- სექტემბერი 3, 2020
- ავტორი: Admin
- Category: პუბლიკაციები
თანამედროვე მედიცინა ოპიოიდებზე დამოკიდებულებას ანუ ოპიოიდურ ნარკომანიას განიხილავს, როგორც ქრონიკულ დაავადებას, რომელიც რემისიებითა (ნათელი პერიოდები) და რეციდივებით (გამწვავებები) მიმდინარეობს. არსებობს ამ დაავადების მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი, რომლებიც ორ ძირითად ჯგუფად ერთიანდება: ნარკოტიკების გარეშე ცხოვრებაზე ორიენტირებული თერაპია და აგონისტებით მხარდამჭერი მკურნალობა ანუ ჩანაცვლებითი თერაპია. საზოგადოებისთვის და, განსაკუთრებით, დამოკიდებული პირების ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის ყველაზე მისაღები მკურნალობის ისეთი მეთოდებია, რომლებიც თავიდანვე ორიენტირებულია ნარკოტიკების მიღების შეწყვეტაზე. სამწუხაროდ, მრავალწლიანმა საერთაშორისო გამოცდილებამ აჩვენა, რომ ასეთი მკურნალობის ეფექტიანობა არც ისე მაღალია. ამის გათვალისწინებით, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ იქნა მკურნალობის განსხვავებული მეთოდი – ე.წ. აგონისტებით მხარდამჭერი თერაპია, ანუ ჩანაცვლებითი თერაპია, რომელიც გულისხმობს პაციენტისათვის ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალების მიცემას ხანგრძლივი დროის განმავლობაში. სასურველია, ასეთი მკურნალობა კომპლექსურად ხორციელდებოდეს ფსიქოსოციალური თანადგომის ღონისძიებებთან ერთად. დღეისათვის, საერთაშორისო ექსპერტების მიერ, აგონისტებით მხარდამჭერი თერაპია ოპიოიდებზე დამოკიდებულ პირთა მკურნალობის, დეკრიმინალიზაციის, სოციალური ინტეგრაციისა და “ქუჩის ნარკოტიკების” მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების ყველაზე ეფექტიან საშუალებად არის მიჩნეული. ჩანაცვლებითი თერაპიის მთავარი ღირებულებაც სწორედ ის გახლავთ, რომ ბენიფიციარებს არ უწევთ ყოველდღიურად სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის კრიმინალური გზით თანხის მოძიება, შავ ბაზარზე ნარკოტიკის შეძენა. ჩანაცვლებითი თერაპია თვისობრივად არ წარმოადგენს სამკურნალო კომპონენტს და მისი მთავარი ფაქტორი დრო არ გახლავთ; ძირითადი დანიშნულება „ქუჩის ნარკოტიკის“ ლეგალური ნარკოტიკული საშუალებით ჩანაცვლებაა.
ჩანაცვლებითი თერაპია პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში შემოიტანეს გასული საუკუნის 60-იან წლებში, ამჟამად კი ფართოდ არის დანერგილი მსოფლიოში. ამ პროგრამის ფართოდ გავრცელებას განსაკუთრებული ბიძგი მისცა აივ/შიდსის ეპიდემიამ, ვინაიდან აღნიშნული მკურნალობა ნარკოტიკებზე დამოკიდებულ პირებში ინიექციური გზით აივ/შიდსისა და ჰეპატიტების გავრცელების შეზღუდვის ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა.
საქართველოში ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა პირველად 2004 წელს გლობალური ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. აღნიშნული პროგრამა განკუთვნილი იყო რამდენიმე ათეული პაციენტისთვის და სრულად ფინანსდებოდა გლობალური ფონდის მიერ. პროგრამის ეფექტიანობიდან გამომდინარე, გარკვეული პერიოდის შემდეგ, 2008 წლიდან ჩვენს ქვეყანაში ამოქმედდა მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა, რომელიც ხორციელდებოდა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების პრინციპით (პაციენტისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით). მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა არასოდეს ყოფილა კერძო პროგრამა, მისი განმახორციელებელი ყოველთვის იყო ჯანდაცვის სამინისტრო. 2017 წლის ზაფხულიდან გაუქმდა თანადაფინანსების პრინციპი და აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა პაციენტებისთვის გახდა აბსოლუტურად უფასო. ეს გადაწყვეტილება სახელმწიფოს მხრიდან იყო გონივრული, დროული და შედეგზე ორიენტირებული, ამიტომაც მყისიერად გაიზარდა პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა რიცხვი და ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გაიზარდა არა ნარკოტიკების დამწყები მომხმარებლების ხარჯზე, არამედ ხანგრძლივი მოხმარების გამოცდილების მქონე იმ პირების ჩართვის შედეგად, რომლებიც უსახსრობის გამო აქამდე ვერ სარგებლობდნენ პროგრამით.
პროგრამის ეფექტიანობის ერთ-ერთი კრიტერიუმი, საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით, არის ქვეყანაში არსებული ნარკომომხმარებლებისა და ნარკოდამოკიდებული ადამიანების თანაფარდობის კოეფიციენტი პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებთან მიმართებაში. არაოფიციალური მონაცემებით, წლებია, ჩვენს ქვეყანაში დამოკიდებულ პირთა რიცხვი 50 000-ს აღწევს და მათგან რაც უფრო მეტი მომხარებელი ჩაერთვება პროგრამაში, მით უფრო გამართლებული იქნება სახელმწიფოს ნარკოპოლიტიკა ჩანაცვლებით თერაპიასთან მიმართებაში.
