მანანა ბოკუჩავას წიგნის პრეზენტაცია

„ბედნიერება არ ცნობს სიბერეს. ვინც მართლა ბედნიერია, არასოდეს ბერდება“ – უთქვამს ფრანც კაფკას და მისივე სიტყვებით იწყებს პროფესორი მანანა ბოკუჩავა ახალ წიგნს გერონტოლოგიის და გერონტოფსიქიატრიის საკითხებზე.

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ფსიქიატრის, თსსუ-ს პროფესორის მანანა ბოკუჩავას ნაშრომი „გერონტოლოგიის და გერონტოფსიქიატრიის საკითხები“ წარმოადგენს პირველ ქართულენოვან სისტემურ სახელმძღვანელოს გერონტოფსიქიატრიაში, რომელიც საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების მიერ რეკომენდებულია როგორც სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტებისთვის, ასევე ფსიქიატრების, ნევროლოგების, ფსიქოლოგების,  სხვადასხვა სპეციალობის ექიმებისთვის და აგრეთვე ფართო მკითხველისთვის.

ხანდაზმულთა პრობლემებისადმი საზოგადოების ემპათია ამ საზოგადოების ცივილურობის, მისი სიმწიფისა და განვითარების უმნიშვნელოვანესი მაჩვენებლია, ეს წიგნიც ამ მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„წიგნი მოიცავს დაბერების პროცესის ფიზიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და ფსიქიატრიულ ასპექტებს, დემენციის ფსიქოპათოლოგიასა და იმ დაავადებებს, რომლებიც იწვევენ დემენციას. მოცემულია დემენციის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები და მისი პათოგენეზური მექანიზმების შესახებ თანამედროვე კვლევები. აგრეთვე, განხილულია გვიან ასაკში მანიფესტირებული ფსიქიკური აშლილობები: შიზოფრენია, დეპრესია და სხვა აფექტური აშლილობები“ – წერს წიგნის შესავალ ანოტაციაში  ა. ზურაბაშვილის სახელობის საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარე, მედიცინის დოქტორი, თსსუს-ს ასოცირებული პროფესორი ეკა ჭყონია.

რეცენზენტი კი, თსსუ-ს პროფესორი, კლინიკური ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარინა ჯანელიძე წიგნის შესახებ ამბობს: „ქალბატონ მანანა ბოკუჩავას წიგნის კითხვისას, ამჟამად მივიწყებული ის სურნელი იფრქვევა, რომელიც მოგვაგონებს, რომ ფსიქიატრია მხოლოდ კლინიკური ნეირომეცნიერება კი არ არის, არამედ ხელოვნებასთან, ფილოსოფიასთან, ლიტერატურასთან წილნაყარი დარგია… წიგნში საკმაოდ ფართოდ არის განხილული სხვადასხვა მეცნიერული შეხედულებები სიბერის და დაბერების პროცესის შესახებ, როგორც ისტორიულ ასპექტში, ისე თანამედროვე მონაცემები; არაორდინალურად არის წარმოდგენილი მხატვრული და პუბლიცისტური მაგალითები სიბერის შესახებ, ასევე  ცნობილი და დღეგრძელი (100 წელს გადაცილებული) ადამიანების ძალზე საინტერესო ისტორიები.“

წიგნის პრეზენტაცია პროფესორ ნინო ოკრიბელაშვილის ინიციატივით ზუმის პლატფორმაზე მის საავტორო გადაცემაში შედგა.

“დემოგრაფიული პირამიდა გვიჩვენებს, რომ სამყაროში სულ უფრო მეტი ხანდაზმული ადამიანია. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოსახლეობის დივიზიის (UNPD) პროგნოზით, საქართველოს 65 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობის წილი, რომელიც 2015 წელს 14 პროცენტი იყო, 2030 წლისათვის 19 პროცენტამდე გაიზრდება. სიცოცხლის გახანგრძლივება კი ავტომატურად არ გულისხმობს უფროსი თაობის ცხოვრების გაუმჯობესებაც. დიახ – 60 წლის ზევით იმატებს ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემების რისკები, იცვლება ენერგიულობის, მოტივაციის, აზროვნების პროცესები. რა არის სიბერე, არის თუ არა სიბერე ავადმყოფობა? ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხობს ქალბატონი მანანა ბოკუჩავა რომელმაც მიმდინარე წელს ჩვენი წიგნის თარო ახალი წიგნით გაამდიდრა” – ამბობს ფსიქიატრი, თსსუ-ს პრორექტორი ნინო ოკრიბელაშვილი

ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ

https://fb.watch/68hnUVDeuT/