრმეს, გაუმკლავდეს მარტოობას, დაშორდეს ისე, რომ არ წალეკოს ბრაზმა და საკუთარი უღირსობის განცდამ… როგორც წესი, ყოველი ახალი სიყვარული, ურთიერთობა უფრო ღრმა და რეალისტური უნდა იყოს, მაგრამ გამონაკლისი, სამწუხაროდ, უფრო მეტია. ამ გამოცდილების გარეშე კი, ძალზე რთულია ცხოვრების თანამგზავრის არჩევა და მასთან ურთიერთობების ხანგრძლივი შენარჩუნება, ამიტომაც თინეიჯერთა უმრავლესობის ჰორმონალური ქორწინებები ფიასკოთი მთავრდება.

ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ, ზოგადად, სიყვარული მხოლოდ 4 წელს გრძელდება ანუ ადამიანის განვითარების ეტაპების ანალოგიურად მას, პატარა ბავშვის მსგავსად, დრო სჭირდება, რათა დამოუკიდებელი სიარულიდან სირბილზე გადავიდეს და თვალსაწიერის გაფართოებაზე იზრუნოს. როცა ძველი პარტნიორის მიმართ მიზიდულობა იკლებს, ახალი აღტყინების ძიებაში ახალი გატაცებები და ურთიერთობები ჩნდება…

 

იელის უნივესიტეტის პროფესორის, რობერტ შტენბერგის მოსაზრებით, სიყვარულს სამი კომპონენტი ახასიათებს: ინტიმურობა, რაც ამ კონტექსტში, თანამოაზრეობას, ურთიერთპატივისცემასა და გადაჯაჭვულობას უფრო ნიშნავს, და თანდათან მეგობრობის მსგავს ემოციურ-ინტერპერსონალურ ურთიერთობაში გადაიზრდება; ვნება – მოულოდნელად განვითარებული სექსუალური ლტოლვა, რომელიც,Gროგორც წესი, წლების შემდეგ სუსტდება და სტაბილური ხდება; თავდადება-ერთგულება, რასაც საბოლოოდ მივყავართ სრულიად გაცნობიერებულ გადაწყვეტილებამდე, სამუდამოდ დავუკავშიროთ მეორე ადამიანს ჩვენი ცხოვრება და მის გვერდით ვიყოთ ჭირსა და ლხინში.

სისტემატიზაციისა და კლასიფიკაციის მიმართ მეცნიერთა ისტერია, რაღა თქმა უნდა, გრძნობების სფეროსაც შეეხო. და აი, ისინი იწყებენ საუბარს სიყვარულის “სტატისტიკურად დასაბუთებულ”  ნაირსახეობებზე.

  • რომატიკული სიყვარულის დროს მუდამჟამ საყვარელ ადამიანზე ფიქრებით ვართ მოცულნი, უპირატესად ვეჭვიანობთ, სექსუალურად გვიზიდავს ფიზიკური მონაცემები და არა პარტნიორის “შინაარსი”, ვაგებთ არარეალურ გეგმებს, ვეგუებით აბსოლუტურად ყველაფერს, გვჭირდება მუდმივი დარწმუნება, რომ საპასუხოდ ვუყვარვართ. მსგავსი სიყვარული, სამწუხაროდ, სიცოცხლისუუნაროა და რამდენიმე თვეში კვდება.
  • საუკეთესო მეგობარი ანუ ისეთი სიყვარული, როცა მეგობრობა სიყვარულში გადაიზრდება. ერთის მხრივ, მსგავსი ურთიერთობა მომხიბლავია, იგი შინაგან სიმშვიდეს, კომფორტს გვპირდება, რადგან თავბრუდამხვევი ტემპით არ ვითარდება, ნდობაზეა აგებული და მისთვის უცხოა მძაფრი ვნებათაღელვა და მრავალფეროვანი სექსუალური აკვიატებები.
  • არაეგოისტული სიყვარულისას ერთმანეთს გადაეჯაჭვება ერთგულება და მსხვერპლად შეწირვის კეთილშობილური იდეა. შეყვარებული ადამიანი ნაზი, მზრუნველია, ყოველივეს უანგაროდ გასცემს და საკუთარ თავზე საკუთარი ნებით აღებულ მოვალეობებს უკიდურესი პასუხისმგებლობით ეკიდება.
  • ლოგიკური სიყვარულისას პიროვნება ძალზე ფრთხილია პარტნიორის შერჩევისას. ლოგიკური ძიება ხანგრძლივია და “შრომატევადი”, რადგან ვეძებთ არამარტო ჰარმონიულ პიროვნებას, არამედ საერთო ფასეულობებს, ხანგრძლივ ინტერესებსა და მიზნებს. ეს პროცესი განსაკუთრებით რთულდება, როცა ვცდილობთ, რომ სულიერ მხარეს ფიზიკური იდეალიც მოვარგოთ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ იპოვნეთ ადამიანი თანმხვედრი ინტერესებით, მსგავსი განათლებითა და რელიგიური აღზრდით, მაგრამ მისი სხეულის ზოგიერთი სპეციფიკური მახასიათებლები თქვენს იდეალს არ მიესადაგება…
  • სიყვარული აზარტულ თამაშადაც ქცეულა ბევრისათვის და ამდენად, ღრმა და სტაბილურ ემოციურ განცდას მოკლებულია. მხიარულ, მომხიბლავ პარტნიორს მოსწონს ფეიერვერკული პაემანი, ყოველთვის მაცდური და ცვალებადია, მაგრამ არასდროს მალავს, რომ ხანგრძლივი ურთიერთობისათვის დაბადებული არ არის.
  • “მესაკუთრის” გრძნობები სატანჯველად ექცევა სიყვარულის ობიექტს. სურვილი და მცდელობა, აკონტროლოს მეორე, ზღვარგადასულ მანიპულირებამდე მიდის ხოლმე. იგი პიგმალიონივით საკუთარ გალათეას ქმნის და შეიძლება ავადაც გახდეს ან უამრავი სისულელე ჩაიდინოს, როდესაც დაშორების საფრთხეს შეიგრძნობს.

