სოციალური მუშაობის სერტიფიცირების პროგრამა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შუამდგომლობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ,,ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა  ,,სოციალური მუშაობის  სერტიფიცირების პროგრამა“.

პროგრამის მიზანია სპეციალური აკადემიური განათლების არ მქონე სოციალურ მუშაკებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება, მიღებული პრაქტიკული ცოდნის გამყარება, აღიარება და მათი აკადემიური სერტიფიცირება.

“ჩვენი ცენტრი  მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას ემსახურება, თუმცა ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ სოციალური მუშაკების გადამზადებაზეც გვეზრუნა, სოციალური მუშაობის  სერტიფიცირების პროცესში ჩართულნი იყვნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის  სოციალური მუშაკები, რომლებიც დასაქმებულნი არიან, როგორც თბილისის კლინიკებში, ასევე, რეგიონების მასშტაბით.  მოცემული სერტიფიცირების პროგრამის ფარგლებში  გათვალისწინებული იყო  სოციალური მუშაობის კანონით განსაზღვრული ოთხი დარგობრივი სპეციალიზაცია. ესენია: სოციალური მუშაობა ბავშვსა და ოჯახზე ზრუნვის და მეურვეობის/მხარდაჭერის სფეროში; სოციალური მუშაობა კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებთან; სოციალური მუშაობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში; სოციალური მუშაობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში.კვალიფიკაციის ამაღლების კურსი 4 თვის მანძილზე მიმდინარეობდა და პროგრამის მოცულობამ შეადგინა 45 კრედიტ საათი“ – აღნიშნავს „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის მენეჯერი თეონა ხოსიტაშვილი

სერტიფიცირება წარმატებით გაირა ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის  ცენტრის 35-მა სოციალურმა მუშაკმა.  ცენტრის ჩანაცვლებითი თერაპიის პირველი განყოფილების სოციალური მუშაკი ნინო ბუკია პროგრამის შესახებ ამბობს:

„ჩემთვის, როგორც სოციალური მუშაკისთვის, ეს პროფესია იმდენად ორგანულია, რომ შინაგანად მაქვს მზაობა და ვარ ორიენტირებული დავეხმარო და სწორი მიმართულება მივცე ადამიანებს, ამას უკვე რამდენიმე წელია ვაკეთებ, ამ ტრენინგმა კი გაცილებით მეტი მომცა, მე უკეთ გავაცნობიერე სოციალური მუშაკის პროფესიის მნიშვნელობა, მოვალეობები და ვალდებულებები, რომ ვარ მედიატორი პაციენტსა და ექიმს შორის, მეტიც, პაციენტსა და მისი ოჯახის წევრებს შორისაც და ეს დიდი პასუხისმგებლობაა, ამიტომაც მხოლოდ კვალიფიციურ სოციალურ მუშაკს უნდა შეეძლოს ამ პასუხისმგებლობის აღება და ადამიანის ბედზე ზრუნვა. ეს კურსი, სწორედ ამ პასუხისმგებლობის, უნარების და კავლიფიკაციის ამაღლებას ემსახურებოდა, რისთვისაც მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს და ჩვენს ცენტრს, რომელმაც ცოდნის ამაღლების საშუალება მოგვცა.“