რაც შეეხება პროგრამაში ჩართვის მთავარ კრიტერიუმებს, პირი უნდა იყოს 21 წელზე უფროსი, მინიმუმ სამი ექიმი ნარკოლოგისგან შემდგარი სამედიცინო კომისიის მიერ უნდა დადასტურდეს მისი დამოკიდებულება ოპიოიდურ ნარკოტიკულ საშუალებებზე. პროგრამაში ვერ მოხვდებიან არაოპიოიდური (მაგ. მარიხუანა, ამფეტამინი და სხვ.) დამოკიდებული პირები. მხარდამჭერი თერაპიისთვის გამოიყენება მეთადონის ჰიდროქლორიდის სიროფი, ხსნარი ან აბები. მედიკამენტის მიღება ხდება სპეციალიზებულ დაწესებულებაში ან განყოფილებაში სამედიცინო პერსონალის უშუალო მეთვალყურეობით, რაც მაქსიმალურად გამორიცხავს მეთადონის სამედიცინო დაწესებულებიდან „შავ ბაზარზე“ მოხვედრას. პრეპარატის მიღების შემდეგ ჭურჭელი, რომლითაც ბენეფიციარმა მედიკამენტი მიიღო, თავსდება სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე უტილიზაციის მიზნით. ბენეფიციარი ვალდებულია, ვერბალურად დაემშვიდობოს გასვლისას დაცვის თანამშრომელს.
“ქუჩის” ნარკოტიკების მიღების თავიდან ასაცილებლად პაციენტებს რეგულარულად უტარდებათ ურინოტესტირება ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველობაზე. პაციენტის მიერ მკურნალობის რეჟიმის დარღვევის, მათ შორის ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკების მიღების შემთხვევაში, დადგება მის მიერ პროგრამის დატოვების საკითხი.
მეთადონი ხანგრძლივი (24-36 საათიანი) მოქმედების სინთეზური ნარკოტიკული საშუალებაა. იგი ოპიოიდების აგონისტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მორფინისა და მისი მსგავსი ნარკოტიკული საშუალებების ანალოგიურად მოქმედებს. მეთადონი, როდესაც იგი გამოიყენება მხარდამჭერი თერაპიისათვის შესაბამისი დოზებით, ნარკოტიკული ეფექტის (ე.წ. “კაიფი”) წარმოქმნის გარეშე მნიშვნელოვნად ამცირებს ნარკოტიკების მოთხოვნილებას და აღმოფხვრის აღკვეთის სინდრომის (ე.წ.”ლომკის”) ნიშნებს.
ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მეთადონით მკურნალობისას, როგორც წესი, პაციენტი ადეკვატური და შრომისუნარიანია. ეს მეთოდი ოპიოიდებზე დამოკიდებულ პირს საშუალებას აძლევს, გაიუმჯობესოს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, უარი თქვას კრიმინალურ ცხოვრებაზე, ეფექტიანად ისწავლოს, იმუშაოს, გახდეს საკუთარი ოჯახისა თუ საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. ზოგიერთ პაციენტს აგონისტებით მხარდამჭერი პროგრამა ეხმარება ნარკოტიკებზე, მათ შორის ჩამანაცვლებელ ნარკოტიკზეც, საბოლოოდ უარის თქმასა და ნარკოტიკებისგან სრულიად თავისუფალი ცხოვრების დაწყებაში.
დღეისათვის საქართველოს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამით 12 ათასზე მეტი ბენეფიციარი სარგებლობს, თითოეული მათგანის ყოველდღიურად მოხმარებული მედიკამენტის საშუალო დოზა არ აღემატება 70 მილიგრამს; პაციენტს შეუძლია, ექიმ ნარკოლოგთან ერთად შეადგინოს დოზირების ინდივიდუალური გრაფიკი და დამოკიდებულების წარმატებით დაძლევის შემდეგ, თავისივე სურვილით დატოვოს პროგრამა. 2019 წელს პროგრამიდან დაახლოებით 5000 ბენეფიციარი გავიდა, უმეტესობა საკუთარი სურვილით, თუმცა იყო რეჟიმის დარღვევის გამო პროგრამიდან ბენეფიციართა გარიცხვის შემთხვევებიც.
ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა საქართველოს მასშტაბით 22 განყოფილებაში მოქმედებს, არც ერთი განყოფილება თუ კაბინეტი არ მდებარეობს სასწავლო დაწესებულებასთან ახლოს, „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“, პროგრამის ეფექტიანობიდან გამომდინარე, ყოველწლიურად ცდილობს, გააფართოვოს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და სხვადასხვა რეგიონში გაიხსნას მედიკამენტის გასაცემი ახალი პუნქტები, რაც, უპირველეს ყოვლისა, დადებითად აისახება პაციენტთა ეკონომიკურ და სოციალურ პირობებზე.
დღეისათვის ჩანაცვლებითი თერაპია რჩება ნარკოდამოკიდებულ პირთა მიმართ ყველაზე ლოიალურ და ეფექტიან პროგრამად მსოფლიოში არსებულ აპრიობირებულ მეთოდთა შორის.