ემოციათა სიღრმე, მათი გამოვლინება ყველას ინდივიდუალური გვაქვს და ერთ თარგზე მოჭრილი პერანგებივით ვერ დავემსგავსებით ერთმანეთს. ამიტომაც თითოეული ჩვენთაგანი, ბევრად თუ ცოტად მაინც, ზემომოყვანილი სიყვარულის მოდელებიდან, ნებით თუ უნებლიედ, ერთ-ერთს ვირჩევთ.

და მაინც, რომელი სახის სიყვარულის კომბინაციაა იდეალური? როგორც ჩანს, საუკეთესო პრინციპებზე – მეგობრობა და ლოგიკა, აგებული სიყვარული ყველაზე ხანგრძლივი და ჰარმონიულია. განსაკუთრებით სახიფათოა, როცა რომანტიკული სიყვარული მეგობრობის პრინციპებზე აგებულ ურთიერთობას აწყდება, რადგან პარტნიორები გრძნობებს სულ სხვადასხვა რეგისტრში ავლენენ. თუ რომანტიკოსს სანთლის ციაგში მხოლოდ ორისათვის გაწყობილი მაგიდა ხიბლავს, “მეგობარი” კმაყოფილდება სახლში გატარებული მშვიდი საღამოთი, რომელსაც საყვარელი ადამიანის გვერდით წიგნის კითხვაში გაატარებს. ერთ რომანტიკოსს მეორე რომანტიკოსის ფანტაზიების დაკმაყოფილებაც კი უჭირს: წლების შემდეგ, როცა ლტოლვა და ძიება იკლებს, ისინი თავს უბედურად გრძნობენ.  საკმაოდ ხშირია კონფლიქტი, როცა წყვილს ქმნიან “მესაკუთრე” და “მეგობარი”, პირველი – ქაოტური, მეორე კი – საკმაოდ მარტივი ურთიერთობებში.

და ბოლოს, ამბობენ, ქალს და მამაკაცს განსხვავებულად უყვართო. როგორც ჩანს,  ქალებს უფრო ხშირად და უფრო ღრმა გრძნობა ეუფლებათ, არიან ეიფორიულნი, ყვირილი სურთ, მზად არიან ადრე დაქორწინდნენ, ცალმხრივად უყვართ, ფიქრობენ, რომ სიყვარული საჩუქარია და მამაკაცებისაგან განსხვავებით, პარტნიორის იდელიზაციას ახდენენ. მაგრამ, ამავე დროს,  პარტნიორთან დაშორებას მამაკაცები უფრო მწვავედ განიცდიან.  თუ ყოველ მეორე ქალს,  საშუალოდ 20 პაემანი სჭირდება, რომ გადაწყვიტოს – უყვარს თუ არა, ყოველი მეოთხე მამაკაცი მე-4 შეხვედრაზე უკვე შეყვარებულია თავდავიწყებით.

და, მთავარი, როგორ ვპოულობთ გულისსწორს? ანთროპოლოგ დევიდ გივენს მიაჩნია, რომ სიყვარულის უხილავი სიგნალები ჩვენი ტვინის პრიმიტიულ უბნებშია გაბნეული… და, როგორც კი მიზიდულობის ობიექტი კონკრეტულ სამიზნედ იქცევა, სახის გამომეტყველებით, იქნება ეს ღიმილი თუ მორცხვად დახრილი მზერა, განსაკუთრებული მანერულობით – შეხებით, თვალის თვალში გაყრით, გავცემთ უთვალავ სასიყვარულო იმპულსებს, რაც ნიშნავს: “მომიახლოვდი  – ზიანს არ მოგაყენებ”… დიახ, მიუხედავად არაერთი დაკვირვებისა და კვლევისა, უნდა ითქვას, რომ ჩვენ პარტნიორს იმპულსურად, ინტუიციურად ვპოულობთ და შემდეგ თვეებს ვანდომებთ იმაზე ფიქრს, თუ რატომ გავაკეთეთ ასეთი არჩევანი? და აღმოვაჩენთ, რომ უბრალოდ, შეგვიყვარდა…