ახალი განყოფილების გახსნა ფონიჭალაში

“ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი” მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის ბენეფიციარებისთვის ქსელს აფართოებს. ცენტრის ხელმძღვანელობით, მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის განყოფილება კრწანისის რაიონში, ფონიჭალაში გაიხსნა. რუსთავის გზატკეცილზე 18/20 ნომერში მდებარე განყოფილება დაახლოებით 600 ბენეფიციარს მოემსახურება.

გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მსგავსი განყოფილებების გახსნა თბილისსა და რეგიონებში კიდევ არის დაგეგმილი, რათა მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის ბენეფიციარებისთვის მომსახურების მიღება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში, თბილისში მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის 9 განყოფილება ფუნქციონირებს, ხოლო რეგიონებში – 10 .

“ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი” ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების ფარგლებში 7000-მდე ბენეფიციარს ემსახურება.