- დეკემბერი 1, 2020
- ავტორი: Admin
- Category: სიახლეები
„შიდსი-ესეც პანდემიაა“
1 დეკემბერს, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღეს, ადამიანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ერთიანდებიან, რათა მხარი დაუჭირონ აივ ინფიცირებულებს და პატივი მიაგონ შიდსით დაღუპულთა ხსოვნას. წელს, Covid 19-ის პანდემიის ფონზე, მათ მთავარ გზავნილს „გლობალური სოლიდარობა, საერთო პასუხისმგებლობა“ წარმოადგენს. ამ დღეს, უკვე წლებია, საქართველოც უერთდება. წელს, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სლოგანით ,,შიდსი – ესეც პანდემიაა“ აქტიურ კამპანიას გეგმავს შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) წარმომადგენლობა საქართველოში.
„Covid 19-ის სწრაფმა გავრცელებამ, ნათლად დაგვანახა, რომ პანდემია დიდ გავლენას ახდენს ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. საზოგადოებრივი ჯანდაცვა მჭიდრო კავშირშია არაერთ მნიშვნელოვან საკითხთან, მათ შორის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებასთან. ნებისმიერი პანდემიის, მათ შორის კორონავირუსის და განსაკუთრებით, შიდსის პანდემიის დაძლევაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების ერთიანობას, პასუხისმგებლობას და სოლიდარობას, ადამიანის უპირველესი უფლების – სიცოცხლის დაცვას, სტიგმასთან და დისკრიმინაციასთან ბრძოლას. სწორედ ამიტომ, მიმდინარე წელს, შიდსის მსოფლიო დღეს ფონდის მთავარი სლოგანია „შიდსი – ესეც პანდემიაა“. ამით გვინდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ შიდსთან ეფექტიანი ბრძოლა ჩვენი ერთიანობით და მობილიზებით არის შესაძლებელი. 2015 წელს, მსოფლიომ აიღო ვალდებულება, რომ 2030 წლისთვის შიდსის ეპიდემია უნდა დასრულდეს. ამ პროცესში, შიდსის ჯანდაცვის ფონდი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყოველწლიურად ათასობით ადამიანის სწრაფი და უფასო ტესტირებისა და დაავადების შესახები ცნობიერების ამაღლების უზრუნველყოფის გზით“, – აღნიშნავს შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს წარმომადგენლობის პროგრამების მენეჯერი ნინო ხეთაგური.
2018 წლიდან, შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს წარმომადგენლობა აქტიურად საქმიანობს შიდსთან ბრძოლის და პრევენციის მიმართულებით. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) თანამშრომლობით, AHF საქართველოს მოსახლეობას სწრაფი და მარტივი მეთოდით აივ-ზე ტესტირებას სთავაზობს.
2020 წელს, თბილისში გაიხსნა „AHF საქართველოს“ ტესტირების ცენტრი, სადაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ტესტების საშუალებით, უფასოდ ხორციელდება აივ-ზე სწრაფი, მარტივი და ანონიმური ტესტირება როგორც მაღალი რისკის ჯგუფების, ასევე სხვა ნებისმიერი მოქალაქისთვის. ცენტრი უზრუნველყოფს შესაბამისი საინფორმაციო მასალის მომზადებას და გავრცელებას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ატარებს ვებინარებს აივ-ზე, პრევენციულ მეთოდებსა და სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე.
გასული წლების მსგავსად, „AHF საქართველოს“ ერთ-ერთ პრიპრიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს პენიტენციალურ დაწესებულებებში აივ/შიდსის პრევენცია და გამოვლენა. ფონდის პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია პენიტენციალური სისტემის თბილისის 10 დაწესებულებაში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ტესტების მეშვეობით, აივ-ზე სწრაფი, მარტივი ტესტირების ჩატარება, შესაბამისი საინფორმაციო მასალის (აივ/სგგი, რეპროდუქციული ჯანმრთელობა) და კონდომების დარიგება, რაც ხელს შეუწყობს აივ-ის დროულ გამოვლენას და მკურნალობას, ასევე პრევენციასა და ვირუსის შემდგომი გავრცელების შეჩერებას.
შიდსის ჯანდაცვის ფონდი (AHF) წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც აშშ-ში აივ/შიდსის მკურნალობის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელია. ფონდის სათაო ოფისი მდებარეობს აშშ-ში, კერძოდ, ლოს ანჯელესში. ორგანიზაციის წარმომადგენლობები განთავსებულია მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის, ევროპის და აზიის ქვეყნებში. ფონდის ბენეფიციარია 43 ქვეყნის 1 მლნ-ზე მეტი ადამიანი.
AHF ახორციელებს პროგრამებს აშშ-სა და მის საზღვრებს გარეთ. ფონდი ხელს უწყობს აივ/შიდსის ჯანდაცვის მომსახურების გაფართოებას მეტი სიცოცხლის გადასარჩენად.
წყარო: შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს წარმომადგენლობა