- ოქტომბერი 7, 2020
- ავტორი: Admin
- Category: ბლოგი
სეზონურ აფექტურ აშლილობას (საა) – ორი ქვეტიპი აქვს. პირველი, რომელსაც „ზამთრის სევდასაც” ვუწოდებთ, ზამთარში ან შემოდგომის დადგომასთან ერთად იწყება და ხასიათდება ძილიანობით, მადის მომატებით და კარბოჰიდრატების მიმართ გაძლიერებული ლტოლვით, წონის მატებით, გაღიზიანებადობითა და კონფლიქტურობით, ასევე – კიდურებში სიმძიმის შეგრძნებით, რომელიც ადრეულ შემოდგომაზე იწყება და გაზაფხული-ზაფხულისთვის წყდება. მეორე ტიპის სეზონური აფექტური აშლილობა უფრო იშვიათია, გაზაფხულის დადგომისას იწყება და ადრეულ შემოდგომამდე გრძელდება. იგი ხასიათდება უძილობით, წონისა და მადის დაკარგვით, უძილობით. ვეცდები, გაგიმხილოთ რამდენიმე ხრიკი, როგორ დავაღწიოთ თავი ზამთრის სევდას და „გამოვიზოგოთ“ ზაფხულის სითბო და სინათლე მომავალ სეზონამდე.
სამყაროში, სადაც მზე ერთ დროს ცენტრალური ღვთაება იყო და დღემდე რჩება ადამიანის ქცევის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მამოძრავებელ ძალად, მხოლოდ ახლახანს მიექცა სათანადო ყურადღება გუნებ-განწყობაზე ბუნებრივი განათების ზემოქმედებას. მოსაზრება, რომ ბუნებრივი განათება გავლენას ახდენს ადამიანის ემოციურ სფეროზე, დროის თვალსაზრისით, ალბათ, უკავშირდება ადამიანის პირველ შემეცნებას ემოციათა შესახებ.
ისტორიულად, აფექტურ აშლილობათა სეზონურობა მოხსენიებული აქვს ჰიპოკრატეს. მაგრამ ერთ-ერთი პირველი დაკვირვება მზის შუქის სეზონურ კლებასა და ემოციური აშლილობას შორის არსებულ კორელაციაზე, კუკის სახელს უკავშირდება. რ. პეარის თანმხლებმა არქტიკულ ექსპედიციაში, მან პირველმა შენიშნა სინათლის მნიშვნელოვანი გავლენა მოგზაურებსა და ესკიმოსებზე და აღწერა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სქესობრივი ლტოლვის დაკარგვა, შფოთვა, დაღლილობა, ენერგიისა და გუნებ-განწყობის მკვეთრი დაქვეითება. კუკს სწამდა, რომ ბუნებრივი განათების ნაკლებობა, და არა ზამთრის სიცივე, იწვევს სინდრომს, რადგან ესკიმოსების იგლუები საკმაოდ კარგად თბებოდა და მკვლევარებსაც არასდროს ჰქონიათ სიცივის პრობლემა.
აღსანიშნავია, რომ მეცნიერთა დაინტერესება ზემოაღნიშნული პრობლემით მხოლოდ გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო. ერთგვარ კატალიზატორად იქცა პაციენტი – ჰ. კერნი, რომელიც ზედმიწევნით ზუსტად იწერდა შემოდგომა-ზამთრის დეპრესიული ეპიზოდების ხანგრძლივ ისტორიას. ფსიქიკური ჯანმრთობის ნაციონალურ ცენტრში (აშშ) მკვლევართა ყურადღება მიპყრო დეპრესიული ეპიზოდების თანხვედრამ ბუნებრივი განათების ცვლილების პერიოდებთან და გაჩნდა მოსაზრება, რომ კაშკაშა შუქის ზემოქმედება, რაც ერთგვარად ხელოვნურად გაზრდიდა დღის სინათლის საათების ხანგრძლივობას, სასარგებლო იქნებოდა პაციენტისათვის. და მართლაც, ექიმებმა სინათლის სხივის ექსპოზიციით პაციენტის აფექტური სფეროს მხრივ საოცარ გაუმჯობესებას მიაღწიეს. შემდეგ ზამთარში, 1984 წელს ნორმან როზენტალმა და მისი ჯგუფის წევრებმა პირველად გამოყვეს ზამთრის დეპრესიის სინდრომი სეზონური აფექტური აშლილობის (საა) სახელწოდებით, რომლის ინგლისური აბრევიატურა SAD – მოწყენილობას, უხალისობას ნიშნავს. ამ აშლილობის შეტანა დაავადებათა ამერიკულ კლასიფიკაციის მეოთხე გამოცემაში ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებში აღნიშნულია, რომ საა ხასიათდება რეკურენტული ანუ შექცევადი დეპრესიული ეპიზოდებით შემოდგომა – ზამთრის პერიოდში, რომელიც მიმდინარეობს სრული რემისიით ან ჰიპომანიაკალური/მანიაკალური ჩართვებით გაზაფხულსა და ზაფხულში.
