- თებერვალი 9, 2023
- ავტორი: Admin
- Category: სიახლეები
კონფერენციაზე „დამოკიდებულებათა პრევენცია მოქმედებაში“, ცენტრის წარმომადგენლებმა, სხვა მონაწილე მხარეებთან ერთად, იმ გამოცდილებასა და შედეგებზე ისაუბრეს, რაც პროექტის ორი ეტაპის, „კომპასი 1“-სა და „კომპასი 2“-ის განხორციელებას მოჰყვა.
„პროექტის მიზანია მოზარდებში ფსიქო-აქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენცია, მასწავლებელთა და მშობელთა შესაბამისი კომპეტენციის ამაღლება. პირველ ეტაპზე, პროგრამაში საქართველოს 10 სკოლა ჩაერთო – მოსწავლეები, მათი მშობლები და პედაგოგები ინტერაქციულ გაკვეთილებში მონაწილეობდნენ და სპეციალურად მომზადებულ დავალებებს ასრულებდნენ. დავატრენინგეთ სკოლის ფსიქოლოგები და პედაგოგები. პროექტი და მის ფარგლებში დაგეგმილი პრევენციული ხასიათის ღონისძიებები კვლავ გაგრძელდება, რადგან დამოკიდებულებისგან თავის დახსნის უკეთესი გზა, ვიდრე პრევენცია არ არსებობს, სწორედ მოზარდებში მსგავსი ხასიათის აქტივობებით შესაძლებელია იმის მიღწევა, რომ ამ თაობას აღარ მოუნდება მავნე ნივთიერების გასინჯვა” – აცხადებს პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი ეკა კავთიაშვილი.
“ჩვენს სკოლაში ჩატარდა პრევენციული პროგრამა „კომპასი“, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის მხარდაჭერითა და პოლონეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის ეროვნული გეგმის ფარგლებში განხორციელდა.მასწავლებლებისა და ფსიქოლოგების გადამზადების ტრენინგებს ჩვენი სკოლის ფსიქოლოგი – ანანო გოგინავა გაუძღვა. ამ პროექტში, სხვა მასწავლებლებთან ერთად ჩართულია ჩვენი სკოლის ისტორიის მასწავლებელი ნათია კახნიაშვილი, რომელმაც „კომპასის“ პროგრამის მეორე ნაწილი სკოლაში განახორციელა. მშობელთა და მოსწავლეთა მხრიდან ჩართულობა იყო მაღალი, განსაკუთრებით საინტერესო მშობელთა და შვილების კომუნიკაცია იყო, ეს აქტივობები მათ ეხმარებათ რომ მეტად გახსნილები იყვნენ დამოკიდებულების თემებზე სასაუბროდ, იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი გაგრძელდება და საგაკვეთილო ხასიათს მიიღებს” – აცხადებს სკოლა-ლიცეუმ “აია-ჯესის” წარმომადგენელი.