ზამთრის “მოწყენილობის” დამახასიათებელი სიმპტომებია დისფორია და ანერგია თანმხლები გამღიზიანებლობით, შფოთვით, ლიბიდოს დაქვეითებით და, საბოლოოდ, სოციალური ურთიერთობებისადმი ამრიდებლობით. დეპრესიული, კლასიკური გაგებით, პაციენტებისაგან განსხვავებით, “მოწყენილი” პაციენტების უმრავლესობას დეპრესიის ატიპიური სიმპტომები აქვს: გაძლიერებული მადა, კარბოჰიდრატებისადმი გაზრდილი მოთხოვნილებით, წონისა და ძილის ხანგრძლივობის მომატება. სიმძიმის თვალსაზრისით, დეპრესია, როგორც წესი, მსუბუქიდან საშუალომდეა, მაგრამ იშვიათად ანამნეზში დეპრესიის გამო სტაციონირების ფაქტიც შესაძლოა იყოს დაფიქსირებული.
დეპრესიის კოგნიტიური სიმპტომებიდან გვხვდება ბრალეულობის განცდა, მეხსიერებისა და კონცენტრაციის ნეიროფსიქოლოგიური დეფიციტი. საინტერესოა, რომ სუიციდური აზრები და ქცევა ძალზე იშვიათია. ფაქტი, რომ პაციენტს გაცნობიერებული აქვს დაავადების სეზონური ხასიათი ანუ მან იცის – დაავადება რამდენიმე თვეში აუცილებლად ამოიწურება, მნიშვნელოვნად ამცირებს უიმედობის განცდას, რაც ასე ხშირია არასეზონური დეპრესიისას, როცა პიროვნებამ არც კი იცის, რამდენ ხანს გასტანს გუნებ-განწყობის დაქვეითება. ზოგ მათგანს გუნებ-განწყობის ცვლილებაზე მეტად გამოხატული აქვს ვეგეტატური სიმპტომები, მაგალითად, შფოთვის მწვავე ფორმა გამოხატული სხეულში სიმძიმის შეგრძნებით. შეიძლება ხანგრძლივად დარჩეს მძიმე განცდა ინტერპერსონალურ უარყოფაზე (განსაკუთრებით რომანტიკული უარყოფის შემთხვევაში).
ფიზიკური სიმპტომები ხშირად წინ უსწრებს ფსიქოლოგიურ ცვლილებებს, ამიტომ პაციენტები დახმარებისათვის უმეტესად ზოგადი პროფილის ექიმებს მიმართავენ. თუ ანამნეზში ხშირია “გაცივება”, ქრონიკული ძილიანობა, წონის მატება და აუხსნელი ტკივილები, აუცილებელია სკრინინგი ზამთრის “მოწყენილობის“ გამოსარიცხად. ინფორმატიულია თუ ვკითხავთ – როდის იღებს შვებულებას, სად ამჯობინებს დასვენებას. როგორც წესი, პაციენტთა შვებულება ზამთრის პერიოდს ემთხვევა და, თუ ეს შესაძლებელია, ისინი დასასვენებლად თბილ და მზიან კლიმატს ირჩევენ. დიფერენციალური დიაგნოზის გატარებისას ყურადღება უნდა მივაქციოთ ორგანულ ცვლილებებს, როგორიცაა ჰიპოთირეოიდიზმი, ასევე ძილის ფაზურობის დარღვევას, ყოველწლიურ გლოვის რეაქციას, სამსახურებრივ თუ ფსიქოსოციალურ სეზონურ სტრესორებს.
ზოგჯერ პაციენტი ემოციური სფეროს დაქვეითებას უჩივის თვით გაზაფხულზეც და შუა ზაფხულშიც, მოღრუბლულ ამინდში ან სუსტად განათებულ ადგილებში. ზაფხულის პერიოდში ხშირად აღინიშნება მსუბუქი ჰიპომანია – გუნებ-განწყობის აწევით, მომატებული ენერგიითა და ლიბიდოთი, სოციალური გააქტივებით, ძილის ხანგრძლივობის, მადისა და ზამთრის წონის დაქვეითებით.
ეპიდემიოლოგიური კვლევები მიუთითებს, რომ აღნიშნული აშლილობა უპირატესად ქალებში გვხვდება, განსაკუთრებით, ჩრდილოეთის ქვეყნებში და საშუალოდ 25 წლის ასაკისათვის იწყება. უმკურნალებელი დეპრესიული ეპიზოდები, როგორც წესი, გაზაფხულისათვის ამოიწურება. მკვლევარები მიუთითებენ, რომ ზამთრის პერიოდში ეკვადორთან მიახლოებულ განედებში დაავადებულთ პირთა გადაადგილება სიმპტომთა ინტენსივობის მნიშვნელოვან შესუსტებას იწვევს.
სავარაუდოა, რომ დაავადების ეთიოლოგიაში გარკვეულ როლს თამაშობს მემკვიდრული ფაქტორები, რამდენადაც პაციენტთა თითქმის ნახევარი ადასტურებს დიდი აფექტური აშლილობის არსებობას, სულ მცირე, პირველი რიგის ნათესავებში, ასევე შვილებში, რომლებიც ადვილად იღლებიან, ღიზიანდებიან, უჭირთ დილის საათებში საწოლიდან ადგომა, აქვთ სკოლაში პრობლემები.
ზამთრის “მოწყენილობის” დროს შეინიშნება ზოგიერთი ბიოლოგიური პარამეტრის ნორმიდან გადახრა. ცხოველების მსგავსად, ადამიანის ორგანიზმი სიბნელეს მელატონინის ჭარბი წარმოქმნით პასუხობს, რასაც ტრანკვილიზატორის მსგავსი ეფექტი აქვს. გათენებისას, კაშკაშა შუქი ჩვეულებრივ მელატონინის გამოყოფის შეჩერებას იწვევს, მაგრამ ზამთრის სუსტი განათება საკმარისი არ არის, რომ ორგანიზმმა სათანადო სიგნალი მიიღოს. ჰორმონული სარკე, ბიოქიმიური ცვლილებები, იმუნური პასუხი და ეეგ-ზე ვიზუალურად აღძრული პოტენციალები გარკვეულ წარმოდგენას ქმნის საა-ის პათოფიზიოლოგიაზე და იმ გზებზე, რითაც შესაძლოა აიხსნას სინათლის თერაპიის პოზიტიური და აბსოლუტურად უვნებელი ზეგავლენა. მაგალითად, როგორც აღვნიშნეთ, პაციენტებში ძილის ხანგრძლივობა იზრდება, ამავე დროს დელტა-ძილის პერიოდი მცირდება, მაგრამ სინათლის თერაპია ნაწილობრივ ითვალისწინებს ძილის არქიტექტონიკის მსგავსი დარღვევის კორექციის შესაძლებლობას. სინათლის სხივის მოქმედებით ასევე მარტივად კორეგირდება ადრენოკორტიკოტროპების გაუკუღმართებული პასუხი კორტიკოტროპინრილიზინგ ჰორმონზე. საყურადღებოა, რომ ბოლო წლებში ყურადღება მიექცა სხვა ფსიქიკური აშლილობების (მაგ.: არასეზონური დეპრესია, ბულიმია, პრემენსტრუალური სინდრომი) სეზონურობასა და მათი ხელოვნური განათებით მკურნალობის ჰიპოთეზას.
დღეისათვის კვლევებით დადასტურებულია, რომ 2500 ლუქსის კაშკაშა შუქით 2 საათიანი ყოველდღიური ექსპოზიცია 6-9 ან 18-21 საათებს შორის საკმარისია ანტიდეპრესიული ეფექტის მისაღწევად. ბეტა-ბლოკერის დილის დოზა, რომელიც აქვეითებს მელატონინის დილის სეკრეციას, ასევე ეფექტური აღმოჩნდა საა-ის მკურნალობაში, ხოლო სხვა მედიკამენტებიდან აღსანიშნავია ზოგიერთი ანტიდეპრესანტი
ზამთრის პერიოდის მსუბუქად გამოხატულ უგუნებობას თავი ასევე შეიძლება დააღწიოთ, თუ შემდეგ რჩევებს უგდებთ ყურს:
• ეცადეთ, დილით ან შუადღეს გამოძებნოთ სასეირნო დრო. აუცილებელი არ არის დაიქანცოთ, უმთავრესია დღის სინათლესთან შეახამოთ ფიზიკური დატვირთვის სარგებელი;
• შეეცადეთ მოინახულოთ დიდი ხნის უნახავი მეგობარი და, ჯერ კიდევ ზამთრის დადგომამდე, მასთან ერთად დაგეგმეთ იანვარ-თებერვლის ორიოდე უქმე დღე;
• შეამცირეთ მაღალკალორიული, ცხიმიანი საკვების მიღება. არჩევანი ცილოვან დიეტაზე შეაჩერეთ;
• ზაფხულის ნაცვლად, შვებულებით ისარგებლეთ ზამთარში. თუ შეგიძლიათ, თავისუფალი დრო შედარებით თბილ კლიმატურ პირობებში გაატარეთ;
• დაათვალიერეთ ადგილობრივი ღირშესანიშნაობანი. მაგალითად, წლების შემდეგ კვლავ ეწვიეთ სახელმწიფო მუზეუმს, სამხატვრო გალერეას. ამ წამოწყებაში აიყოლიეთ მეგობარი ან ოჯახის წევრი და ერთფეროვანი დღეები ახალი აღმოჩენებით შეივსება;
• ზამთარი განსაკუთრებული დროა ახალი საქმიანობის დასაწყებად. ეგებ თქვენც იპოვოთ ახალი გატაცება. სცადეთ თავი მხატვრობაში, სპორტში, ცეკვასა ან პოეზიაში, რაც ჩვეულ საქმიანობასთან მიბრუნებას გაგიადვილებთ